საქმე ლაპარაკის შემდეგ - ტრამპმა უკრაინას მისცა წვდომა სადაზვერვო მონაცემებზე

რუსეთის მიმართ რიტორიკის გამკაცრების შემდეგ ამერიკელმა პრეზიდენტმა პირველი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის რეალურ ცვლილებაზე მიუთითებს. 

ვითარების არსი: Wall Street Journal-ის წყაროების ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა უკრაინას მისცა წვდომა სადაზვერვო მონაცემებზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებისთვისაა საჭირო. 

  • პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საუბარია სადაზვერვო მონაცემებზე, რომლებიც არამხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევებისთვის არის საჭირო, არამედ სარაკეტო დარტყმებისთვისაც. 

  • ავტორების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა უკრაინისთვის უფრო შორეული შეიარაღების გადაცემაზე თანხმობა იყოს. 

ჩაშლილად: წყაროების ცნობით, გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტის გამოქვეყნებამდე მიიღო. 

  • "უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლის გაფართოება ჯერჯერობით ბოლო დასტურია იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აძლიერებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე"- ნათქვამია პუბლიკაციაში. 

  • გაზეთის მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ამერიკელი პრეზიდენტის გადაწყვეტილების შედეგად უკრაინას ექნება საშუალება უფრო ეფექტურად შეუტიოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ელექტროსადგურებს, მილსადენებსა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს. 

სტრიქონებს შორის: გარდა ამისა, ცნობილია რომ ტრამპის გუნდი განიხილავს უკრაინისთვის შორეული მოქმედების რაკეტების გადაცემის საკითხს. საუბარია ტომაჰავკის ტიპის რაკეტებზე, რომელთა რადიუსიც 2400 კილომეტრია და ბარაკუდას ტიპის რაკეტებზე, რომელთა სიშორეც 800 კილომეტრს უახლოვდება. 

  • სადაზვერვო მონაცემების მიმოცვლის გაფართოებისა და შორეული მოქმედების იარაღის მიღების შემთხვევაში უკრაინა შეძლებს გაცილებით უფრო მწვავე დარტყმა მიაყენოს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელიც საბიუჯეტო შემოსავლებისა და შესაბამისად ომის დაფინანსების მთავარი წყაროა. 

კონტექსტი: სექტემბრის მიწურულს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ რუსეთის მიმართ მისი მიდგომა იცვლება - "ყველა ფიქრობდა, რომ რუსეთი ამ ომში 3 დღეში გაიმარჯვებდა, მაგრამ ეს მოხდა"- თქვა ტრამპმა. 

  • გარდა ამისა, გასულ თვეებთან შედარებით იცვლება ტრამპის მიდგომა უკრაინის განკარგულებაში არსებული შეიარაღების გამოყენებაზეც - შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ტრამპის ადმინისტრაციამ შეწყციტა სადაზვერვო მონაცემების მიწოდება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებთან დაკავშირებით და ასევე ატაკამსის ტიპის რაკეტების გადაცემა. 

  • გასულ კვირებში ცნობილი გახდა, რომ თეთრმა სახლი დათანხმდა უკრაინისთვის საჰაერო ჭურვების მიყიდვას, რომელთა მოქმედების რადიუსი 450 კილომეტრამდეა. 

მსგავსი სიახლეები