ГУР-ის ოპერაცია და კრიტიკულთან მიახლოებული ვითარება - რა ხდება პოკროვსკში
გასულ დღეებში მნიშვნელოვნად გაუარესდა უკრაინული არმიის მდგომარეობა ქალაქ პოკროვსკის ირგვლივ - რუსეთი პოკროვსკ-მირნოჰრადის აგლომერაციის ალყაზე საუბრობს, უკრაინაში ალყას უარყოფენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ვითარება კრიტიკულს უახლოვდება.
წინარე ისტორია: პოკროვსკი გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული საოკუპაციო არმიის მთავარი სამიზნე და იერიშის ცენტრალური მიმართულებაა - ქალაქზე რამდენიმე საავტომობილო და სარკინიგზო კვანძი გადის.
- პოკროვსკის შემოგარენს რუსული არმიის მოწინავე დაჯგუფებები ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე მიუახლოვდნენ, მალევე ქალაქიდან ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა, არაერთი სამხედრო ექსპერტი პროგნოზირებდა, რომ ქალაქი რამდენიმე თვეში დაეცემოდა.
- მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინულმა არმიამ წერტილოვანი კონტროშეტევებით მოახერხა ქალაქთან მისასვლელი გზების გათავისუფლება და ამ დროის განმავლობაში ინარჩუნებდა კონტროლს უშუალოდ ქალაქის სრულ ტერიტორიაზე.
- უკრაინული წყაროების ცნობით, მიმდინარე წლის ზაფხულიდან მოყოლებული პოკროვსკის მიმართულებით მოქმედმა რუსულმა დანაყოფებმა ტაქტიკა შეცვალეს - მსხვილი მექანიზებული კოლონებით შეტევის ნაცვლად მცირე ქვეითთა დაჯგუფებების გამოყენება დაიწყეს.
- უკრაინულ არმიაში ცოცხალი ძალის დეფიციტის ფონზე ტაქტიკა საბოლოოდ გამართულებული აღმოჩნდა და გასულ კვირას ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი შეიჭრა.
- დრონების და სარაკეტო დარტყმებით თითქმის სრულად განადგურებულ ქალაქში ამ დრომდე 1200 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.
ჩაშლილად: პოკროვსკ-მირნოჰრადის ალყაში მოქცევის შესახებ რუსეთის გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა ვლადიმირ პუტინს 26 ოქტომბერს გამართულ თათრბირზე მოახსენა.
- მომდევნო დღეებში ალყის შესახებ რამდენიმეჯერ განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, მეტიც რუსეთის პრეზიდენტმა პროპაგანდისტული მიზნებით ქალაქში უცხოეული ჟურნალისტების შეშვების მზაობაც გამოთქვა.
- სრული ალყის შესახებ სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელების განცხადებებს სკეპტიკურად გამოეხმაურნენ რუსი ტელეგრამ Z-ბლოგერების რიგებშიც.
- მიუხედავად ამისა, უკრაინული წყაროების ცნობით პოკროვსკში მოქმედი უკრაინული დანაყოფების მომარაგების გზები პრაქტიკულად საოკუპაციო არმიის საცეცხლე კონტროლს ექვემდებარება.
- ჰაერში რუსული დრონების დომინაციის ფონზე მომარაგების გზებით სარგებლობა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო მომარაგება და დაჭრილების ევაკუცია ქვეითად, სახმელეთო და საჰაერო სატვირთო დრონებით მიმდინარეობს.
- 29 ოქტომბერს ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ქალაქის ერთ-ერთ შესავლელთან სტელაზე აღმართული რუსული დროშის ვიდეო, რომელიც მოგვიანებით უკრაინულმა დრონმა გაანადგურა.
- მიუხედავად ამისა, თავად ქალაქის ამ ნაწილში რუსული დაჯგუფებების გამოჩენა ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინული არმიისთვის შექმნილ რთულ მდგომარეობაზე მიუთითებს.
- ვითარებას ართულებს ისიც, რომ ქალაქის მიმართულებით ძლიერდება საოკუპაციო არმიის ფრონტალური წნეხი სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ფლანგიდან. აქ რუსეთის არმიამ შეძლო რამდენიმე უბნის დაკავება სარკინიგზო კვანძის რაიონში, რომელიც ქალაქს პრაქტიკულად ნახევრად ჰყოფს.
- გასულ დღეებში რუსეთის არმიამ მექანიზებული შტურმი დაიწყო პოკროვსკის სატელიტი ქალაქის, მირნოჰრადის აღმოსავლეთ რაიონების მიმართულებით - მათი მთავარი მიზანი შახტებისა და მაღალსართულიანი შენობებით დატვირთული რაიონის დაკავებაა, რომლის მეშვეობითაც ისინი პრაქტიკულად სრულად გააკონტროლებენ დაბლობზე განლაგებულ დასახლებას.
- თუ კი პოკროვსკიდან და მირნოჰრადიდან მიმავალი რუსული დაჯგუფებები შეკრავენ რკალს უკრაინული გარნიზონი ფრონტის ამ მონაკვეთზე პრაქტიკულად ორად გაიხლიჩება და ZSU-ის რამდენიმე დანაყოფი შესაძლოა სრულ ალყაში აღმოჩნდეს.
სტრიქონებს შორის: უკრაინული წყაროების ცნობით, პოკროვსკის ირგვლივ 11 ათასამდე რუსი სამხედროა მობილიზებული, ხოლო ქალაქში შეჭრილთა რაოდენობა არ აღემატება რამდენიმე ასეულს.
- პოკროვსკში მებრძოლი მეშვიდე სადესანტო ბრიგადის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ქალაქში შეჭრილი რუსი ჯარისკაცები ტერიტორიაზე გამაგრებას არ აპირებენ, მათი მიზანია გააგრძელონ წინსვლა, უკრაინული ძალების შემდგომი გახლეჩვის მიზნით.
- სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებენ რუსული დივერსიულ დაჯგუფებები, რომლებიც აფეთქებენ სატრანსპორტო კვანძებს, აწყობენ ჩასაფრებებს.
- უკრაინული OSINT პროექტი Deep State 30 ოქტომბრის კრებსში, პოკროვსკში შექმნილ ვითარებას ახასიათებს როგორც "კრიტიკულთან ზღვრულს" და ყურადღება გამახვილებულია უკრაინული გარნიზონის ლოჯისტიკის მოშლაზე.
- "ყველაზე ცუდი ის არის, რომ მტერმა შეძლო ჩვენი ლოჯისტიკის მოშლა მირნოჰრადიდან მთელი აგლომერაციის მიმართულებით, ისინი ეტაპობრივად ყლაპავენ მთელ ქალაქს."
- ასეთ ვითარებაში პროექტის ანალიტიკოსების თქმით, გამოსავალი ქალაქში რუსი ჯარისკაცების ინფილტრაციის გზების დაბლოკვა და უკვე ინფლიტრირებული დაჯგუფებების განეიტრალებაა.
- "ვითარება პოკროსვკში კრიტიკულის ზღვარზეა და კვლავ უარესდება ისეთ დონემდე, რომ გამოსწორება შესაძლოა შეუძლებელი აღმოჩნდეს"- ნათქვამია კრებსში.
დაეწიე ამბავს: როგორც ჩანს სწორედ რუსების ინფილტრაციის ბლოკირების მიზნით ქალაქში უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР-ის) მცირე დესანტი გადასხეს.
- ამის შესახებ თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა დაწერა, მოგვიანებით დაადასტურეს უკრაინსკა პრავდა და BBC-ის უკრაინული სამსახურის წყაროებმა უკრაინულ სპეცსამსახურებში.
- ამავე წყაროების ცნობით, საუბარი ოპერაციას ადგილიდან ხელმძღვანელობის სამხედრო დაზვერვის დირექტორი, კირილო ბუდანოვი - გავრცელებულ კადრებზე, რომლის გადაღების ლოკაციაც არ არის ვერიფიცირებული ჩანს Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენი საიდანაც 11 უკრაინელი სპეცრაზმელი გადმოდის.
- ცოტა ხნის წინ, იმავე უკრაინსკა პრავდამ მეშვიდე სადესანტო ბრიგადაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო ქალაქის რამდენიმე რაიონში ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესება.
- ქალაქში მიმდინარე ოპერაციებში სადაზვერვო დანაყოფების მონაწილეობა ცოტა ხნის წინ დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმაც.
- თავის მხრივ სირსკიც უარყოფს აგლომერაციის ალყაში ყოფნას, თუმცა ადასტურებს, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე ვითარება რთულია.
კონტექსტი: პოკროვსკის დაცემის შემთხვევაში ეს 2023 წლის გაზაფხულზე, ბახმუტის აღებიდან მოყოლებული რუსეთის არმიის მიერ დაკავებული უმსხვილესი ქალაქი იქნება - სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ქალაქის მოსახლეობა 60 ათასს აღემატებოდა.