უკრაინა რუსულ Z-არხებს მასობრივად ყიდულობს - რუსეთის საგარეო დაზვერვა
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინული სპეცსამსახურები რუსული საზოგადოების დესტაბილიზაციას ცდილობენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო პერიოდში რუსი Z-ბლოგერების ნაწილი ღიად აკრიტიკებს კრემლის გადაწყვეტილებებს. უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტელეგრამის შესაძლო დაბლოკვაა, რომელსაც რუსი სამხედროები ფრონტზე კომუნიკაციისთვის აქტიურად იყენებენ.
დეტალები: დაზვერვის მტკიცებით, უკრაინამ რუსული სამხედრო და პატრიოტული არხების „შესყიდვის კამპანია“ აპრილის ბოლოს დაიწყო.
-
СВР ამბობს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) ყალბი აქაუნთებით უკავშირდება არხების მფლობელებს და ყიდვას სთავაზობს.
-
დაზვერვის ვერსიით, გეგმაა პატრიოტული კონტენტის საფარქვეშ „დეზინფორმაციის“ გავრცელება და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის დისკრედიტაცია.
-
სპეცსამსახურს არ დაუსახელებია არცერთი კონკრეტული არხი, რომელიც უკვე „იყიდეს“ ან მსგავსი შეთავაზება მიიღო.
Z-ბლოგერების დევნა: კრემლი მანამდეც სჯიდა იმ პატრიოტ ბლოგერებს, რომლებიც სამხედრო ხელმძღვანელობას ან პუტინს აკრიტიკებდნენ:
-
იგორ სტრელკოვი (გირკინი): 2024 წლის დასაწყისში ექსტრემიზმის ბრალდებით 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
-
პაველ გუბარევი და ალექსანდრ ვასკოვსკი: ე.წ. „რუსული გაზაფხულის“ აქტივისტებს არმიის დისკრედიტაციის მუხლით წაუყენეს ბრალი.
რატომ ახლა: СВР-ის ეს განცხადება დაემთხვა ფრონტზე წარუმატებლობას, ეკონომიკურ პრობლემებსა და ინტერნეტ-ცენზურის გამკაცრებას, რამაც გაზაფხულზე ხელისუფლების რეიტინგის ვარდნა გამოიწვია.