კასპიის ზღვა ირანსა და რუსეთს შორის ვაჭრობის ცენტრი გახდა - NYT
რუსეთი ირანში უპილოტო საფრენი აპარატების კომპონენტებს სულ უფრო ხშირად აგზავნის კასპიის ზღვის გავლით, რადგან იქ აშშ-ს ხომალდების მათი ჩაკეტვა არ შეუძლიათ.
ვითარების არსი: The New York Times ამერიკის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, კასპიის ზღვა მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტად იქცა, რომელიც რუსეთსა და ირანს ერთმანეთთან აკავშირებს.
- გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსული კომპონენტები თეირანის თავდაცვისუნარიანობაში გადამწყვეტ როლს ნაკლებად ითამაშებს, მაგრამ ეს ქვეყანას დაეხმარება დრონების არსენალის აღდგენაში მას შემდეგ, რაც კონფლიქტის პირველ თვეებში მათი დაახლოებით 60% დაკარგა.
სტრიქონებს შორის: კასპიის ზღვა ამერიკელი სამხედროებისთვის "ბრმა ზონას" წარმოადგენს, რადგან მასზე წვდომა მხოლოდ ხუთ ქვეყანას აქვს: რუსეთის ფედერაციას, ირანს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს და თურქმენეთს.
- შესაბამისად, აშშ-ს არ აქვს შესაძლებლობა დაბლოკოს ის გემები, რომლებსაც უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილები გადააქვთ.
დიდი სურათი: The New York Times წერს, საზღვაო მიმოსვლას ირანსა და რუსეთს შორის დიდი მნიშვნელობა აქვს ორივე ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიისთვის. კერძოდ, მოსკოვი კასპიის ზღვის საშუალებით იღებს Shahed-ის ტიპის მოიერიშე დრონების კომპონენტებსა და საბრძოლო მასალას, რომლებსაც შემდგომ უკრაინაზე თავდასხმებისთვის იყენებს.
- რუსეთის პორტების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო თვეებში საზღვაო მიმოსვლა ირანსა და რუსეთს შორის უფრო ინტენსიური გახდა: ხორბლის ექსპორტი - რუსეთი კასპიის გავლით აგზავნის ხორბალს, რომელიც ადრე ირანში შავი ზღვის მარშრუტით შედიოდა.
- ლოგისტიკური ალტერნატივა - რუსეთს კასპიის ზღვით გადააქვს ის საქონელი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში ჰორმუზის სრუტის გავლით გაივლიდა (ამჟამად სრუტეს ირანი ბლოკავს).
- ირანის ხელისუფლების განცხადებით, კასპიის ზღვაზე ამჟამად ოთხი პორტი მუშაობს სადღეღამისო რეჟიმში. ისინი რუსეთიდან იღებენ ხორბალს, სიმინდს, მზესუმზირის ზეთს, ცხოველთა საკვებსა და სხვა სასურსათო თუ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას.