პეკინში დონალდ ტრამპისა და სი ძინფინგის შეხვედრა შედგა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინფინგმა, 14 მაისს, პეკინში ჩასულ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უმასპინძლა.
ვითარების არსი: აშშ-ს ლიდერს ჩინეთის დედაქალაქში სამხედრო პატივით დახვდნენ. ტრამპმა და სიმ ერთმანეთს ხელი ტელეკამერების წინ ჩამოართვეს "სახალხო ყრილობათა დარბაზში" - ჩინეთის პარლამენტის გრანდიოზულ შენობაში, რომელიც ტიანანმენის მოედანზე მდებარეობს.
- აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა: "ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თქვენი მეგობარი. ურთიერთობა ჩინეთსა და აშშ-ს შორის იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ოდესმე ყოფილა."
- ტრამპის თქმით, ორ ქვეყანას "ფანტასტიკური საერთო მომავალი" აქვს.
- სი ძინფინგმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მოხარულია ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტით იმ დროს, როდესაც "სამყარო ახალ გზაგასაყარზე აღმოჩნდა."
- ჩინეთის ლიდერმა გამოთქვა რწმენა, რომ ორივე სახელმწიფო უნდა იყოს "პარტნიორი და არა მეტოქე," რადგან ეს არა მხოლოდ ორივე მხარისთვისაა მომგებიანი, არამედ "სიკეთეა მთელი მსოფლიოსთვის."
სტრიქონებს შორის: შეხვედრას ესწრებოდნენ ტრამპთან ერთად პეკინში ჩასული აშშ-ის მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი.
- ბიზნეს სექტორიდან კი Apple-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელები, ტიმ კუკი და ილონ მასკი.
დიდი სურათი: მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკვანძო თემა იქნება აშშ-ისა და ისრაელის ომი ირანთან.
- მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი ჩინეთისგან დახმარებას ელოდება ჰორმუზის სრუტის ირანული ბლოკადის მოსახსნელად. მანაღნიშნა, რომ პეკინი ასევე დაინტერესებულია ამ სტრატეგიული არტერიის განბლოკვით, რადგან იქ ჩინური გემებიც არიან გაჭედილები.
- აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა ზარალდება ენერგეტიკული კრიზისის გლობალური შედეგებით, რაც ამცირებს მოთხოვნას ჩინურ საქონელზე.
კონტექსტი: 2025 წლის ოქტომბერში, სამხრეთ კორეაში გამართულ შეხვედრაზე, ტრამპი და სი უკვე შეთანხმდნენ იშვიათი მინერალების ექსპორტზე "ბარიერების მოხსნასა" და იმ ტარიფების შემცირებაზე, რომლებიც ვაშინგტონმა "ფენტანილის კრიზისის" გამო დააწესა.
- დონალდ ტრამპის ვიზიტი პეკინში ორი დღე გაგრძელდება. ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთს 2017 წელს ეწვია.