მსოფლიო ლიდერები პიტერ მადიარს არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავენ
12 აპრილს უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის პარტია "Fidesz" დიდი სხვაობით დამარცხდა პიტერ მადიარის პარტიასთან "Tisza", რითაც ქვეყანაში ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა.
ვითარების არსი: არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, პიტერ მადიარის პარტიას 138 მანდატი ექნება, რაც მათ საშუალებას მისცემთ გააუქმონ ორბანის მიერ მიღებული კანონები და მიიღონ 20 მილიარდი ევრო, რომელიც ევროკავშირს დაბლოკილი აქვს - ეს ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა.
პიტერ მადიარს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მალევე მიულოცეს მსოფლიოს ლიდერებმა.
- "დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვეს." - დაწერა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა კვირას ღამით სოციალურ ქსელ X-ში.
- "კვლავ ერთად! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო!" - დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა.
დეტალები: მადიარმა აღნიშნა, რომ კვირას ღამით, გამარჯვების გამოსაცხადებლად სცენაზე ასვლამდე, მას ტელეფონით დაუკავშირდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
- "საფრანგეთი მიესალმება დემოკრატიული მონაწილეობის გამარჯვებას, უნგრელი ხალხის ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი და უნგრეთის სწრაფვას ევროპისკენ." - დაწერა ემანუელ მაკრონმა.
- გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დასძინა, რომ "მოდით, გავაერთიანოთ ძალები ძლიერი, უსაფრთხო და, რაც მთავარია, ერთიანი ევროპისთვის."
- მადიარის გამარჯვებას X-ზე გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც, რომელმაც აღნიშნული "ისტორიულ მომენტად" შეაფასა, "არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვის."
- პიტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა და აღნიშნა, რომ "გამარჯვება მემარჯვენე პოპულიზმზე, ასევე არის ევროკავშირისა და მისი მომავლის დიდი გამარჯვება."
- "დამაჯერებელი საარჩევნო გამარჯვება" მიულოცა მადიარს იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, რომელმაც ასევე ორბანსაც გადაუხადა მადლობა "ამ წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობისთვის."
ონლაინ სივრცეში მილოცვები ასევე გამოაქვეყნეს ირლანდიის პრემიერმა მაიკლ მარტინმა, შვედეთის პრემიერმა ულფ კრისტერსონმა და ევროპარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ. მადიარს წარმატებები უსურვეს დანიის პრემიერმა მეტე ფრედერიკსენმა, რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ.
- მადიარისთვის მილოცვისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა: "მზად ვართ შეხვედრებისა და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ, ისევე როგორც ევროპის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გულისთვის."
დიდი სურათი: ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2010 წლიდან იკავებდა და ბევრი დამკვირვებლის აზრით, მან ქვეყანა მნიშვნელოვნად გადახარა ავტორიტარული მმართველობისკენ.
რაც შეეხება პიტერ მადიარს - იგი დიდი ხნის განმავლობაში ორბანის გარემოცვის წევრი იყო, თუმცა 2024 წელს მას დაუპირისპირდა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ჯგუფი გააკეთა, რომელმაც თავდაპირველად, ევროპარლამენტის არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა.