თეთრი სახლი: რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ოლიმპიადის დასრულებამდე შეიჭრას
რუსეთი უკრაინაში შესაძლოა პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე შეიჭრას. ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
სალივანის თქმით, რუსეთას უკვე ყავს მობილიზებული საკმარისი რაოდენობის ჯარები თავდასხმის დასაწყებად. მისი თქმით, თავდასხმა შესაძლოა ჰაერიდან დაიწყოს.
ამავდროულად ბაიდენის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით ვლადიმირ პუტინის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.
პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვალს დაიწყო და 20 თებერვალს სრულდება. ოლიმპიადის განმავლობაში თავდასხმის რისკზე განაცხადა დღეს აშშ-ის სახელლმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც.
აშშ-ის სახელმწიფო თანამდებობის პირებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ამერიკელებს დროულად დატოვონ უკრაინის ტერიტორია.