-

26 და 27 თებერვალს სომხეთსა და აზერბაიჯანში ყარაბაღის კონფლიქტისას მომხდარი ორი ტრაგედიის მსხვერპლთა დღეს აღნიშნავენ: სომხების დარბევას ქალაქ სუმგაიტში და სოფელ ხოჯალიში მშვიდობიანი აზერბაიჯანელების მასობრივ მკვლელობას. ორივე ტრაგედია ოთხწლიანი სხვაობით თითქმის ერთ დღეს მოხდა. ორივე მხარისთვის ეს ტრაგიკული მოვლენები მოწინააღმდეგის სისასტიკისა და სიძულვილის სიმბოლოდ იქცა - სუმგაიტი სომხებისთვის, ხოჯალი აზერბაიჯანელებისთვის. 

დროთა განმავლობაში ამ ორი მოვლენის ირგვლივ კონსპირაციული თეორიების ფართო ქსელი წარმოიშვა. ამ კონსპირაციული თეორიების ერთობლიობა ქმნის სიურრეალისტურ სურათს, რომელშიც სომხები ძალადობენ და კლავენ მშვიდობიან სომხებს, ხოლო საპასუხოდ, აზერბაიჯანელები ხვრეტენ აზერბაიჯანელ ქალებს და ბავშვებს. 

საინტერესოა, რა დაედო საფუძვლად ამ კონსპირაციულ თეორიებს და რა როლი შეასრულეს ორივე ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა და დიპლომატებმა ამ თეორიების გავრცელებაში. 

 

რაზე კამათობენ ლიდერები

 

"1990-იან წლებში, აზერბაიჯანის ყოფილმა პრეზიდენტმა ერთ-ერთ რუსულ გაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ ხოჯალის პროვოკაცია აზერბაიჯანულმა ოპოზიციამ მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით დააორგანიზა",- განაცხადა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ილჰამ ალიევთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართული დისკუსიის დროს. 

ფაშინიანს უნდოდა ეთქვა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის განმავლობაში ყველაზე სისხლიანი შურისძიება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ [1992 წელს სოფელ ხოჯალიში მშვიდობიანი ასობით აზერბაიჯანელის მკვლელობა] არა სომხებმა, არამედ თავად აზერბაიჯანელებმა ჩაიდინეს. ხოჯალიში დატრიალებული ტრაგედიის ამგვარ ვერსიას 1990-იანი წლებიდან მოყოლებული აქტიურად ავრცელებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუმცა ყველაზე მეტად ამ კუთხით სომხეთის პრეზიდენტის აპარატი აქტიურობს. 

მიუნხენის კონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე, მსგავსი პათოსით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ 1988 წლის თებერვალში, ქალაქ სუმგაიტში სომეხი მოსახლეობის დარბევა და მასობრივი ძალადობა არა აზერბაიაჯენელების, არამედ სომეხი შეთქმულების მიერ იყო დაორგანიზებული. სუმგაიტში განვითარებული მოვლენების სწორედ ამ ვერსიას ავრცელებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატი და იმეორებს ქვეყნის საგარეო უწყებაც.

გარე დამკვირვებლებისთვის ეს თეორიები არალოგიკურ და უაზრო ბოდვად აღიქმება, თუმცა აზერბაიჯანში და სომხეთში ამ კონსპირაციულ თეორიებს უამრავი მიმდევარი ჰყავს. 

 

სუმგაიტი - ხალხთა მეგობრობის დასასრული

 

ქალაქ სუმგაიტის მშენებლობა აზერბაიჯანში 1940-იან წლებში დაიწყო. საბჭოთა ხელმძღვანელობის ჩანაფიქრით სუმგაიტი სამაგალითო ინტერნაციონალური ქალაქი უნდა ყოფილიყო, თუმცა 1980-იანი წლებისთვის ქალაქი სახიფათო ინდუსტრიულ ცენტრად ჩამოყალიბდა. 

1980-იანი წლებისთვის ქალაქის მოსახლეობის საშუალო ასაკი 25 წელს შეადგენდა, ყოველი მეხუთე სუმგაიტელი კი წარსულში ნასამართლევი იყო. სუმგაიტში მდებარე ქიმიური საწარმო, რომლის ირგვლივაც აშენდა ქალაქი საბჭოთა სტანდარტებითაც კი ძალიან დაბინძურებული იყო. ამ ფონზე ბავშვთა სიკვდილიანობა იმდენად გავრცელდა, რომ ქალაქში ცალკე ბავშვთა სასაფლაოც გაჩნდა. ქალაქში დამატებითი დაძაბულობის წინაპირობა გახდა რესპუბლიკის ხელმძღვანელების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სუმგაიტში სომხეთიდან წამოსული აზერბაიჯანელი დევნილები ჩაასახლეს. 

ვითარება 1988 წლის 20 თებერვალს აფეთქდა - ამ დღეს მთიანი ყარაბაღის სახალხო დეპუტატების საბჭომ პარტიის ცენტრალურ კომიტეტს მიმართა მოთხოვნით, აზერბაიჯანის შემადგენლობიდან გამოსვლისა და სომხეთთან მიერთების შესახებ. ყარაბაღში შეტაკებები დაიწყო. 27 თებერვალს სსრკ-ს სამხედრო პროკურორმა ცენტრალური ტელევიზიით შეტაკებებში დაღუპულების გვარები გამოაცხადა - გვარები ძირითადად აზერბაიჯანული იყო. 

იმავე დღეს აზერბაიჯანში პოგრომები დაიწყო. აზერბაიჯანელების ჯგუფები რამდენიმე დღის განმავლობაში ძალადობდნენ, ყაჩაღობდნენ და კლავდნენ ეთნიკურ სომხებს. ოფიციალური მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაიღუპა 32 მოქალაქე, მათ შორის 26 სომეხი და 6 აზერბაიჯანელი, დაიჭრა და დაშავდა ასობით ადამიანი. სავარაუდოა, რომ ეს არ არის ზუსტი მონაცემები და გარდაცვლილთა რიცხვი ბევრად მაღალია. სუმგაიტის სომხური მოსახლეობის დაახლოებით 18 000 ადამიანი დევნილად იქცა. 

სუმგაიტში განვითარებულმა მოვლენებმა შეძრა საბჭოთა კავშირი - ეს იყო სისხლიანი დაპირისპირება ეროვნულ ნიადაგზე, რაც "გამარჯვებული ინტერნაციონალიზმის" ქვეყანაში სრულიად წარმოუდგენელი იყო. უმოქმედო და არაეფექტური იყო სუმგაიტის მილიცია - სომხებს გადარჩენაში მხოლოდ თავიანთი მეზობელი და ახლობელი ეთნიკური აზერბაიჯანელები ეხმარებოდნენ. საბჭოთა ჯარი ქალაქში მხოლოდ 29 თებერვალს, სამი დღის დაგვიანებით შევიდა. 

კომპარტიის ცენტრალური კავშირის სპეციალური წარმომადგენელი, გრიგორი ხარჩენკო მოგვიანებით იხსენებდა, როგორ ჩავიდა სუმგაიტში და როგორ აღმოაჩინა ქალაქის ქუჩებში დაჩეხილი და დამწვარი ცხედრები. 

თავდაპირველად სუმგაიტში მიმდინარე მოვლენებს საბჭოთა ტელევიზია თითქმის არ აშუქებდა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცოდა ან ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა ქალაქში. ბაქოში გამართულ მიტინგებზე სუმგაიტიდან მიღებულ ახალ ამბებს თან ახლდა სკანდირება - "დიდება სუმგაიტის გმირებს".

 

ხოჯალი - მასობრივი მკვლელობა მთებში

 

ხოჯალიში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა სუმგაიტის მოვლენებიდან ზუსტად 4 წლის შემდეგ მოხდა. 1992 წლისთვის ყარაბაღის კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. ხოჯალიში განვითარებულმა ტრაგედიამ ყარაბაღის სისხლიანი ომის ფონზეც კი ფართო საზოგადოებრივი შოკი გამოიწვია - ეს იყო ყველაზე სისხლიანი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე მთელი ომის განმავლობაში, რომელსაც ქალები და ბავშვებიც შეეწირნენ. 

ხოჯალის შტურმი ომის აქტიურ ეტაპს დაემთხვა. ამ დასახლებულ პუნქტს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა - ხოჯალის მახლობლად მდებარეობდა ერთადერთი აეროდრომი მთიან ყარაბაღში და სწორედ ხოჯალით მთავრდებოდა აზერბაიჯანული დასახლებების რკალი რეგიონში. სწორედ ხოჯალიდან იბომბებოდა ყარაბაღის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი და სომხების დედაქალაქი სტეფანაკერტი. 

სომხური ძალები ხოჯალის შტურმისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე არავინ იზრუნა. საბოლოოდ, შტურმის დაწყების მომენტში, ხოჯალიში რამდენიმე ათასი მშვიდობიანი მოსახლე იმყოფებოდა. უფლადამცველი ცენტრის, მემორიალის ინფორმაციით, შტურმის დაწყების მომენტში ხოჯალიში 2-დან 4 000-მდე მშვიდობიანი მოსახლე იმყოფებოდა. 

ხოჯალის შტურმი 1992 წლის 25 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ, რაც სომხურმა ძალებმა ქალაქი აიღეს მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი ტყვედ ჩავარდა, ხოლო მოსახლეობის კიდევ ერთი ნაწილი - რამდენიმე ასეული ადამიანი ქალაქში დისლოცირებულ რამდენიმე სპეცრაზმელთან ერთად - თავის გადასარჩენად აზერბაიჯანული ქალაქის, აგდამისკენ წავიდა. 

სომხური მხარის ინფორმაციით, მშვიდობიანი მოსახლეობის გასასვლელად უზრუნველყოფილი იყო მშვიდობიანი კორიდორი აგდამისკენ, თუმცა მემორიალის გამოაძიებამ დაადგინა, რომ ჰუმანიტარული კორიდორის შესახებ ხოჯალის მოსახლეობამ არაფერი იცოდა. 

უკვე დილისთვის, მშვიდობიანი აზერბაიჯანელების კოლონამ თავი არა აგდამში, არამედ სომხურ სამხედრო პოსტებთან ამოყო. სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანელების კოლონას ღამით გზა აერია. Human Rights Watch-ის და მემორიალის გამოძიებით დადგინდა, რომ სომხურ პოსტთან მოხვედრილი მშვიდობიანი აზერბაიჯანელები ორმხირივი სროლი შედეგად ადგილზევე დაიღუპნენ. 

სულ, 28 თებერვლის დილას 100-ზე მეტი აზერბაიჯანელი მოკლეს. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს შემზარავი სურათი დახვდათ - ქალების, ბავშვების და მოხუცების დამახინჯებული ცხედრები მიწაზე ეყარა, დაღუპულებს შორის იყო რამდენიმე აზერბაიჯანელი მებრძოლიც, თუმცა გარდაცვლილების უდიდესი ნაწილი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. 

მალევე აზერბაიჯანის საპარლამენტო გამოძიებამ დაადგინა, რომ ხოჯალიში სულ 485 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, ეს რიცხვი მოიცავს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევიან ან გაქცევის მცდელობისას გაიყინნენ. დღეს აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ხოჯალიში დატრიალებულ ტრაგედიას სულ 613 ადამიანი ემსხვერპლა. 

ხოჯალის ტრაგედიამ მთელი აზერბაიჯანის მოსახლეობა შეძრა. ოპერატორ ჩინგიზ მუსტაფაევის მიერ ადგილზე გადაღებული კადრები ქვეყნის პარლამენტში აჩვენეს. აზერბაიჯანულმა ოპოზიციამ პრეზიდენტი აიაზ მუტალიბოვი ტრაგედიის მიჩქმალვის მცდელობასა და მოსახლეობის დაცვის უუნარობაში დაადანაშაულა. ოპოზიციამ მუტალიბოვის გადადგომა მოითხოვა, რაც ამ უკანასკნელმა რამდენიმე დღეში შეასრულა. 

საინტერესოა, რომ იმ დროისთვის ახლადწარმოქმნილმა და თვითაღიარებულმა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ ხოჯალიში მომხდარი ტრაგედიის გამო აზერბაიჯანულ მხარეს ოფიციალურადაც მიუსამძიმრა:

"მთიანი ყარაბაღის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი გამოთქვამს მწუხარებას, რომ აეროპორტის შტურმისას, რომლის ახლოსაც მდებარეობს ხოჯალი, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს."

იმას, რომ თავდაპირველად სომხური მხარე არ უარყოფდა მშვიდობიანი აზერბაიჯენელების დაღუპვას, ადასტურებს მემორიალის მიერ ადგილზე ჩატარებული გამოძიებაც - "მთიანი ყარაბაღის უმაღლესი თანამდებობის პირები ჩვენთან საუბარში არ უარყოფდნენ, რომ ხოჯალის შტურმისას შესაძლოა ადგილი ჰქონოდა არაადამიანურ სისასტიკეს, რადგან შტურმში მონაწილე სომხური შენაერთებში იყვნენ გაბოროტებული მებრძოლები, რომელთა ნათესავები და ახლობლებიც აზერბაიჯანელებმა მოკლეს. ისინი ამბობდნენ, რომ სომხურ შენაერთებში იყვნენ მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე პირებიც",- ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის დასკვნაში. 

ხოჯალიში განვითარებულ მოვლენებს ცალკეული სომხური შენაერთების შურისძიების აქტი უწოდა ყარაბაღის ომის საკვანძო მეთაურის, მონტე მელქონიანის ძმამ და ბიოგრაფმა, მარქარ მელქონიანმა. დაახლოებით იმავენაირად იხსენებდა ხოჯალის მოვლენების თვითაღიარებული ყარაბაღის იმდროინდელი ლიდერი და სომხეთის მომავალი პრეზინდეტი, სერჟ სარგსიანი. 

"ხოჯალის მოვლენებამდე აზერბაიჯანელები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ვხუმრობდით, ისინი ფიქრობდნენ, რომ სომხები ვერ აღმართავდნენ ხელს მშვიდობიან მოსახლეობაზე. საჭირო იყო ამ ყველაფრის გარდატეხა და საბოლოოდ ესეც გამოვიდა. ასევე, გასათვალისწინებელია, ისიც, რომ სომხურ შენაერთებში იყვნენ მებრძოლები, რომლებიც თავის დროზე სუმგაიტიდან და ბაქოდან გაიქცნენ, თუმცა მიმაჩნია, რომ ბევრი რამ ხოჯალის ირგვლივ ძალიან გაზვიადებულია",- ამბობს სარგსიანი ბრიტანელი ჟურნალისტისთვის, ტომ დე ვაალისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

მოვლენების კიდევ ერთი უშუალო მონაწილე და სომხეთის მეორე პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი თავის მემუარებში ხოჯალში მომხდარ მოვლენებს უდიდეს ტრაგედიას უწოდებს და ამტკიცებს, რომ ეს ტრაგედია სპეციფიკური გარემოებების დამთხვევამ განაპირობა.

КГБ და ფსიქოდელიური აბები 

 

სუმგაიტში განვითარებული მოვლენების მითოლოგიზაცია და კონსპირაციული თეორიების გავრცელება მალევე, 1989 წლიდან დაიწყო. ამ წელს გამოსულ გამოსულ სტატიაში სახელწოდებით "რატომ სუმგაიტი" აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ზია ბუნიატოვმა მომხდარში თავად სომხები დაადანაშაულა. 

"სუმგაიტის ტრაგედია სომეხმა ნაციონალისტებმა წინასწარ, დეტალურად დაგეგმეს - წერდა სტატიაში ბუნიათოვი - ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, სუმგაიტში მალულად ჩავიდნენ სომეხი ტელე და ფოტო რეპორტიორები და ელოდნენ პროვოკაციის დაწყებას. პირველად დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა ვინმე გრიგორიანმა, რომელიც თავს აზერბაიჯანელად ასაღებდა, გრიგორიანმა პირადად მოკლა 5 სუმგაიტელი სომეხი."

სინამდვილეში, "ვინმე გრიგორიანი" ჩვეულებრივი დამნაშავე და სტაჟიანი რეციდივისტი, იყო რომელიც პოგრომის მსხვერპლმა სომხებმა მარტივად ამოიცნეს. გრიგორიანი ნამდვილად მონაწილეობდა პოგრომში, მაგრამ არ ყოფილა მისი მეთაური. პოგრომის მონაწილე ათობით დაპატიმრებული მოძალადიდან, მხოლოდ ერთი იყო ეთნიკურად რუსი, ხოლო დანარჩენები აზერბაიჯანელები.  

სუმგაიტის პოგრომის ბუნიათოვისეული ვერსია თავიდან მარგინალურად მიიჩნეოდა, თუმცა დროთა განმავლობაში სულ უფრო პოპულარული გახდა. აზერბაიჯანში პერიოდულად გამოდიოდა წიგნები, სტატიები და ინტერვიუები, რომლებიც "ამყარებდნენ" და აფართოებდნენ ბუნიათოვის ვერსიას. 

1990-იანი წლების დასაწყისში აზერბაიჯანელმა რეჟისორმა დავუდ იმანოვმა გადაიღო კინო-ტრილოგია სახელწოდებით "სუმგაიტის ეხო". ტრილოგიაში რეჟისორმა სუმგაიტი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს [CIA] მიერ საერთაშორისო შეთქმულების ეპიცენტრად აქცია, რომლის მთავარი მიზანიც საბჭოთა კავშირის დაშლა იყო.

2010-იან წლებში იმანოვის და ბუნიათოვის საქმე იურისტმა, ასლან ისმაილოვმა გააგრძელა. აზერბაიჯანელმა იურისტმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით "სუმგაიტი - საბჭოთა კავშირის დაშლის დასაწყისი". ისმაილოვმა თავის წიგნში არამხოლოდ გაიმეორა კონსპირაციული თეორიები КГБ-სა და სომეხი ნაციონალისტების შესახებ, არამედ რამდენიმე მხატვრული დეტალიც დაამატა. 

ისმაილოვი თავის წიგნში ამტკიცებდა, რომ გრიგორიანი არამხოლოდ ძალადობდა, არამედ მან ხალხს დაურიგა ფსიქოდელიური აბები, რომლის მიღების შემდეგაც ადამიანები თავის თავზე კონტროლს კარგავდნენ. მტკიცებულებების არარსებობა ისმაილოვმა მოვლენებში მონაწილე პირების ჩვენებების გაუჩინარებით ახსნა. 

2011 წელს ბაქოში, სახელმწიფო მართვის საპრეზიდენტო აკადემიაში გაიმართა ვებგვერდის, www.sumqait.com პრეზენტაცია. საიტის პრეზენტაციას ეწრებოდნენ აზერბაიჯანის პოლიტიკური ლიდერები, ჩინოვნიკები, მეცნიერები. ოფიციალური ინფორმაციით, საიტის შექმნის მთავარ მიზანი იყო მიეტანა საერთაშორისო საზოგადოებამდე სიმართლე სუმგაიტში განვითარებული მოვლენების შესახებ. სინამდვილეში კი საიტი ისმაილოვის, იმანოვის და ბუნიათოვის მიერ შეთხზულ კონსპირაციულ თეორიებს იმეორებდა. 

2014 წელს ილჰამ ალიევის კურთხევით ამ კონსპირაციულმა თეორიებმა ახალი დეტალები შეიძინა. ცნობილმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, იბრაჰიმ მამედოვმა დაწერა წიგნი სახელწოდებით "სუმგაიტის პროვოკაცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ".

წინასიტყვაობაში მითითებული იყო, რომ წიგნი გამოიცა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივით, ხოლო სამეცნიერო რედაქტორი კი რამიზ მეხტიევი იყო, რომელიც 2019 წლამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. 

წიგნში მოყვანილი იყო პრეზიდენტ ალიევის ციტატაც:

"1988 წლის თებერვალში სუმგაიტში განვითარებული მოვლენები სინამდვილეში წარმოადგენს პროვოკაციას აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, სუმგაიტის მოვლენების შესახებ სისხლის სამართლის გამოძიება განახლებულია."

ეს მოვლენები ლოგიკურად დაგვირგვინდა 2018 წელს, როდესაც ეს ვერსიები აზერბაიჯანის ოფიციალურმა მხარემ გააჟღერა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰიკმეტ გაჯიევმა პრესკონფერენციაზე პოგრომების ორგანიზებაში სომხეთისა და საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. 

"სომხეთის ტერორისტულმა ორგანიზაციებმა ჩაიდინეს ტერორისტული აქტები აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ",- თქვა გაჯიევმა. მალევე სომხეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა გრიგორიანი მოძალადეების დიდი ჯგუფის ხელმძღვანელად გამოაცხადეს. 

გამოქვეყნდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის ერთობლივი პრეს-რელიზი, რომელიც ციტირებდა პრეზიდენტ ალიევის ინიციატივით გამოცემულ წიგნს და იმეორებდა სხვა კონსპირაციულ თეორიებს. მოგვიანებით ეს პრეს-რელიზი საგარეო უწყების ვებგვერდიდან წაიშალა. 

აქედან რამდენიმე თვეში ჰიკმეტ გაჯიევმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო კავშირების დეპარტამენტი ჩაიბარა. 2019 წელს სუმგაიტის შესახებ ისაუბრა თავად პრეზიდენტმა ალიევმაც.

"მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სუმგაიტის მოვლენები სომეხმა ნაციონალისტებმა და სომხურმა შენაერთებმა მოაწყვეს",- თქვა ალიევმა, ქალაქ სუმგაიტის 70 წლის იუბილეზე. 

 

"ქვათა სიზმარი"

 

სუმგაიტის პოგრომის აზერბაიჯანის აწ უკვე ოფიციალურ ვერსიას არსებითი გამოწვევა შეუქმნა აზერბიაჯანელი მწერლის, აკრამ აილასლის რომანმა "ქვათა სიზმარი", რომელიც 2012 წელს ჟურნალ ხალხთა მეგობრობაში გამოქვეყნდა. 

რომანში გაანალიზებული იყო 1988 წლის სუმგაიტის პოგრომები და 1990 წელს ბაქოში განვითარებული მოვლენები. ავტორი განიხილავდა სომხური ისტორიულ-კულტურული ძეგლების მიზანმიმართულ განადგურებასაც ნახიჩევანში. რომანში, ასევე, გაშარჟებულია "ახალგამომცხვარი ისტორიკოსების" ფსევდოპოპულისტური სტატიები და კონსპირაციული თეორიები.

რომანის გამოსვლის შემდეგ აზერბაიჯანში აკრამ აილასლის დევნა დაიწყო, მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, ახალგაზრდული ჯგუფები საპროტესტო აქციებს აწყობდნენ აილასლის სახლთან. ნაციონალისტურად განწყობილი პოლიტიკოსები და აქტივისტები აილასლის ქვეყნიდან გაძევებას მოითხოვდნენ, აილასლის წიგნები დაწვეს მწერლის მშობლიურ ქალაქ განჯაში. 

აილასლი ინტერვიუებში ამბობს, რომ მისგან შექმნეს ხალხის მტერი სტალინური რეპრესიების სტილში. 82 წლის მწერალს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, თუმცა მას დღემდე არ აძლევენ უფლებას სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავიდეს.

"ყველა საზიზღრობა ჩემს წინააღმდეგ ხალხის სახელით, პატრიოტიზმის ტალღაზე ხდება",- ამბობს მწერალი. 

აზერბაიჯანელი ისტორიკოსი, აფიკ იუნუსი მრავალი წელია სწავლობს სუმგაიტში განვითარებულ მოვლენებს. იუნუსი ამბობს, რომ თავდაპირველად მასაც სჯეროდა, რომ პოგრომების უკან КГБ იდგა.

"1988 წელი იყო, საბჭოთა კავშირში არ არსებობდა ინტერნეტი და ყველას ეგონა, რომ თუ რამე ხდებოდა ყველაფრის უკან აუცილებლად ხელისუფლება იდგა",- ამბობს ისტორიკოსი. 

1992 წელს იუნუსი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნეს. იუნუსი იხსენებს, რომ დანიშვნის შემდეგ მან სრული წვდომა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს და КГБ-ს საარქივო დოკუმენტებზე, თუმცა ვერ მიაგნო ვერანაირ ინფორმაციას პოგრომების ორგანიზატორებზე, რადგან ამ პროცესებს ორგანიზატორები არ ჰყოლია. 

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ აკიფ იუნისი უფლებადაცვით საქმიანობაში ჩაერთო. 2014 წელს იუნუსი მეუღლესთან ერთად დააკავეს ბრალდებებით, რომელიც ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს. 2-წლიანი პატიმრობისა და შინა პატიმრობის შემდეგ იუნუსმა და მისმა მეუღლემ აზერბაიჯანი დატოვეს. 

 

ხოჯალი - ტურის ყმუილიდან პრემიერის გამოსვლამდე

 

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ხოჯალიში დატრიალებულ ტრაგედიაზე გავრცელებული ყველაზე პოპულარული კონსპირაციული თეორიის ფუძემდებელი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტი, აიაზ მუტალიბოვია. მუტალიბოვმა ძალაუფლება სწორედ ხოჯალის ტრაგედიის გამო დაკარგა. 

გადადგომიდან 1 თვის შემდეგ, 1992 წლის აპრილში, მუტალობივომა ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ რუსულ გაზეთს, რომელშიც ხოჯალის ტრაგედიის მოწყობაში ოპოზიციური პარტია სახალხო ფრონტი დაადანაშაულა.

"როგორც ხოჯალიში გადარჩენილი აზერბაიჯანელები ამბობენ, ეს ყველაფერი მოწყობილი იყო ერთადერთი მიზნით - შეექმნათ საბაბი ჩემი გადადგომისთვის. გარკვეული ძალა მოქმედებდა პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზნით",- ამბობდა ინტერვიუში მუტალიბოვი. 

რუსული გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუ მუტალიბოვის ძალაუფლებაში დაბრუნების ფართო სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი იყო. ამ დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოვალეობას სუსტი ლიდერი ახორციელებდა, ხოლო ყარაბაღში საომარი ვითარება ისევ სავალალო იყო. 1992 წლის 14 მაისს აიაზ მუტალიბოვი კიდევ ერთხელ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად, თუმცა მუტალიბოვის პრეზიდენტობა მხოლოდ 1 დღე გაგრძელდა. 

მუტალიბოვის თეორიის მიმართ თავდაპირველად სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები სომხეთის პრეზიდენტები რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარგსიანი, რომლებიც მუტალიბოვისგან განსხვავებით პირადად მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში. ამის მიუხედავად, მუტალიბოვის მიერ წამოწყებული კონსპირაციული თეორია ერევანში სულ უფრო პოპულარული გახდა. მოგვიანებით მუტალიბოვმა უკან წაიღო თავის სიტყვები, მაგრამ ეს ვერსია უკვე ფართოდ იყო გავრცელებული. 

"თავის გასამართლებლად მუტალიბოვმა ააგო მთელი თეორია, რომ ყველაფერში დამნაშავე სახალხო ფრონტია, ეს თეორია სიხარულით აიტაცეს სომხეთში",- ამბობს სომეხი ჟურნალისტი მარკ გრიგორიანი. 

მუტალიბოვის თეორიის ერთ-ერთი პირველი გამავრცელებელი ყარაბაღის ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატი, ლევონ-მელიკ შახნაზარიანი გახდა. 1998 წელს გამოსულ სტატიაში სახელწოდებით "პოლიტიკა, როგორც მოკვდინების საშუალება" შახნაზარიანი წერდა, რომ ხოჯალის ჟლეტვა აზერბაიჯანულმა ოპოზიციამ მუტალიბოვის ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით მოაწყო. 

ბაქოში და ერევანში კონსპირაციული თეორიების ავტორებს და გამავრცელებლებს რთული ამოცანა ჰქონდათ შესასრულებელი - მათ დამაჯერებლად უნდა აეხსნათ როგორ მოკლა მათმა მოწინააღმდეგემ სასტიკად ათობით თავისივე მოქალაქე. 

სომეხმა ლევონ-მელიკ შახნაზარიანმა თავიდან პოპულარულ ფსიქოლოგიას მიმართა და ამბობდა, რომ თითქოს აზერბაიჯანის ეროვნული მენტალიტეტი დასახული მიზნის მისაღწევად თავისი მოქალაქეების მოკვლას ამართლებს. აქედან გამომდინარე, შახნაზარიანი რასობრივი უპირატესობის თეორიამდე მივიდა, რაც აზერბაიჯანული მხარის სრული დეჰუმანიზაციით დასრულდა. 

შახნაზარიანი ამტკიცებდა, რომ სომხები აზერბაიჯანელებთან შედარებით რასობრივად და სულიერად განუზომლად უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი ხალხია, ხოლო აზერბაიჯანელების მიერ ხოჯალის მსხვერპლთა გლოვას "ტურის ყმუილი" უწოდა. 

2002 წელს მელიკ შახნაზარიანმა ისტორიკოს აიკ დემოიანთან თანაავტორობით გამოსცა წიგნი "ხოჯალის საქმე - განსაკუთრებული საქაღალდე". მოგვიანებით აიკ დემოიანი სომეხთა გენოციდის მუზეუმის დირექტორი გახდა. დემოიანი და შახნაზარიანი წიგნში მშრალი, საკანცელარიო ენით იმავე კონსპირაციულ თეორიებს იმეორებდნენ. 

2000-იანი წლების დასაწყისში სომხეთში ჯერ კიდევ ფართოდ იყო გავრცელებული ხოჯალის მოვლენების ის ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც ეს ტრაგედია დაზარალებულ სომეხთა სამხედრო შენაერთების შურისძიებას წარმოადგენდა.

2002 წელს, სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო ბროშურაში, პუბლიცისტი გევორქ იაზეჯიანი წერდა: " ხოჯალის გათავისუფლება ეროვნული, ყოვლადწმინდა შურისძიების საუკეთესო მაგალითია. სუმგაიტში, კიროვაბადსა და ბაქოში დაყენებული სისხლის გუბეებიდან სომხური სისხლით გამძღარი მტერი ხოჯალიში შეუბრალებლად და დაუნდობლად, ვიტყოდი - წმინდა სომხურად განადგურდა."

რესპუბლიკურმა პარტიამ სომხეთის გენერალურ არჩევნებში 1999 წელს გაიმარჯვა, პარტიის დომინაცია ქვეყნის პოლიტიკაში 2018 წლის "ხავერდოვან რევოლუციამდე" გრძელდებოდა. ხსენებული ბროშურა პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე დღესაც ხელმისაწვდომია.

აზერბაიჯანის მცდელობების ფონზე - მომხდარიყო ხოჯალის გენოციდად აღიარება - ერევანში კონსპიროლოგიამ ახალი მასშტაბები შეიძინა. სომხეთი ოფიციალურად ამტკიცებდა, რომ ხოჯალის ტრაგედია მოწინააღმდეგის მიერ დეტალურად დაგეგმილი და განხორციელებული პროვოკაციული აქტია, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საკითხზე ჩატარებულ ყველა დამოუკიდებელ გამოძიებას.

"არცერთ მხარეს არ სურს გამოჩნდეს აგრესორად, ორივე მათგანს მსხვერპლის როლში ყოფნა ურჩევნია. კონსპირაციული თეორიებიც სწორედ ამ სურვილის ლოგიკით არის აგებული", - ამბობს სომეხი ჟურნალისტი, მარკ გრიგორიანი. 

შეგუების სტადია

 

ხოჯალის კონსპიროლოგიის გავრცელების მთავარი წყარო სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივი კავშირებისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გახდა. სწორედ ეს განყოფილება მიიჩნეოდა აზერბაიჯანთან მიმდინარე საინფორმაციო ომის ცენტრალურ საოპერაციო შტაბად. 

ბაქოში იმავე ფუნქციას ასრულდება აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მდებარე სტრატეგიული კვლევების ცენტრი. ამ დეპარტამენტის ოფიციალური მიზანი "მთელ მსოფლიოში აზერბაიჯანის პროპაგანდირება იყო". წლების განმავლობაში ამ საინფორმაციო ომზე ორივე მხარემ უზარმაზარი ენერგია და ფული დახარჯა. 

სომხეთის პრეზიდენტის საზოგადოებრივი კავშირებისა და ინფორმაციის დეპარტამენტი წლების განმავლობაში მართავდა ვებგვერდებს xocali.net, xocali.tv და karabakhrecords.info. ცენტრი იღებდა დოკუმენტურ ფილმებს და ინტერვიუებს, რომლებშიც აზერბაიჯანული მხარე სომეხთა გენოციდში იყო დადანაშაულებული და უარყოფდა სომხების მონაწილეობს ხოჯალის ჟლეტვაში. 

თავისი ბრალეულობის უარყოფის გარდა სომხური მხარე გარკვეულად მაინც მიანიშნებდა, რომ ხოჯალიში დატრიალებული ტრაგედია სომხური შენაერთების შურისძიებას წარმოადგენდა. საიტზე განთავსებულ ერთ-ერთ ფოტოალბომში გვერდიგვერდ არის 1992 წელს სტეფანაკერტის შტურმისას დაღუპული სომეხი მებრძოლებისა და იმავე წლის თებერვალში, ხოჯალიში დახოცილი აზერბაიჯანელების სურათები. 

ამ ცენტრს 2009-2017 წლებში არა საგატელიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოგვიანებით სომხეთის პარლამენტის აპარატის უფროსი გახდა. ხოჯალიში განვითარებულ მოვლენებზე დოკუმენტური ფილმის პროდიუსერი კი საგატელიანის ძმისშვილი, არმან საგატელიანია. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარდა ხოჯალის კონსპირაციულ თეორიას აქტიურად ავრცელებდა სომხეთის საგარეო უწყებაც. 1997 წელს ხოჯალის კონსპირაციული თეორია ოფიციალურად გააჟღერა სომხეთის წარმომადგენელმა გაეროში. 2014 წელს ეს ვერსია გაიმეორა ქვეყნის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედვარდ ნალბანდიანმა.

იმავე მუტალიბოვის ინტერვიუზე დაყრდნობით ნალბანდიანმა აზერბაიჯანი ხოჯალის ჟლეტვაში დაადანაშაულა. ნალბანდიანმა ამ ვერსიის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა 2018 წელს. 

ამ ყველაფრის ლოგიკურ დაგვირგვინებად იქცა სომხეთის მოქმედი პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, 2019 წელს:

"აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტიც კი ამბობს, რომ ხოჯალის მოვლენები ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით აზერბაიჯანულმა ოპოზიციამ მოაწყო."

 

მითი ამარცხებს რეალობას

 

განსაკუთრებით საგულისხმო ის არის, რომ ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის სათავეში მასობრივი სახალხო გამოსვლების შედეგად მოვიდა - ფაშინიანი საკუთარ თავს კრიმინალურ-ოლიგარქიული რეჟიმის ალტერნატივად წარმოადგენდა და სომხებს ახალი ქვეყნის მშენებლობას ჰპირდებოდა. 

2018 წლის გაზაფხულზე ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ ფაშინიანი მისთვის საძულველი წინამორბედების მიერ გავრცელებულ ვერსიას მიიღებდა. თუმცა, კავკასიაში როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება მითი და რეალობა როგორც ჩანს, ყოველთვის მითი იმარჯვებს. 

მიუხედავად ამისა, მითები ყველასთვის მოსაწონი არ არის - 2014 წელს სომხეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ჟირაირ ლიპარტიანი წერდა, რომ სომხების მიერ ხოჯალის უარყოფა იდენტურია აზერბაიჯანის ქცევისა, როდესაც ისინი სუმგაიტის პოგრომებს უარყოფენ. 

ლიპარტიანი სომხებს მოუწოდებდა აეღოთ თავისი წილი პასუხისმგებლობა მაშინაც კი, როდესაც მოწინააღმდეგე საპირისპიროდ იქცევა.

"ადამიანური ტანჯვა და ტრაგედია არ უნდა გახდეს ბაზარში ვაჭრობის საგანი",- წერდა ლიპარტიანი. 

"ხოჯალის ჟლეტა სომხებმა ჩაიდინეს, სომხებმა ჩაიდინეს სხვა სამხედრო დანაშაულებიც, რომ არაფერი ვთქვათ სომხეთში ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე",- ამბობს სამხრეთ კალიფორნიის წარმოშობით სომეხი პროფესორი, რიჩარდ ანტარამიანი. 

აზერბაიჯანთან მიმდინარე საინფორმაციო ომში არ მონაწილეობს გამოცემა epress.am-ის დამფუძნებელი იური მანველიანი, რომელიც აზერბაიჯანულ ქალაქ კიროვაბადში [დღევანდელი განჯა] დაიბადა. მაშინ, როდესაც ქალაქში სომხების წინააღმდეგ პოგრომები დაიწყო მანველიანი 6 წლის იყო, მას კარგად ახსოვს იმდროინდელი მოვლენები. მოგვიანებით მანველიანის ოჯახი ერევანში გაიქცა. 

სხვადასხვა კრიტიკული მასალების გამოქვეყნების გამო გასულ წლებში მანველიანი და მისი რედაქცია არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების დევნის მსხვერპლი. მანველიანი პერიოდულად იღებდა შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს და წერილებს, რომლებშიც მას მოუწოდებდნენ "დაბრუნებულიყო თავის ბაქოში".

საინტერესოა, რომ მანველიანი ბაქოში ნამყოფიც არაა. 

"კითხვაზე, ვუშვებ თუ არა რომ, სომხური ყარაბაღისთვის მებრძოლ სომეხს შეეძლო მოეკლა მშვიდობიანი მოქალაქეები - მგონია, რომ დიახ, ასეთ რამ შესაძლებელი იყო",- ამბობს მანველიანი. 

მანველიანის აზრით, ფაშიანიანის ქცევა, როდესაც მან გაიმეორა ხოჯალის კონსპიროლოგია მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება დაემართოს გონიერ ადამიანს, რომელიც ბნელი ნაციონალიზმის ატმოსფეროში იმყოფება. 

დღეს, სომხებისა და აზერბაიჯანელებისთვის სუმგაიტი და ხოჯალი არამხოლოდ მძიმე ეპიზოდებია, არამედ ორივე ტრაგედია მათი ეროვნული იდენტობის ორგანული და განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, ეროვნული იდენტობის შემადგენელი გახდა ამ ტრაგედიებში საკუთარი როლის უარყოფაც. ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარეს კიდევ დიდხანს მოუწევს მათი კოლექტიური მეხსიერების კარნახით ცხოვრება - განსაკუთრებით გასული წლის შემოდგომის სისხლიანი ომის შემდეგ.

 

მსგავსი სიახლეები