სლოვაკეთში რობერტ ფიცოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება
ბრატისლავასა და სლოვაკეთის სხვა დიდ ქალაქებში მოსახლეობა კოალიციური მთავრობის გადაწყვეტილების, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ეხება, გაუქმების მოთხოვნით გამოვიდა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გადაწყვეტილებით, 2024 წელს პროკურატურის ის ოფისი, რომელიც კორუფციასა და მძიმე დანაშაულებებს იძიებს, დაიხურება.
კანონპროექტს პარლამენტისა და პრეზიდენტის მიერ დამტკიცება ესაჭიროება. რობერტ ფიცოს კოალიციას 150 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 79 მანდატი აქვს. პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადების უფლება აქვს. გარდა ამისა, არსებობს კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, თუმცა, სამთავრობო კოალიციას ვეტოს უბრალო უმრავლესობით დაძლევა შეუძლია.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კოალიციური მთავრობის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის კანონის უზენაესობას.
„ცვლილებები მაფიის წარმომადგენლებისა და კორუმპირებული ადამიანებისთვის ამნისტიას გამოიწვევს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მათ, რომ სამართლიანობას დავიცავთ“, - მიხალ სიმეჩკა, „ლიბერალური პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერი.
აღსანიშნავია, რომ ფიცოს მთავრობის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, გამომძიებლები და პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც მასშტაბურ კორუფციულ საქმეებს იძიებდნენ, სამსახურებიდან გაათავისუფლეს.
კონტექსტი
30 სექტემბერს სლოვაკეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმების უმრავლესობა - 23% რობერტ ფიცოს პოლიტიკურმა პარტია „სმერმა“ მოიპოვა.
კოალიციური მთავრობა „სმერის“, „ჰლასის“ და „ნაციონალისტური პარტიის“ მიერ ჩამოყალიბდა, რომელთაც ჯამში 79 მანდატი აქვთ.
რობერტ ფიცომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეოთხედ მოახერხა. მის პოლიტიკურ გაერთიანება - „სმერს“, რომელმაც ხელისუფლების სათავეში მოსვლა პირველად 2006 წელს მოახერხა, წლებია აკრიტიკებენ კანონის უზენაესობის აღმოფხვრაში, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლაში, მედია და სასამართლო დამოუკიდებლობის აღმოფხვრაში, პოლიტიკური ოპონენტების დევნაში, კორუფციის აყვავებაში და ა.შ.