რუსეთმა ზაპორიჟია დაბომბა: ორი ადამიანი დაიღუპა, 23 - დაშავდა

30 ოქტომბერს, რუსეთმა ზაპორიჟია რაკეტებითა და დრონებით დაბომბა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, 23 - დაშავდა.

ვითარების არსი: ზაპორიჟიას საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი Telegram-ზე წერს, რომ 13:00 საათის მდგომარეობით, დაჭრილების რაოდენობა 23-ია, მათგან ექვსი ბავშვია.

  • მისი თქმით, დაჭრილთა რაოდენობა იზრდება და ექიმები ყველას უწევენ დახმარებას.
  • ზაპორიჟიას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მეორე დაღუპულის ცხედრის ნანგრევებიდან ამოღების პროცესი.
  • დაშავებულებს აღენიშნებათ მწვავე რეაქცია სტრესზე, ჭრილობები, კონტუზიები, დაჟეჟილობები და მოტეხილობები.

ჩაშლილად: "რაკეტა მოხვდა საერთო საცხოვრებელს – იქ რამდენიმე სართულია დანგრეული. იყო რამდენიმე ხანძარი საცხოვრებელ შენობებში. დაზარალდა ინფრასტრუქტურული ობიექტებიც." – აღნიშნა ფედოროვმა.

  • 30 ოქტომბრის თავდასხმისას, რუსეთმა უკრაინისკენ 650-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი და 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაისროლა.
  • "ჩვენს ბევრ რეგიონში გრძელდება სამაშველო სამუშაოები რუსული თავდასხმის შემდეგ. რთული კომბინირებული დარტყმა: მტერმა 650-ზე მეტი დრონი და 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, მათ შორის ბალისტიკური და აერობალისტიკური. ბევრი ჩამოვაგდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი სამიზნეს მოხვდა." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
  • "დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები ზაპორიჟიაში, დაინგრა საერთო საცხოვრებელი. დარტყმის შედეგად ცნობილია ათობით დაშავებულის შესახებ, მათ შორის ხუთი ბავშვია. ორი ადამიანი, სამწუხაროდ, დაიღუპა. ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებსა და ახლობლებს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება." - თქვა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები