ირანი ბირთვულ ამბიციებსა და ჰორმუზზე კონტროლს არ თმობს - ხამენეის განცხადება
ირანის უზენაესმა ლიდერმა მიმდევრებს იშვიათი განცხადებით მიმართა. მისი თქმით, ირანი არ დათმობს ბირთვულ პროგრამას და შეინარჩუნებს კონტროლს ჰორმუზის სრუტეზე.
ვითარების არსი: მოჯთაბა ხამენეის განცხადება კვლავ ტექსტური შეტყობინების სახით გავრცელდა - ირანის უმაღლესი ლიდერი თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან საჯაროდ არ გამოჩენილა.
- დასავლური მედიის ცნობით, ის მძიმედ დაიჭრა 28 თებერვალს, მისი წინამორბედისა და მამის, ალი ხამენეის ოფიციალურ რეზიდენციაზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმისას.
- ირანის წინააღმდეგ ამერიკისა და ისრაელის ერთობლივი ომის გამხსნელ იერიშს მოჯთაბა ხამენეის მამის გარდა ემსხვერპლა, მისი ცოლი და მწირეწლოვანი ქალიშვილიც.
ჩაშლილად: განცხადება 30 აპრილს გავრცელდა, როდესაც ირანში სპარსეთის ყურის ეროვნულ დღეს ზეიმობენ - 1622 წელს პორტუგალიის იმპერიის წინააღმდეგ ჰორმუზის სრუტეში მიღწეული ისტორიული სამხედრო გამარჯვების ხსოვნის დღე.
- "ღვთის ნებით და ძალით სპარსეთის ყურის ნათელი მომავალი იქნება მომავალი ამერიკის გარეშე"- და აღნიშნულია, რომ ათასობით კილომეტრიდან ჩამოსული "ხარბი უცხოელები სპარსეთის ყურის ფსკერზე განისვენებენ."
- მოჯთაბა ხამენეის თქმით, ირანი არ აპირებს კონტროლის დათმობას ჰორმუზის სრუტეზე და ბირთვულ ამბიციებზე, ხოლო ბალისტიკური რაკეტების პროგრამა "ეროვნულ საგანძური" უწოდა.
დიდი სურათი: 8 აპრილიდან მოყოლებული ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, თუმცა მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ პროცესი მკვეთრად შეფერხდა,
- ამ დროისთვის ჰორმუზის სრუტე ორმაგ ბლოკადაშია - ირანისა და შეერთებული შტატების მხრიდან, რომელმაც საზღვაო ირანის საზღვაო ბლოკადა დააწესა.
- მოლაპარაკებებში ჩიხის ფონზე, Axios წერდა, რომ ტრამპს სამხედრო ოპერაციების ახალ გეგმას წარუდგნენ, რომლის მიზანიც ირანის დათმობებისკენ იძულება იქნება.
- საზღვაო ბლოკადის პირობებში ირანის ეკონომიკური პრობლემები გამწვავდა, ინფლაციის მაჩვენებელი გასულ თვეში 70%-ს აჭარბებდა, კვლავ გაუფასურდა რიალი.
- ექსპერტების შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეკონომიკური წნეხის ფონზე ისლამური რესპუბლიკა არსებით დათმობებზე წავიდეს.
კონტექსტი: გასულ კვირებში New York Times თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მოჯთაბა ხამენეის ჯანმრთელობის მდგომაროება კვლავ მძიმეა, ხოლო მასთან კომუნიკაცია უკიდურესად შეზღუდულია.
- წყაროების ცნობით, უმცროს ხამენეის ისედაც ვერ ექნებოდა მამის მსგავსი ავტორიტეტი და კონტროლი, თუმცა მისი იზოლაციის პირობებში ქვეყანას პრაქტიკულად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გავლენიანი მეთაურები მართავენ.