აშშ-დან საწვავის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - Financial Times
ამერიკული საწვავის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა, რადგან ევროპისა და აზიის ქვეყნები ირანში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგორესურსების დეფიციტის კომპენსირებას ცდილობენ. ამან აშშ-ის ნავთობის კომპანიებს რეკორდული ზემოგების მიღების საშუალება მისცა.
ვითარების არსი: Financial Times-ის ცნობით, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა დღეში 8.2 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობპროდუქტის ექსპორტი განახორციელა, მათ შორის ბენზინის, დიზელისა და საავიაციო საწვავის.
- აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს (EIA) მონაცემებით, ეს 20%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მოცულობებს.
- ამერიკულ ნავთობპროდუქტებზე რეკორდული მოთხოვნა აშშ-ის ენერგეტიკულ კომპანიებს წლის ბოლომდე დამატებით 60 მილიარდი დოლარის ზემოგებას მოუტანს, მაღალი ფასების შენარჩუნების პირობებში.
სტრიქონებს შორის: გაყიდვების უზარმაზარმა მოცულობამ ასევე ის განაპირობა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, აშშ ნედლი ნავთობის ექსპორტიორი გახდა.
- ეს რადიკალურად განსხვავდება 10 წლის წინ არსებული ვითარებისგან, როდესაც ქვეყანა ნედლი ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი იყო მსოფლიოში.
- "ეს ქმნის პოლიტიკურ რისკებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის საწვავზე შიდა ფასების ზრდის გამო: ბენზინის საშუალო ღირებულებამ ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიაღწია - 4.53 დოლარი გალონზე." - წერს გამოცემა.
დიდი სურათი: მიუხედავად იმისა, რომ თეთრმა სახლმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ არ აკრძალავს საწვავის ექსპორტს, რომელიც ევროპისა და აზიის ეკონომიკებისთვის სასიცოცხლო რესურსად იქცა, ენერგეტიკის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შიდა პოლიტიკურმა ზეწოლამ შესაძლოა აიძულოს ხელისუფლება, გადახედოს ამ პოზიციას.
- საინვესტიციო კომპანია Carlyle-ის უფროსმა მრჩეველმა ენერგეტიკის საკითხებში, ჯეფ კარიმ აღნიშნა, რომ რეკორდული ექსპორტი იწვევს ამერიკული ნავთობის რეზერვების სწრაფ შემცირებას.
- "დეფიციტი მაშინ კი არ იწყება, როდესაც მიწოდება წყდება. ის იწყება მაშინ, როდესაც მარაგები იწურება," - ხაზგასმით აღნიშნა კარიმ.