პეტერბურგელი ქუჩის მუსიკოსის წინააღმდეგ მეორე საქმე აღიძრა
ქუჩის მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდ "სტოპტაიმის" ვოკალისტის, დიანა "ნაოკო" ლოგინოვას წინააღმდეგ, სანქტ-პეტერბურგის სასამართლოში ახალი საქმე აღიძრა.
ვითარების არსი: პატიმრობის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, ლოგინოვას წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა. შესაბამისი პროტოკოლი ძერჟინსკის რაიონის სასამართლოს საიტზეა გამოქვეყნებული.
- პროტოკოლის მიხედვით, მომღერალს ფულადი ჯარიმა ემუქრება. თუმცა არ არის მითითებული ახალი საქმის დეტალები.
- ე.წ. რუსეთის არმიის დისკრედიტაციის ახალი საქმე ლოგინოვას წინააღმდეგ 1 ნოემბერს აღიძრა, 5 ნოემბერს კი მოსამართლე იანა ნიკიტინას გადაეცა.
წინარე ისტორია: 11 ოქტომბერს ქუჩის მუსიკოსების ბენდმა "სტოპტაიმ" სანქტ-პეტერბურგში, სენნაიას მოედანზე კონცერტი გამართეს, რომელზეც დღევანდელ რუსეთში აკრძალული შემსრულებლების - მონეტოჩკას და Noize MC-ის სიმღერები შეასრულეს.
- 15 ოქტომბერს ლოგინოვა, "სტოპტაიმის" გიტარისტი ალექსანდრ ორლოვი და დრამერი ვლადისლავ ორლოვი დააკავეს.
- "სტოპტაიმის" წევრები პირველი მუსიკოსები გახდნენ, რომლებიც "უცხოეთის გავლენის აგენტების" რეპერტუარის შესრულებისთვის გაასამართლეს.
სიღრმისეულად: აქამდე ნაოკოს წინააღმდეგ 4-ჯერ აღიძრა საქმე. 16 ოქტომბერს მომღერალს "მასიური აქციების გამართვის" ბრალდებით, 13-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
- 12 დღის გასვლის შემდეგ, ლოგინოვა "არმიის დისკრედიტაციის" გამო, 30 000 რუბლით (დაახლოებით $370) დააჯარიმეს.
- მომდევნო დღეს მუსიკოსს პატიმრობა კიდევ 13 დღით გაუგრძელეს, მიზეზი სიმღერის შესრულების დროს არანორმატიული ლექსიკის გამოყენება გახდა.
დიდი სურათი: ამჟამინდელი მონაცემებით, ხელისუფლება ლოგინოვას ქმედებებს ადმინისტრაციულ დანაშაულად აფასებს.
- თუმცა, ნაოკოსთვის პატიმრობის გახანგრძლივების ფაქტი, შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ბრალმდებელი მხარე მომღერლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გეგმავს.
- ე.წ. კარუსელის პრინციპით ხელმეორედ დააკავეს პერმელი ქუჩის მუსიკოსი ეკატერინა რომანოვა, რომელმაც ლოგინოვას მხარი დაუჭირა.