-

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულმა დაპირისპირებამ ისეთ ნიშნულს მიაღწია, რასაც ხშირად ღია სამხედრო დაპირისპირება მოჰყვება ხოლმე. ამის დასტურად ამერიკული გაზეთის, New York Times-ის ინფორმაცია გამოდგება, რომლის თანახმადაც, უკრაინის საზღვრის მახლობლად 4000-მდე რუსი ჯარისკაცია მობილიზებული, რასაც, პარალელურად, აშშ-ს სამხედრო ძალების ევროპული სარდლობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლაც დაემატა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას თქმით, დონბასში დღეს არსებული ესკალაცია ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტოა. 

სამხედრო დაპირისპირების მოლოდინი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც 23 მარტს სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ, რუსეთის არმიის ხელმძღვანელობამ სამხედრო ნაწილები უკან არ გაიყვანა და კვლავ უკრაინის საზღვრის მახლობლად დატოვა. გარდა ამისა სოციალურ ქსელებში ვრცელდება უკრაინის მიმართულებით მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკისა და ნაწილების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები. სამხედრო ნაწილების გაძლიერება შეინიშნება ბრიანსკში, ვორონეჟში, როსტოვსა და ოკუპირებულ ყირიმში. 

რა უძღოდა წინ ამ დაძაბულობას?

ვითარება ფრონტის ხაზზე წლის დასაწყისიდან პერიოდულად იძაბებოდა. ფაქტობრივად აღარ მოქმედებს 2020 წლის ზაფხულში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ირღვევა. 26 მარტს საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა დონბასი. ამ დღეს გორლოვკის მახლობლად სროლისას 4 უკრაინელი სამხედრო მოკლეს, რაც ბოლო წლების განმავლობაში უკრაინისთვის ერთ დღეში მიღებული ყველაზე დიდ დანაკარგია. ამასთან დაკავშირებით რადაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, რუსლან ხომჩაკი დაიბარეს. 

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების პოზიციებიდან სროლას ჯამში 20 უკრაინელი სამხედრო შეეწირა, ხოლო  დაჭრილთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტია. ესკალაცია საგრძნობლად გამწვავდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ  ვიქტორ მედვედჩუკსა და მის მეუღლეს აქსანა მარჩენკოს სანქციები დაუწესა. მედვედჩუკი ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი, უკრაინის მთავარი პრორუსი პოლიტიკოსი და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. 

ექსპერტები და ჟურნალისტები ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირებას მაღალ ალბათობაზე საუბრობენ. გაეროს მონაცემებით სამხედრო კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში ამ დროისთვის დაახლოებით 13,000 ადამიანი ემსხვერპლა, საიდანაც 3,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა.

 

medvedchuk

გაყინული კონფლიქტი

აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს, რუსეთის მიერ ინსპირირებული სამოქალაქო მღელვარების შემდეგ დაიწყო. ევრომაიდნის მოვლენებისა და ყირიმის ანექსირების შემდეგ, რუსეთმა ამ მიმართულებით პროპაგანდისტული მედიაკამპანია და ადგილზე მყოფი სეპარატისტების მხარდაჭერა გადაწყვიტა.

ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდეგ, დონეცკში პრორუსული დემონსტრაციები დაიწყო, საპროტესტო აქციებში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა და ქვეყანაში ეფექტური ხელისუფლების არ არსებობის პირობებში, მათ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს. 6 მარტს უკრაინელმა სამართალდამცავებმა ადმინისტრაციის შენობა გაათავისუფლეს, მაგრამ ყირიმში რუსეთთან მიერთების საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, დონეცკში გამოსვლები ხელახლა დაიწყო. უკვე 6 აპრილს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტი დემონსტრანტების მცირერიცხოვანმა ჯგუფმა ხელახლა დაიკავა შენობა, მეორე დღესვე კი დონეცკის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადეს. 

მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდა ლუგანსკში, სადაც სეპარატისტებმა 27 აპრილს უკვე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადეს. ორივე ქალაქში სეპარატისტულ მოძრაობას, როგორც წესი, რუსეთის მოქალაქეები ხელმძღვანელობდნენ. მოგვიანებით, რუსეთის მიერ შეიარაღებულმა სეპარატისტებმა დონეცკში სტრატეგიული ინფრასტრუქტურა დაიკავეს და თავიანთ კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიის გაფართოება დაიწყეს. შეიძლება ითქვას, რომ 2014 წლის აპრილიდან დონბასის რეგიონი საომარი მოქმედებების წერტილი გახდა და ბრძოლები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 

სეპარატისტების ექსპანსიას მალევე მოჰყვა უკრაინის ხელისუფლების პასუხი და ე.წ. ანტი-ტერორისტული ოპერაცია, რომელიც 15 აპრილს დაიწყო. ოპერაციის დაწყებისთანავე უკრაინულმა არმიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - მათ დაიბრუნეს კონტროლი ტერიტორიებზე, რომლებსაც სეპარატისტები იკავებდნენ. მომდევნო თვეებში ნათელი გახდა, რომ რუსეთის მიერ შეიარაღებული სეპარატისტები ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას უკრაინის ჯარს.

უკვე 2014 წლის 22 აგვისტოს რუსეთმა გადაუხვია კონფლიქტში არჩეულ ჰიბრიდულ ტაქტიკას და სამხედრო მოქმედებებში ღიად ჩაერთო. 25 აგვისტოს სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი საზღვრის მონაკვეთიდან რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. ჰუმანიტარული კოლონა შევიდა. საომარ მოქმედებებში ჩაერთნენ რუსი სამხედროები, რუსული არტილერია და სატანკო ნაწილები. 

 

dnbs

რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიცია დონბასის კონფლიქტში რუსული არმიის ჩართულობასთან დაკავშირებით ბუნდოვანი იყო. ერთის მხრივ უმაღლესი თანამდებობის პირები და მათ შორის ვლადიმირ პუტინი დღემდე უარყოფენ რაიმენაირ ჩართულობას კონფლიქტში, თუმცა სხვადასხვა დროს რუსეთის პოლიტიკური ლიდერები აღიარებდნენ, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ რუსი სპეციალისტები და რომ რუსეთი "დონბასის რუსულენოვან მოსახლეობას იცავდა."

რუსეთის პირდაპირი სამხედრო ჩართულობის შედეგად სეპარატისტებმა დაკარგული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბრუნეს. 2014 წლის სექტემბერში რუსეთის, უკრაინის, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მინსკის პროტოკოლს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. შეთანხმების მიუხედავად სეპარატისტების შეიარაღებულმა ბანდებმა ხელშეკრულება მალევე დაარღვიეს და დებალცევოს შტურმი წამოიწყეს, რაც უკრაინელი სამხედროების მარცხით დასრულდა. უკვე 2015 წლის თებერვალში ხელი მოეწერა მინსკის მეორე პროტოკოლს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი ომის მდგომარეობაში რჩებოდა აქტიური და მასშტაბური სამხედრო მოქმედებები შეწყდა, რის შედეგადაც დონბასს გაყინულ კონფლიქტად მოიხსენიებენ. 

კონფლიქტის დაწყების მომენტიდან ამ დრომდე მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის 29 შეთანხმებას, თუმცა მათი უმრავლესობა ხელმოწერიდან რამდენიმე საათში ირღვეოდა. ყველაზე წარმატებული შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა, რომლის შედეგადაც საომარი მოქმედებები 6  კვირის განმავლობაში სრულად შეწყდა. მხარეებს შორის ბოლო, 29-ე შეთანხმება გასული წლის ივლისში გაფორმდა. ფორმალურად სწორედ ეს შეთანხმება მოქმედებს ამ დროისთვისაც, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ესკალაცია სულ უფრო მწვავდება.

ახალი კონფლიქტის დასაწყისი? 

სიწყნარის რეჟიმის ფაქტობრივ დარღვევაზე უკრაინული პრესა უკვე თებერვალში წერდა. უკრაინელი სამხედროების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქტიური ბრძოლები არ მიმდინარეობს, თვითაღიარებული რესპუბლიკების შეიარაღებული ჯგუფები ფრონტის ხაზზე აქტიურად იყენებენ უპილოტო დრონებს, ასევე საუბრობდნენ პერმანენტულ სნაიპერულ ცეცხლზე. უკრაინული პრესის ინფორმაციით, დონბასში აქტიურად მუშაობს რუსეთიდან მართული სნაიპერების ჯგუფები. 

"არანაირი სამშვიდობო პროცესი აღარ არსებობს, მოქმედებენ სნაიპერული წყვილები, ომი გრძელდება",- ეს განაცხადა თებერვალშია გაკეთებული და  უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს, არსენ ავაკოვს ეკუთვნის. მარტის დასაწყისში ნათელი გახდა, რომ გამწვავება ფრონტის ხაზზე პერმანენტულ ხასიათს იღებდა, რასაც  დაჭრილი და მოკლული უკრაინელი სამხედროების რაოდენობის ყოველდღიური ზრდა მოყვა. სეპარატისტების დანაკარგების შესახებ სარწმუნო ინფორმაცია არ არსებობს, ერთ-ერთი ინციდენტის დროს თვითაღიარებულ რესპუბლიკების მედია საშუალებები 1 გარდაცვლილზე და რამდენიმე დაჭრილზე წერდნენ, თუმცა გორლოვკის კომენდანტის ინფორმაციით გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად მეტია და 20 სამხედროს აღემატება. 

თავდაპირველად რადიკალური შეფასებებისგან თავს იკავებდა პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც გასული წლის ივლისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევდა. ოპტიმიზმის მიუხედავად, ჯერ კიდევ თებერვალში მოუწია მას იმის აღიარება, რომ უკრაინის აღმოსავლეთში დაძაბულობა კრიტიკულად იზრდებოდა. ამ საკითხთან დაკავიშრებით, 19 თებერვალს უკრაინის უშიშროების საბჭოს შეხვედრაც გაიამრთა. 

უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით უკრაინა 2019 წელს შემუშავებულ დოკუმენტს დაუბრუნდა, რომელიც დონბასში მოვლენათა განვითარების 5  შესაძლო სცენარს მოიცავს. ამ საიდუმლო დოკუმენტზე ცოტა რამაა ცნობილი, თუმცა საუბრობენ, რომ მოვლენათა განვითარების ერთ-ერთ სცენარად სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გაგრძელება განიხილება. ეს კონცეფცია 2019 წელს, ნორმანდიული ფორმატის შეხვედრისთვის მოამზადეს. კონცეფცია იმ მიზნით შეიმუშავეს, რომ ვლადიმირ პუტინთან პირველი შეხვედრისთვის პრეზიდენტ ზელენსკის მანევრირების მაქსიმალური თავისუფლება ჰქონოდა. ამის მიუხედავად, პრესის ყურადღება არა ამ საკითხმა, არამედ საბჭოს კიდევ ერთმა გადაწყვეტილებამ მიიპყრო. 

 

zelput

2021 წლის 19 თებერვალს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭომ სანქციები დაუწესა უკრაინის მთავარ პრორუს პოლიტიკოსს ვიქტორ მედვედჩუკს. ვლადიმირ პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლია და მისი პირადი მეგობარია. მედვედჩუკი ამ დროისთვის ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური პარტიის ლიდერია. 2000-იანი წლების დასაწყისში მედვედჩუკს უკრაინული პოლიტიკის რუხ კარდინალადაც მოიხსენიებდნენ. მედვედჩუკმა ფორმალური პოლიტიკური გავლენის პიკს 2004 წელს მიაღწია, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა.

სანქციები დაუწესდა მედვედჩუკის ცოლს, ცნობილ ტელეწამყვანს, აქსანა მარჩენკოს, რომლის პოლიტიკურ პერსპექტივებზეც უკრაინაში ბევრს საუბრობენ. სანქციების სიაში მოყვა მედვედჩუკის თანაპარტიელი ტარას კაზაკი და მის საკუთრებაში არსებული სამი ტელევიზია, რომელთაც მაუწყებლობის უფლება ჩამოერთვათ. უნდა ითქვას, რომ უკრაინულ სანქციებამდე მედვედჩუკი არაერთხელ გამხდარა ამერიკული სანქციების ობიექტი. 

მედვედჩუკის ოჯახის წინააღმდეგ ამ ნაბიჯის გადადგმა რუსეთში ახალი სპეკულაციების საფუძველი გახდა და დიდი ომის შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ. სანქცირების დაწესებიდან მეორე დღეს, 20 თებერვალს, ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყანაში რეაქციული ტენდენციების გაძლიერებაზე მეტყველებს." 

"შეუძლებელია ეს არ იწვევდეს აღშფოთებას და არ აძლიერებდეს კითხვას, ვინ აირჩია ასეთი რეაქციული ხაზი და ხომ არ დასრულდება ეს იმით, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ კონფლიქტის მოგვარების საშუალებად სამხედრო გზა აირჩიოს",- განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი შინაარსის კითხვები დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტსაც. ჟურნალისტის კითხვაზე, მედვედჩუკისთვის სანქციების დაწესებას უარყოფითი გავლენა ხომ არ ექნება სამშვიდობო პროცესზე დონბასში? - ზელენსკიმ უპასუხა, რომ მას არ სურდა ამ ორი ამბის დაკავშირება, მაგრამ ფაქტია, რომ სანქციების დაწესების შემდეგ პროვოკაციების რაოდენობა გაიზარდა. 

პარალელურად შესაძლო "დიდი ომის" თემა რუსული პროპაგანდისტული მედიების მთავარი თემა გახდა. თუ ჯერ კიდევ 28 თებერვალს ერთ-ერთ მთავარი რუსი პროპაგანდისტი, დმიტრი კისილოვი ზელენსკის რუსული ვაქცინის ყიდვაზე უარის თქმის გამო აკრიტიკებდა, უკვე მარტში მისი გადაცემების მთავარი თემა დიდი ომი გახდა. 7 მარტს კისილოვმა გადაცემა საგანგაშო ანონსით დაიწყო, რომლის მიხედვითაც უკრაინას დონბასში სამხედრო ტექნიკის ეშელონები შეჰყავს. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გაკეთებულ სიუჟეტი ეთერში გავიდა სახელწოდებით "დიდი ომისკენ".

უკრაინის მოახლოებული დაშლის თემას დაუბრუნდნენ კიდევ ერთი რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სალავიოვის სტუმრებიც. სალავიოვის ერთ-ერთ გადაცემაში სრული სერიოზულობით განიხილავდნენ სარეკეტო დარტყმას ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისზე.

თავად სალავიოვი ვლადიმირ პუტინს ციტირებდა, რომლის მიხედვითაც უკრაინის მხრიდან თვითაღიარებულ რესპუბლიკებზე მიტანილი სამხედრო შეტევა უკრაინულ სახელმწიფოებრიობაზე დამღუპველად იმოქმედებს. რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების შემოერთების აუცილებლობაზე ალაპარაკდა კრემლის პოლიტოლოგი სერგეი მარკოვიც. 

რთული სათქმელია, რამდენად შეესაბამება გაძლიერებული მედია კამპანია რუსეთის ხელმძღვანელობის რეალურ გეგმებს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2014 წლის მოვლენების დროს სამხედრო მოქმედებებს წინ მედია კამპანია უძღოდა. ამასთანავე, 11 მარტს რუსული პროპაგანდისტული მედია ჰოლდინგის, ВГТРК-ს სამხედრო კორესპონდენტმა, ანდრე სლადკოვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე როსტოვის ოლქში გადაღებული კადრები გამოაქვეყნა - ვიდეოზე რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა ჩანს, რომელიც უცნობი მიმართულებით მოძრაობს.

 

ukra

როგორ განვითარდება მოვლენები?

პირველ აპრილს, ვოლოდიმერ ზელენსკისა და აშშ-ს ახალ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეების ინფორმაციით, საუბარი 50 წუთი გაგრძელდა და  უმთავრესად უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილ დაძაბულ მდგომარეობა მიმოიხილეს. ამერიკული პრესის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა უკრაინას მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა და უკრაინაში ვიზიტის შესაძლებლობით დაინტერესდა.

ჯო ბაიდენი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის რანგში ობამას ადმინისტრაციაში უკრაინის საკითხს პირადად კურირებდა, კარგად იცნობს კონტექსტს და მისთვის მიმდინარე დაძაბულობა შესაძლოა პირველი სერიოზული ტესტი აღმოჩნდეს. 

ბაიდენისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრამდე უკრაინამ მხარდამჭერი გზავნილები მიიღო აშშ-ს თავდაცვის მდივნისგან. ოსტინ ლოიდის თქმით, რუსული აგრესიის შემთხვევაში აშშ უკრაინას მარტო არ დატოვებს და დაიცავს. მსგავსი შინაარსის გზავნილები გაჟღერდა ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობისგანაც. 

მოკლე დროში გავრცელდა რუსეთის საგარეო უწყების სპეციალური განცხადებაც. МИД-ის ცნობით, რუსეთს არ სურს ვითარების ესკალაცია და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყება. დონბასში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი სამხედრო ნაწილებს თავის ტერიტორიაზე უცვლის პოზიციებს და ეს მეზობელ ქვეყნებს არ უნდა აწუხებდეს, რადგანაც ეს გადაადგილება არავისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

რუსეთის ამგვარი მოქმედებების ახსნა შესაძლოა ის იყოს, რომ რუსეთი ერთგვარად იმედგაცრუებულია ვოლოდიმირ ზელენსკით. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს რუსეთში ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ზელენსკიმ შესაძლოა დაიხიოს მისი წინამორბედის პოზიციებიდან, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

იმ ვითარებაში, როდესაც ნორმანდიულ ფორმატში ჩატარებულ შეხვედრა ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა და მინსკის ჯგუფის მუშაობაც პარალიზებულია, რუსეთის ხელმძღვანელობის აზრით ლოკალურმა ოპერაციამ დონბასში შესაძლოა ზელენსკის დათმობისკენ უბიძგოს. 

თავის მხრივ რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი მიიჩნევს, რომ მასშტაბური ომის რისკი უახლოეს მომავალში ძალიან მაღალია. ამის მიზეზად მას მედვედჩუკისთვის სანქციების დაწესება და პრორუსული ტელევიზიების მაუწყებლობის შეჩერება მიაჩნია. 

"რუსეთის ხელმძღვანელობის აზრით დასავლეთი რუსეთთან ჰიბრიდულ ომს აწარმოებს უკრაინაში, ბელარუსში და ნავალნის ირგვლივ შექმნილ ვითარებაშიც. რუსი სამხედროების აზრით, რუსეთი ამ დროს არ უნდა ჩადგეს თავდაცვით მდგომარეობაში, არამედ აქტიურად უნდა გადავიდეს კონტრშეტევაზე. როდესაც უკრაინამ პრორუსული ტელევიზიები გამორთო, დასავლეთმა არაფერი გააკეთა, ეს კი მათი [რუსეთის ხელმძღვანელობის] აზრით დასავლეთის შეთქმულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა საპასუხო დარტყმა უნდა მიიტანოს",- ამბობს ფელგენგაუერი.

 

ნი

დიდი ომის ალბათობას გადაჭარბებულად მიიჩნევს და პრაქტიკულად გამორიცხავს უკრაინელი სამხედრო ექსპერტების ნაწილი. მათი თქმით, მსგავსი მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის მომზადება შეუმჩნევლად შეუძლებელი იქნება. უკრაინელი სამხედრო ექსპერტების აზრით, რუსეთის მხრიდან სამხედრო მობილიზაცია ნამდვილად იძლევა დაფიქრების საფუძველს, თუმცა ეს არ შეესაბამება ფართომასშტაბიანი ომის სამზადის ფაზას. 

უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციას არაერთი პოლიტოლოგი ჯო ბაიდენის გამოცდად მიიჩნევს. მათი აზრით, ვლადიმირ პუტინი გამოცდას უწყობს ჯო ბაიდენს, თუ რამდენად მზადაა აშშ დაიცვას თავისი ინტერესები უკრაინაში, რომელსაც რუსეთი თავისი უპირობო და სრული გავლენის სფეროდ მიიჩნევს. 

ვითარების დაძაბვის პირობებში, სწორად აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზეც იქნება დამოკიდებული თუ რამდენად შორს წავა რუსეთი ახალ სამხედრო ავანტიურაში. ვლადიმერ პუტინის მიერ ჯო ბაიდენისთვის მოწყობილი გამოცდა, შესაძლებელია გაცილებით უფრო მძიმე და დამთრგუნველ მოცემულობაში გადაიზარდოს, რაც მხოლოდ უკრაინას არ შეეხება.

 

 

მსგავსი სიახლეები