ფაშინიანი "ისტორიული" ვიზიტით თურქეთს ეწვია და ერდოღანს შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პარასკევს, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებები გამართა, რაც ერევანმა რეგიონული მშვიდობისკენ გადადგმულ "ისტორიულ" ნაბიჯად შეაფასა.

State Of Play: ორ ლიდერს შორის მოლაპარაკებები, რომელთა ქვეყნებსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ და საზღვარი 1990-იანი წლებიდან ჩაკეტილია, დოლმაბაჰჩეს სასახლეში შედგა და ერთ საათზე მეტი გაგრძელდა.

  • ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობები, ასევე ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე ომი.
  • "პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიღწეული კონსენსუსის მნიშვნელობას, არსებული ვითარების გათვალისწინებით," - ნათქვამია მისი ადმინისტრაციის განცხადებაში.
  • ლიდერებმა ასევე განიხილეს "თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში გადასადგმელი პოტენციური ნაბიჯები."
  • ერდოღანმა ასევე ფაშინიანს უთხრა, რომ თურქეთი რეგიონში დაძაბულობის შემცირებაზე მუშაობს, კერძოდ, სხვა ლიდერებთან ირან-ისრაელის დაპირისპირების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
  • სომხეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია: "ორივე ლიდერმა განიხილა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზება, ხაზი გაუსვა კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებისა და კონკრეტული შედეგების მიღწევის მნიშვნელობას."

Big Picture: ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თურქეთის ლიდერი დაარწმუნა, რომ სომხეთი "ერთგულია ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მშენებლობის მიმართ."

  • ორ ერს შორის ურთიერთობები ისტორიულად დაძაბულია პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გამო, რომელსაც ერევანი გენოციდს უწოდებს - ამ ტერმინს თურქეთი უარყოფს.
  • ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაართულა აზერბაიჯანთან ანკარის მჭიდრო კავშირმა და სამხედრო პარტნიორობამ.
  • ფაშინიანის ვიზიტმა სომხეთის შიგნით სერიოზული კრიტიკა გამოიწვია. პოლიციამ დედაქალაქ ერევანსა და მის ფარგლებს გარეთ ოპოზიციის "რამდენიმე ათეული" მხარდამჭერი დააკავა.
  • სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა: "ეს ისტორიული ვიზიტია, რადგან ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთის რესპუბლიკის მეთაური ამ დონეზე თურქეთს ეწვევა."

Сontext: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხუთშაბათს თურქეთში იმყოფებოდა ერდოღანთან შესახვედრად. მან შეაქო ორი ქვეყნის "მნიშვნელოვანი" ალიანსი, ხოლო თურქეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა "აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარების" მიმართ.

  • სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მარტში შეთანხმდნენ, თუმცა მას შემდეგ ბაქომ დოკუმენტზე ხელმოწერამდე არაერთი მოთხოვნა წამოაყენა, მათ შორის სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.
  • "ფაშინიანს ძალიან სურს სომხეთის იზოლაციიდან გამოყვანა და ამის საუკეთესო გზა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება და თურქეთთან ნორმალიზაციის შეთანხმებაა," - განუცხადა AFP-ს Carnegie Europe-ის უფროსმა მკვლევარმა თომას დე ვაალმა.
  • მისი თქმით, თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მთავარი დაბრკოლება აზერბაიჯანი იყო.
  • წელს ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი შეწყვეტს 1915 წელს სომეხთა მასობრივი მკვლელობების გენოციდად საერთაშორისოდ აღიარების კამპანიას, რაც თურქეთის მიმართ მნიშვნელოვანი დათმობა იყო, თუმცა ამან ქვეყნის შიგნით მისი მკაცრი კრიტიკა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები