ევროპაში რუსული გაზის ექსპორტი 1973 წლის შემდეგ მინიმუმამდე შემცირდა
2025 წლის შედეგებით, ევროპაში "გაზპრომის" ბუნებრივი აირის ექსპორტი კიდევ 44%-ით შემცირდა და 18 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ამის შესახებ Reuters "თურქული ნაკადის" სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს — ეს არის ბოლო მოქმედი მილსადენი, რომლის მეშვეობითაც რუსული გაზი ევროპულ ქვეყნებს მიეწოდება.
ვითარების არსი: ოდესღაც "გაზპრომის" უმსხვილეს ბაზარზე ექსპორტის მოცულობა 1973 წლის შემდეგ მინიმალურ ნიშნულამდე დაეცა: მაშინ, ავსტრიასთან და იტალიასთან საბჭოთა კავშირის პირველი კონტრაქტების ფარგლებში, ევროპამ ციმბირის საბადოებიდან 6.8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო.
- 1975 წლისთვის, როდესაც გერმანიასთან ამოქმედდა შეთანხმება "გაზი მილების სანაცვლოდ," ექსპორტი 19.3 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, 1980 წლისთვის — 54.8 მილიარდამდე, ხოლო 1990-იანი წლების დასაწყისისთვის — 110 მილიარდ კუბურ მეტრამდე.
- ბუნებრივი აირის ექსპორტის რეკორდი 2018-2019 წლებში დამყარდა, როდესაც "გაზპრომი" ევროპის ქვეყნებში 170-180 მილიარდ კუბურ მეტრს ყიდდა, რაც საზღვარგარეთში გაყიდული მთელი გაზის 80%-ს შეადგენდა. მას შემდეგ მოცულობა 10-ჯერ შემცირდა.
სტრიქონებს შორის: "გაზპრომისთვის" უმსხვილესი ბაზარი ჩინეთი გახდა, რომელიც ბუნებრივი აირს დაახლოებით 40%-იანი ფასდაკლებით ყიდულობს — 248 დოლარად ათას კუბურ მეტრზე, მაშინ როცა სხვა ქვეყნები 401 დოლარს იხდიან (რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით - რედ.).
- "გაზპრომის" ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის თქმით, 2025 წელს პეკინმა მილსადენ "ციმბირის ძალით" 38.8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეიძინა.
- "გაზპრომის' მთლიანი ექსპორტი შორეულ საზღვარგარეთში 78 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს — რაც 3 მილიარდით ნაკლებია წინა წელთან შედარებით, თუმცა ოდნავ უკეთესია 2023 წლის შედეგზე, რომელიც რუსეთისთვის 1985 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი იყო (70 მილიარდი კუბური მეტრი).
დიდი სურათი: კრემლის მცდელობებს გაზის ექსპორტისთვის ახალი ბაზრების მოძიებაზე, ჯერჯერობით წარმატება არ მოჰყოლია: თურქეთში გაზის ჰაბის პროექტი, რომელიც ადრე დაანონსდა, "გაზპრომმა" ჩუმად დახურა.
- ანკარა ჩინეთის შემდეგ "გაზპრომის" მეორე უმსხვილეს კლიენტად რჩება, თუმცა ახალი გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებაზე უარს ამბობს. ყოველწლიურად 22 მილიარდი კუბური მეტრის რუსული გაზის შესყიდვის ხელშეკრულება, რომელსაც ვადა წელს ამოეწურა, თურქეთმა მხოლოდ ერთი წლით გააგრძელა.
კონტექსტი: სექტემბერში "გაზპრომმა" გამოაცხადა იურიდიულად სავალდებულო მემორანდუმის ხელმოწერა ჩინეთში ბუნებრივი აირის ექსპორტის წელიწადში 50 მილიარდი კუბური მეტრით გაზრდის შესახებ, თუმცა ჩინურ მხარეს პროექტი ამ დრომდე არ დაუდასტურებია.
- Reuters-ის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი და სი ძინფინგი კვლავ ვერ თანხმდებიან მთავარზე — გაზის ფასზე, რომლის დაწევასაც ჩინეთი მანამდე რუსეთის შიდა დონემდე ითხოვდა, ანუ ათას კუბურ მეტრზე 100 დოლარზე ნაკლები.