ბრიტანეთი: უკრაინა კონტრიერიშს აგრძელებს, თუმცა კიევისთვის საფრთხე მაინც არსებობს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა-რუსეთის ომის ყოველდღიური სადაზვერვო შეფასება გამოაქვეყნა.

ბრიტანული დაზვერვის განცხადებით, უკრაინა კიევის ჩრდილოეთით, ირპენის, ბუჩას და გოსტომელის მიმართულებით კონტრიერიშებს ახორციელებს.

„უკრაინელების იერიშებს გარკვეული წარმატება აქვთ და რუსებს ზოგიერთი პოზიციის დათმობა მოუწიათ“, - ნათქვამია ანგარიშში.

28 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონტროლი დაიბრუნეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ირპენზე.

„მიუხედავად ამისა, რუსული საოკუპაციო ძალები - საკუთარი საცეცხლე შესაძლებლობების გამო - კიევისთვის საფრთხეს ჯერ კიდევ წარმოადგენენ“, - აცხადებს ბრიტანული დაზვერვის უწყება.

ბრიტანელების ინფორმაციით, საპორტო ქალაქ მარიუპოლზე რუსული ძალების იერიში გრძელდება, თუმცა ქალაქის ცენტრს კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ.

„შეტევის სხვა მიმართულებებით რუსულ ძალებს თავდაცვითი პოზიციები უკავიათ და გადაჯგუფებას და რეორგანიზებას ცდილობენ“, - წერია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები