ნატოზე რუბიოს სიტყვების შემდეგ ევროპელ მოკავშირეებში 'დაკრძალვის' განწყობაა

სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კრიტიკამ ნატოს მიმართ მოკავშირეებში "დაკრძალვის" განწყობა შექმნა - ევროპულ დედაქალაქებში ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დასასრულს ნიშნავდეს. 

ვითარების არსი: ამის შესახებ The Economist ირანთან ომის ფონზე ამერიკასა და ევროპელ მოკავშირეებში წარმოქმნილ განხეთქილებაზე მიძღვნილ მასალაში წერს

  • მასალის ავტორების შეფასებით, ევროპელი ლიდერებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო იყო მარკო რუბიოს კრიტიკა, რომელსაც ტრამპის მეორე ადმინისტრაციაში მთავარ "ტრანს-ატლანტიკოსად" მიიჩნევდნენ. 
  • საყურადღებოა, რომ 2023 წელს იმ დროს სენატორი რუბიო გახდა თანაავტორი კანონისა, რომელიც პრეზიდენტს უკრძალავს ნატოდან შეერთებული შტატების გაყვანას, კონგრესის 2/3-ის თანხმობის გარეშე. 

წინარეისტორია: გასულ კვირას FoxNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუბიომ მწვავედ გააკრიტიკა ნატო. 

  • "ნატო მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ევროპა უნდა დავიცვათ. ჩვენ მათ არ ვთხოვთ, რომ განახორციელონ საჰაერო დარტყმები, მაგრამ ისინი უარს გვეუბნებიან მათი სამხედრო ბაზების გამოყენებაზეც. ჩნდება კითხვა - "რატომ ვართ ნატოში? ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს"- თქვა რუბიომ. 

ჩაშლილად: "ეს ნატოს ისტორიაში ყველაზე მძიმე მომენტია"- ამბობს ჟურნალთან საუბარში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში, ივო დაადლერი - მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერაზე უარის თქმით, ევროპელებმა დაასუსტეს ნატოს მიმართ კეთილგანწყობილი ამერიკელების პოზიციები. 

  • ყველაზე კონფრონტაციული ტრამპის მიმართ ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩეზია, რომელმაც არამხოლოდ უარი თქვა თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 3.5%-მდე გაზრდაზე, არამედ ამერიკას სრულად შეუზღუდა წვდომა საკუთარ სამხედრო ბაზებზე და აეროდრომებზე. 

  • უფრო მოზომილი იყო საფრანგეთი, რომლის გამანადგურებლები არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ირანული დრონების იერიშების მოგერიებაში ეხმარებიან, ხოლო ავიამზიდი კვიპროსის დაცვაში მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, ამერიკული თვთიმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის გახსნაზე უარის გამო პარიზმა დონალდ ტრამპის კრიტიკა მაინც დაიმსახურა. 

  • ბრიტანეთმა თავდაპირველად უარი უთხრა ვაშინგტონს თავისი ბაზების გამოყენებაზე, თუმცა მოგვიანებით მისცა ამის უფლება ირანის საპასუხო დარტყმების მოსაგერიებლად. ბრიტანელი პრემიერი რამდენიმეჯერ გახდა დონალდ ტრამპის პერსონალური თავდასხმის ობიექტი. 

კონტექსტი: ვითარების განმუხტვას შეეცდება ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე, რომელიც 8 აპრილს ვაშინგტონში ვიზიტს გამართავს. 

  • თუმცა, ჟურნალის ერთ-ერთი ფინელი წყაროს ცნობით, აშშ-სა და ევროპის ურთიერთობებმა შესაძლოა უკვე გაიარა "არშემობრუნების წერტილი." 

მსგავსი სიახლეები