გულდ-დევისი: ომი ახალ ფაზაში შედის, სადაც დრო შესაძლოა აღარ იყოს რუსეთის მხარეს

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) მკვლევარის, ნაიჯელ გულდ-დევისის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომი ახალ ფაზაში გადადის, რომელშიც "დრო შესაძლოა აღარ იყოს რუსეთის მხარეს."
ვითარების არსი: ამის შესახებ საუბარია დევისის ახალ სვეტში, რომელიც IISS-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
- მისი შეფასებით, გასულ თვეებში ამერიკაში, ჩინეთსა და ევროპაში მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები ცვლის რუსეთის კალკულაციას იმის შესახებ, თუ რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ომის გაჭიანურება.
- გულდ-დევისის შეფასებით, შეცვლილ გარემოებებში რუსეთი შეეცდება მაქსიმალური აგრესიულობით და რისკით დააფრთხოს ევროპა და აიძულოს შეწყვიტოს, ან შეამციროს უკრაინის დახმარება.
- ასეთ მოცემულობაში ექსპერტის შეფასებით, მომდევნო თვეებში გარდაუვალია კონფლიქტის ესკალაცია, რომელიც რუსეთის სულ უფრო აგრესიული და პროვოკაციული ნაბიჯებით იქნება გამოწვეული.
ჩაშლილად: გასულ კვირებში რუსეთის მიერ ევროპის არაერთი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევას და დრონების შეგზავნას დევისი სწორედ დაპირისპირების სტრატეგიული კონტექსტის ცვლილებას უკავშირებს.
• შეცვლილი გარემოებების ჩამონათვალი კი შემდეგნაირად გამოიყურება:
- ტრამპით იმედგაცრუება - გასული 9 თვის განმავლობაში დონალდ ტრამპმა არ გაამართლა კრემლის იმედები და არც ევროპის ყველაზე პესიმისტური მოლოდინები - კრემლმა ვერ შეძლო განხეთქილების ინსპირირება ტრანს-ატლანტიკურ ერთობაში.
- ევროპის როლის ზრდა - გულდ-დევისი ხაზს უსვამს უკრაინის დახმარების კონტექსტში ევროპული ქვეყნების წვლილის ზრდას და თავდაცვის ხარჯების საგრძნობ და გარდაუვალ ზრდას მომდევნო წლებში. ავტორი ყურადღებას ამახვილებს ბრიუსელში მიმდინარე დისკუსიაზე უკრაინისთვის 140 მილიარდი დოლარის რეპარაციული კრედიტის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება გაყინული რუსული აქტივებით. აღნიშნული თანხა უკრაინის საჭიროებებს 2-3 წლის განმავლობაში, ისე დაფარავს, რომ ტვირთი ევროპელ გადასახადის გადამხდელებს არ დააწვებათ.
- ჩინეთის მზარდი მხარდაჭერა - რუსეთის მიმართ ჩინეთის გაზრდილი მხარდაჭერის ყველაზე მკაფიო მაგალითად გულდ-დევისი გაზსადენ ციმბირის ძალა 2-ის მშენებლობის დაწყებაზე თანხმობას ასახელებს, რასაც პეკინი ბევრი წლის განმავლობაში გაურბოდა. ექსპერტის შეფასებით, ჩინეთი არამხოლოდ ეხმარება რუსეთს, არამედ კრემლს მაქსიმალურად სარისკო ნაბიჯებისკენ უბიძგებს და ეს პეკინისთვის "წაუგებელი თამაშია" - როგორც არ უნდა დასრულდეს ომი მოსკოვის დამოკიდებულება პეკინზე გაიზრდება.
- შიდა პრობლემები - გულდ-დევისის შეფასებით, ომის გაგრძელებისა და სანქციების ტვირთი რუსეთის ეკონომიკაზე დისპროპორციულად იზრდება, რასაც ემატება უკრაინის დარტყმები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მისი შეფასებით, ელიტების განწყობები მნიშვნელოვნად გააუარესა საოკუპაციო არმიის წარუმატებელმა საზაფხულო იერიშმა.
კონტექსტი: "ომის სტრატეგიული კონტექსტი იცვლება... ასეთ ვითარებაში რუსეთი პრაქტიკულად იძულებულია მოახდინოს გამარჯვების თეორიის აქსელერაცია - სრულად გამოფიტოს უკრაინა და ძირი გამოუთხაროს ევროპის სიმტკიცეს"- წერს გულდ-დევისი.
- ექსპერტის შეფასებით რუსეთის ქცევა ეტაპობრივად უფრო აგრესიული და პროვოკაციული იქნება და ერთადერთი რასაც ამის აღკვეთა შეუძლია ევროპის ერთიანი და მტკიცე პასუხი იქნება, ქმედებებით და არა განცხადებებით.
- "ესკალაციის შიში, მისი მოპატიჟების ტოლფასია"- ნათქვამია სვეტში.