აშშ-ს ირანის სარაკეტო არსენალის მხოლოდ მესამედის განადგურების დადასტურება შეუძლია - Reuters
შეერთებულ შტატებს ირანის ვრცელი სარაკეტო არსენალის მხოლოდ მესამედის განადგურების დადასტურება შეუძლია.
ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" დაზვერვის მონაცემების მცოდნე ხუთ პირზე დაყრდნობით ავცრელებს.
დეტალები: მასალის თანახმად, არსენალის კიდევ ერთი მესამედის მდგომარეობა ბუნდოვანია, თუმცა ოთხი წყაროს თანახმად, დაბომბვებმა, სავარაუდოდ, დააზიანა, გაანადგურა ან მიწისქვეშა გვირაბებსა და ბუნკერებში მოაყოლა ეს რაკეტები.
- ერთ-ერთი წყაროს თქმით, მსგავსი ვითარებაა ირანის დრონების შესაძლებლობებთან დაკავშირებითაც - აქაც განადგურებულად მხოლოდ მესამედი მიიჩნევა.
- შეფასება აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანის რაკეტების უმეტესობა ან განადგურებულია, ან მიუწვდომელი, თეირანს მაინც აქვს მნიშვნელოვანი მარაგი და, შესაძლოა, დაზიანებული ან ჩამარხული რაკეტების აღდგენა ბრძოლის შეწყვეტის შემდეგ მოახერხოს.
ინტრიგა: ეს მონაცემები ეწინააღმდეგება ტრამპის ხუთშაბათის საჯარო განცხადებას, რომ ირანს „ძალიან ცოტა რაკეტა დარჩა“.
- თუმცა, მან აღიარა დარჩენილი რაკეტებისა და დრონების საფრთხე აშშ-ის მომავალი ოპერაციებისთვის, რომლებიც ეკონომიკურად სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტის დაცვას ისახავს მიზნად.
- ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მისი მიზანია ირანის სამხედრო დასუსტება ფლოტის ჩაძირვით, სარაკეტო და დრონების შესაძლებლობების განადგურებით და იმის უზრუნველყოფით, რომ ისლამურ რესპუბლიკას არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
რას ამბობს პენტაგონი: აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ოპერაცია გეგმის მიხედვით ან გადაჭარბებითაც კი მიმდინარეობს.
- ოთხშაბათის მდგომარეობით, აშშ-ის დარტყმებმა 10,000-ზე მეტ ირანულ სამხედრო სამიზნეს მიაღწია და ირანის ფლოტის მსხვილი ხომალდების 92% ჩაძირა.
- თუმცა, სარდლობამ თავი შეიკავა იმის დაზუსტებისგან, თუ კონკრეტულად რამდენი რაკეტა და დრონია განადგურებული.
მეორე მხარე: ირანი კვლავ უტევს მეზობლებ ქვეყნებს; მძიმე დარტყმების მიუხედავად, ირანმა აჩვენა, რომ იარაღი არ გამოლევია.
- მხოლოდ ხუთშაბათს მან არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით 15 ბალისტიკური რაკეტა და 11 დრონი ისროლა.
- ასევე, გასულ კვირას ირანულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ინდოეთის ოკეანეში მდებარე აშშ-ბრიტანეთის ბაზა დიეგო-გარსიას წინააღმდეგ.