უკრაინას, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დაახლოებით $389 მლრდ დასჭირდება - The Economist

დღეს ევროპა გარე საფრთხის წინაშე დგას რუსეთის სახით, რომელიც უკრაინის განადგურებასა და ნატო-ს ერთიანობის შერყევას ცდილობს. მის შესაჩერებლად, უკრაინას სჭირდება საკმარისი ფული და მატერიალური რესურსები თავის დასაცავად, ეკონომიკის შესანარჩუნებლად. ევროპას ამ ტვირთის თითქმის მთლიანად ამერიკის დახმარების გარეშე ზიდვა მოუწევს. ეს კი ევროპული ქვეყნებისთვის სერიოზული გამოწვევაა, რომელიც მათი „სტრატეგიული ავტონომიის“ მისწრაფების ტესტად იქცევა.

ვითარების არსი: The Economist-ის დათვლებით, უკრაინას 2026-2029 წლებში, სავარაუდოდ, $389 მილიარდი დასჭირდება როგორც ფინანსური, ისე სამხედრო დახმარების სახით.

  • ეს მოცულობა თითქმის ორჯერ აღემატება ევროპის მიერ 2022 წლის თებერვლიდან დღემდე მიწოდებულ დაახლოებით $206 მილიარდს.
  •  უკრაინის წლიური საბიუჯეტო დეფიციტი დაახლოებით $50 მილიარდია.
  • აღდგენა და ინფრასტრუქტურა: წელიწადში დამატებით $5 მილიარდი ინფრასტრუქტურის შეკეთებისა და ქვეყნის აღდგენის დასაწყებად.
  • თავდაცვის ზრდა: უკრაინის თავდაცვის მთლიანი საჭიროებები (მათ შორის დახმარების ფარგლებში გადაცემული აღჭურვილობა) ყოველწლიურად 5%-ით გაიზრდება.
  • სამხედრო დახმარება: ოთხი წლის განმავლობაში ევროპამ უნდა უზრუნველყოს დაახლოებით $181 მილიარდის ღირებულების იარაღი და საბრძოლო მასალა (აშშ-ის დახმარება მნიშვნელოვნად შემცირდის გამო). 

ჩაშლილად: თუ სრული თახნის დაფარვა ევროპას მოუწევს,  ევროკავშირმა და მისმა წევრებმა $328 მილიარდი, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა დაახლოებით $61 მილიარდი უნდა გამოყოს. ეს ნიშნავს, რომ ნატო-ს დარჩენილი წევრებისთვის უკრაინის დახმარების ხარჯი მშპ-ის 0.2%-დან 0.4%-მდე გაიზრდება.

  • პოტენციური დაფინანსების წყაროდ განიხილება რუსეთის გაყინული აქტივები (რეპარაციების სესხი) - $163 მილიარდის ღირებულების რუსეთის სახელმწიფო აქტივები, რომლებიც გაყინულია ევროპულ (უმეტესად ბელგიურ) ანგარიშებზე. ეს ითვლება უახლოესი ერთი-ორი წლის მანძილზე დაფინანსების მთავარ წყაროდ. თუმცა, გეგმა შენელებულია ბელგიის წინააღმდეგობის გამო.
  • ევროკავშირის ბიუჯეტი -  ევროკავშირს გათვალისწინებული აქვს $15 მილიარდი 2027 წლამდე. 2028 წლიდან კი, წელიწადში დაახლოებით $30 მილიარდი შეიძლება გამოიყოს ახალი შვიდწლიანი საბიუჯეტო ციკლიდან, რაც სხვა სფეროებში დიდ დანაზოგებს მოითხოვს.
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) -  მოსალოდნელია დაახლოებით $10 მილიარდის მოცულობის პროგრამა, რომელიც ნდობის „წამყვანის“ როლს შეასრულებს სხვა დონორებისთვის.
  • ერთობლივი ევროპული სესხი - გრძელვადიან პერსპექტივაში, "რეპარაციების სესხის" ამოწურვის შემდეგ, აშკარა გამოსავალია ერთობლივი ევროპული ობლიგაციების გამოშვება (პოსტ-პანდემიური აღდგენის ფონდის მსგავსად). ამას ეწინააღმდეგებიან გერმანელი ოფიციალური პირები (ფიქრობენ, რომ ძირს გამოუთხრის ფისკალურ დისციპლინას) და, ასევე, ეს გეგმა უნგრეთის მსგავსი რუსეთისადმი მეგობრული ლიდერების ვეტოს რისკის ქვეშაა.
  • არსებობს უთანხმოება იმაზეც, უნდა მოხმარდეს თუ არა ეს ფული მხოლოდ იარაღის შესყიდვას, თუ უკრაინის საბიუჯეტო ხარვეზის ამოვსებას.

დიდი სურათი: ამერიკის დახმარების სავარაუდო შეწყვეტა ევროპას უბიძგებს, გადავიდეს უსაფრთხოების ახალ, “თვითკმარობის ფაზაზე”.

  • იარაღის დახარჯვის დილემა -  მნიშვნელოვანი დებატები მიმდინარეობს იმაზე, იხარჯება თუ არა ევროპული ფული ევროპული თავდაცვითი მრეწველობის გასაძლიერებლად, თუ ის ისევ აშშ-ის იარაღის შესაძენად მიდის. ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ურჩევნია საკუთარი მრეწველობის განვითარება, თუმცა აღიარებულია, რომ ზოგიერთი კრიტიკული მნიშვნელობის შეიარაღების სისტემა (მაგ. Patriot, HIMARS) მხოლოდ ამერიკას აქვს.
  • გადაწყვეტის აუცილებლობა -  მიუხედავად შიდა წინააღმდეგობებისა (მაგალითად, ბელგიისა და უნგრეთის მხრიდან), ევროპული ქვეყნების უმეტესობას ესმის რუსული საფრთხის სერიოზულობა. „რეპარაციების სესხი“ და ერთობლივი დაფინანსება, სავარაუდოდ, მიიღწევა კომპრომისის შედეგად, რადგან ალტერნატივა არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები