სანქციების ფონზე ჩინეთმა რუსული ნავთობის ყიდვა შეაჩერა, იმავეს აპირებს ინდოეთიც

შეერთებული შტატების მიერ რუსეთის უმსხვილესი სანავთობო კომპანიებისთვის დაწესებული სანქციების ფონზე ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა შეაჩერეს რუსული ნავთობის შესყიდვები - იმავე გადაწყვეტილებისთვის ემზადებიან ინდური კომპანიებიც. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. 

  • გამოცემის წყაროების ცნობით, მეორადი სანქციების რისკის გამო ზღვით ექსპორირებული რუსული ნავთობის შესყიდვა უკვე შეაჩერეს უმსხვილესმა ჩინურმა კომპანიებმა: PetroChina, Sinopec, CNOOC. 

  • მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ინდოეთის უმსხვილესმა კერძო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ და წყაროებიც ცნობით, მსგავსი გადაწყვეტილებისთვის ემზადებიან სახელმწიფო კომპანიებიც. 

  • "მოსალოდნელია, რომ რუსული ნავთობის წილი მყისიერად არ განულდება, მაგრამ იქნება მასიური კლება"- ამბობს გამოცემის ერთ-ერთი წყარო. 

დიდი სურათი: რუსეთის უმსხვილესი სანავთობო კომპანიების როსნეფტისა და ლუკოილის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ამერიკის ხაზინამ 22 ოქტომბერს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან, ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. 

  • დასავლური მედიის ცნობით, შეხვედრის გაუქმების მიზეზი კრემლის უკომპრომისო პოზიცია გახდა. 

  • მოგვიანებით, სანქციების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი სანქციებისთვის შესაბამისი დრო დადგა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში არ იმოქმედებს და რუსეთ-უკრაინას შორის ომი მალე მორჩება. 

კონტექსტი: ეს დონალდ ტრამპის მიერ მეორე საპრეზიდენტო ვადაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული პირველი სანქციებია. 

  • სხვადასხვა მონაცემებით ჩინეთსა და ინდოეთსა ჯამურად რუსეთის ნავთობის ექსპორტის 60%-ზე მეტი მოდის. 

 

მსგავსი სიახლეები