ერევანში მოკლული 23 წლის ჩეჩენი ქალი შესაძლოა მოწამლეს

8 დეკემბერს რუსული დამოუკიდებელი მედია "დოჟდის" ეთერში ერევანში მოკლული, 23 წლის ჩეჩენი ქალის, აიშატ ბაიმურადოვას შესახებ რეპორტაჟი გავიდა.

სიუჟეტის მიხედვით, ჩეჩნეთიდან გაქცეული ახალგაზრდა ქალი მოწამლეს. მედია ინფორმაციას გამოძიებასთან ახლოს მყოფ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩაშლილად: ვერსიას ადასტურებს პროექტის "კავკასია დედის გარეშე" დამფუძნებელი ლიდია მიხალჩენკო. "დოჟდი" სიუჟეტის გამოსვლის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა: "მკვლელი აიშატთან ავიდა და ვისკი დაალევინა. როგორც ჩანს შხამი სასმელში იყო".

  • "დოჟდის" ერთ-ერთი რესპოდენტის, დავიდ ისტეევის თქმით, ბაიმურადოვას სხეული შემოსასვლელ კართან იპოვეს, სავარაუდოდ ქალი ბინიდან გასვლას ეცადა. 

  • "ის კვდებოდა რთულად, მძიმედ და დიდხანს. მთელი ბინა სისხლით იყო მოსვრილი. გამოდის, რომ მკვლელები ისხდნენ და მის სიკვდილს ელოდებოდნენ". - ამბობს ისტეევი.

წინარე ისტორია: 19 ოქტომბერს ერევანში 23 წლის აიშატ ბაიმურადოვა გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა ჩეჩენი ქალი 15 ოქტომბერს გაუჩინარდა. ოფიციალურ წყაროებში გარდაცვალების მიზეზი არ არის მითითებული, თავდაპირველად უფლებადამცველები ვარაუდობდნენ, რომ ქალი გაგუდეს.

  • ბაიმურადოვა, რომელიც ჩეჩნეთში ცხოვრობდა, სისტემატიურად იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. 2024 წელს ის უფლებადამცველ ორგანიზაცია CK SOS-ს დაუკავშირდა. 2025 წლის იანვარში უფლებადამცველებმა ქალი ერევანში გააპარეს.

ფართო ხედით: ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას გამოქცეული მსხვერპლების დევნაში რუსეთის ფედერაციის ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მაღალჩინოსნები და სპეცსამსახურები არიან ჩართულები.

  • ბაიმურადოვას შემთხვევაც კარგად დაგეგმილი ოპერაციის შთაბეჭდილებას ტოვებს -  საქმეში ფიგურირებს ვინმე 31 წლის კარინა იმინოვა. სწორედ მასთან შეხვედრას გეგმავდა გაუჩინარებამდე აიშატი. იმინოვა მსხვერპლმა ორი თვით ადრე გაიცნო. ამ პერიოდში იმინოვას ბაიმურადოვას სხვა ნაცნობებიც შეხვედრიან, რამდენიმე მათგანი ახლადშეძენილი მეგობრის ბინაშიც არის ნამყოფი.

  • ტრაგედიის დღეს იმინოვას კვალი გაქრა, ხოლო მის სოციალურ ქსელებში აღმოჩნდნენ რამზან კადიროვის ახლო გარემოცვის წევრები. უფლებადამცველების აზრით, იმინოვა დამნაშავეების თანამზრახველი იყო, ბაიმურადოვა სახლიდან გამოიტყუა და მკვლელებს ჩაუგდო ხელში.

  • ეჭვს ამყარებს 24 და 25 ოქტომბერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ომბუდსმენის, მანსურ სოლტაევის გამოქვეყნებული ვიდეომიმართვები, რომლებშიც “უფლებადამცველი” ამტკიცებს, რომ მას ხელთ აქვს ბაიმურადოვას მიმოწერები და აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ქალი ამბობს, რომ აქტივისტებმა და კრიზისული ცენტრების თანამშრომლებმა მოტყუებით გაიყვანეს რუსეთიდან. ომბუდსმენი შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში აპირებს.

სიღრმისეულად: კავკასიელი ტყვე ქალები ანუ ჩეჩნური ფემიციდი

მსგავსი სიახლეები