აშშ მზადაა უკრაინას იურიდიულად სავალდებულო მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტია მისცეს
ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინას ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია მისცეს, რომელსაც კენჭისყრაზე გამოიტანენ კონგრესში და იურიდიულად სავალდებულო ძალა ექნება.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
- წყაროების ცნობით, უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ყველაზე საგრძნობი პროგრესი სწორედ უსაფრთხოების გარანტიებთან და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებულ პუნქტებზე მიაღწიეს.
- ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ ვაშინგტონი მზად არის უკრაინას მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია მისცეს, რომელიც შემდგომ კონგრესის მიერ დამტკიცდება.
- "ჩვენ გვინდა უკრაინელებს მივცეთ უსაფრთხოების გარანტია, რომელიც ერთის მხრივ არ იქნება ე.წ. ცარიელი ჩეკი, მაგრამ მეორეს მხრივ იქნება საკმარისად ძლიერი. ჩვენ მზად ვართ ეს კონგრესში გავგზავნოთ კენჭისყრისთვის"- ამბობს წყარო.
დიდი სურათი: წყაროების ცნობით, სამშვიდობო შეთანხმება ამ დროისთვის 3 ცალკეულ დოკუმენტად არის დაყოფილი: 1.ცეცხლის შეწყვეტა; 2. უსაფრთხოების გარანტიები; 3. ეკონომიკური რეკონსტრუქცია.
- მათი ცნობით, ეკონომიკურ აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ნაყოფიერად მიმდინარეპობს - "როდესაც ადამიანები ხედავენ, რა შეიძლება მიიღონ შეთანხმების სანაცვლოდ და არამხოლოდ იმას რა დათმობები მოუწევთ, საქმე უფრო სწრაფად მიდის წინ"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.
- ამასთანავე კვლავ გადაუწყვეტელი რჩება ტერიტორიების საკითხი, რომელიც მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებში განხილვის მთავარი თემა იქნება.
- "არსებული შეთავაზებით ომის დასრულების შემდეგ უკრაინა შეინარჩუნებს სუვერინტეტს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 80%-ზე და მიიღებს ყველაზე მძლავრ და დიდ უსაფრთხოების გარანტიებს, რაც ოდესმე ჰქონია, ასევე ეკონომიკური რეკონტრუქციის გულუხვ პაკეტს"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.