ბესენტი: ჩვეული მიდგომა ჩავარდა, მზად ვართ მივიღოთ მკაცრი ზომები რუსეთის წინააღმდეგ

შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის თქმით, რუსეთ–უკრაინის ომის დარეგულირების ფარგლებში ვაშინგტონი მზად არის კრემლის წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღოს.
ვითარების არსი: ამის შესახებ სკოტ ბესენტი სოციალურ ქსელ X-ზე სანქციების საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენელთან, დევიდ სალივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ წერს.
- „ჩვეულმა მიდგომამ არ იმუშავა. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მკაცრი ზომები რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა წარმატებისთვის აუცილებელია ჩვენი ევროპელი პარტნიორები სრულად შემოგვიერთდნენ ამ ძალისხმევაში,“ – წერს ბესენტი.
- წინა დღით ბესენტი ამბობდა, რომ შტატებისა და ევროპის მხრიდან კოორდინირებულმა წნეხმა შესაძლოა მოსკოვს სერიოზული სამშვიდობო პროცესის დაწყებისკენ უბიძგოს.
ჩაშლილად: იმავე დღეს დონალდ ტრამპმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – მზად არის თუ არა რუსეთის სანქცირების ახალ ეტაპზე გადასვლელად.
- ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, მას ჯერ არ აუმოქმედებია რუსეთზე ზეწოლის არც მეორე და არც მესამე ეტაპი. ამასთანავე, ტრამპი არ აკონკრეტებს, თუ ზეწოლის რა ინსტრუმენტებზეა საუბარი.
- ამ კონტექსტში ტრამპმა ინდოეთისთვის დაწესებული 50%-იანი სავაჭრო ტარიფები ახსენა, რომელსაც, მისი თქმით, ნიუ-დელის ყოველდღიურად მილიარდობით დოლარის ზარალი მოაქვს.
- ინდოეთის მთავრობაში ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას „არასამართლიანი“ უწოდეს. დასავლური მედიების ცნობით, ინდოეთი კვლავ ყიდულობს რუსულ ნავთობს, თუმცა შემცირებული მოცულობით.
კონტექსტი: დასავლური მედიების ცნობით, ვაშინგტონი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების სანაცვლოდ ბრიუსელს რუსული ენერგომატარებლების შესყიდვის სრულად შეწყვეტას სთხოვს.
- Financial Times-ის წყაროების ცნობით, თეთრი სახლი ასევე ითხოვს ევროკომისიის მიერ ჩინეთისთვის ე.წ. მეორადი სავაჭრო ტარიფების დაწესებასაც – იმ შემთხვევაში, თუ პეკინი რუსული ენერგორესურსების შესყიდვას გააგრძელებს.
- წყაროების შეფასებით, წინადადება დამუშავების ადრეულ ეტაპზეა და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ბრიუსელმა მსგავსი გადაწყვეტილება ვაშინგტონამდე მიიღოს.