"არმიის საჭიროებების დასაფინანსებლად" - რუსეთში დღგ-ს ზრდიან

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მზარდი ხარჯების ფონზე რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ დამატებითი ღირებულების გადასახადის გაზრდა გადაწყვიტა — გადასახადი 20-დან 22%-მდე გაიზრდება.

ვითარების არსი: ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი. დღესვე კაბინეტს წარედგინა 2026-2028 წლების ბიუჯეტის პროექტი.

  • დოკუმენტში გაწერილია მომდევნო წლების საბიუჯეტო პრიორიტეტები, რომელთა ჩამონათვალიც შემდეგნაირად გამოიყურება: სუბსიდირებული იპოთეკა, ოჯახების მხარდაჭერა, სუბსიდირებული ჯანდაცვა და განათლება, სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების ფინანსური უზრუნველყოფა.

  • დღგ-ს განაკვეთის ზრდის შესახებ საუბარია პრეს-რელიზის ბოლო აბზაცში. ამასთანავე ხაზგასმულია, რომ „სოციალურ მნიშვნელოვან საქონელზე“ კვლავ 10%-იანი განაკვეთი შენარჩუნდება.

ჩაშლილად: „ცვლილებები პირველ რიგში მიმართულია თავდაცვისა და უსაფრთხოების დასაფინანსებლად,“ — ნათქვამია შეტყობინებაში.

  • დღგ-ს განაკვეთის შესაძლო გაზრდის შესახებ გასულ კვირებში წერდა დამოუკიდებელი გამოცემა The Bell — პუბლიკაციის ავტორების მტკიცებით, ამგვარად ფინანსთა სამინისტრო შეეცდება ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი შეავსოს.

  • საუბარია დაახლოებით ქვეყნის მშპ-ს 0.5%-ზე, რაც წლიურად დაახლოებით 1 ტრილიონ რუბლს შეადგენს.

  • გასულ კვირას დღგ-ს შესაძლო ზრდის თემას გამოეხმაურა რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტიც. ელვირა ნაბიულინას თქმით, „დამატებითი ხარჯების დაფარვის საუკეთესო გზა დამატებითი შემოსავლებია.“

  • დღგ რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების უმსხვილესი სტატიაა, რომელზეც მთლიანი მაჩვენებლის დაახლოებით 70% მოდის (13.5 ტრილიონი რუბლი 2024 წელს).

სტრიქონებს შორის: უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ეს რუსეთში გადასახადების ზრდის უკვე მეორე შემთხვევაა — ამგვარად კრემლი ბიუჯეტის მზარდი დეფიციტის მოთვინიერებას ცდილობს.

  • მზარდი დეფიციტის უარყოფით შედეგებზე საუბრობს ელვირა ნაბიულინაც. მისი თქმით, დამატებითი ხარჯების დეფიციტით უზრუნველყოფა ნიშნავს, რომ საბაზისო განაკვეთები კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მაღალ ინფლაციას.

  • ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ ჩატარებულ სხდომაზე დეფიციტის მაჩვენებელს „მისაღები“ უწოდა პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა.

  • 2026 წლის პროექტით ბიუჯეტის შემოსავლებმა ჯამურად 40 ტრილიონი რუბლი უნდა შეადგინოს, ხოლო დაგეგმილი ხარჯები 44 ტრილიონ რუბლს აღემატება. ამგვარად, მომდევნო წელს რუსეთის ბიუჯეტი ნომინალურად 4.6 ტრილიონს გაუტოლდება.

კონტექსტი: მიმდინარე წლის ბიუჯეტით დეფიციტი 3 ტრილიონი რუბლი უნდა ყოფილიყო, თუმცა 19 სექტემბრის მონაცემებით ეს გეგმა უკვე გარღვეულია და დეფიციტი 5 ტრილიონს აღემატება.

  • ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად რუსეთის მთავრობამ ხარჯვა უნდა შეამციროს, თუმცა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომისა და ფრონტის მზარდი საჭიროებების ფონზე ეს ნაკლებად მოსალოდნელია.

  • ენერგეტიკული და საბანკო სექტორების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კი უფრო ართულებს დეფიციტის დაფარვას, ფინანსთა სამინისტრო კი შემოსავლების ზრდის გზებს ეძებს.

სიღრმისეულად: ეკონომისტების შეფასებით, დღგ-ს განაკვეთის ზრდის მთავარი ეფექტი ინფლაციის დაჩქარება იქნება.

  • რუსეთის ეკონომიკა შესაძლოა ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდეს: ცენტრალური ბანკი ზრდის საბაზისო განაკვეთებს ინფლაციის შესანელებლად → ეკონომიკა გრილდება → მცირდება ბიუჯეტის შემოსავლები → ხოლო ჩინოვნიკებს უწევთ ახალი გზების პოვნა საბიუჯეტო ხვრელის დასაფარად.

მსგავსი სიახლეები