The Economist: რუსეთი გამაოგნებელი სისწრაფით კარგავს გავლენას კავკასიაში

უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთი სწრაფად კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე - რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან - "მხოლოდ საქართველო, ერთ დროს დასავლეთის მთავარი პარტნიორი მიდის მახინჯი ანტი-დასავლური და რუსეთთან დაახლოებული ავტოკრატიისკენ."
State Of Play: ამის შესახებ The Economist რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ გამოქვეყნებულ მოზრდილ მასალაში წერს - ავტორების შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის კლების ტემპი "გამაოგნებელია."
- "თანამედროვეობის ყველაზე საშიში ომების პერიფიერიაზე მდებარე რეგიონში ცვლილებების ტემპი და მასშტაბი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მაღალია, საბჭოთა კავშირის, რომელსაც პირველი ბზარები სწორედ ამ რეგიონში გაუჩნდა"- ნათქვამია მასალაში.
- უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შედეგად რუსეთმა საბოლოოდ დაკარგა სამხრეთ კავკასიაზე წნეხის პროიცირების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი - ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში სხვა გაყინული კონფლიქტების მსგავსად რუსეთის პოლიტიკისა და გავლენის მთავარი ინსტრუმენტი იყო.
- პარალელურად ირან-ისრაელის ომმა კიდევ უფრო გაზარდა ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანის მნიშვნელობა, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი სამხედრო ძალა და აღმავალი რეგიონული სახელმწიფოა, რომელიც უფრო დიდ მეზობლებთან თანაბარ ურთიერთობებს ესწრაფვის.
Big Picture: "ამ ცვლილებების მასშტაბს რეგიონისგან შორსაც მკაფიოდ იგრძნობენ - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებით, სომხეთი ე.წ. შუა კორიდორში ინტეგრირდება, კორიდორის, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით დააკავშირებს ჩინეთს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპასთან."
- "ეს საკვანძო მნიშვნელობისაა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, რადგანაც საქართველო სულ უფრო არასაიმედო პარტნიორად ტრანსფორმირდება"- ნათქვამია მასალაში.
- ავტორების შეფასებით, რუსეთის უმოქმედება 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის დროს ნაწილობრივ განპირორებული იყო 2018 წელს სომხეთში მომხდარი მშვიდობიანი რევოლუციის რევანშის სურვილით.
- "პუტინმა დაუშვა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის ნაწილობრივ დაბრუნება, რის შემდეგაც მხარეებს ზავის მოახვია თავს, რამაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამშვიდობოების სახით სამხედრო კონტინგენტის განლაგების საშუალება მისცა, რითიც კიდევ უფრო გაზარდა სომხეთის დამოკიდებულება კრემლზე"- წერენ ავტორები.
- ზავი ასევე ითვალისწინებდა აზერბაიჯანისა და ირანის საზღვართან მდებარე ნახიჩევანის ექსკლავთან სატრანსპორტო კორიდორის ორგანიზებას, რომელიც სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე უნდა გასულიყო და ბაქოს თურქეთთან დაეკავშირებინა.
- "პუტინმა მოახერხა და ზავში ჩადო პირობა, რომ აღნიშნულ კორიდორს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების (FSB) დანაყოფები გააკონტროლებდნენ"- ნათქვამია მასალაში.
Break It Down: "უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პუტინის მაქინაციებმა აზრი დაკარგა"- წერენ ავტორები.
- აზერბაიჯანმა ისარგებლა შექმნილი ვითარებით და 2023 წლის სექტემბერში და ყარაბაღზე სრული კონტროლი 24 საათში აღადგინა, რამაც რუსი სამშვიდობოების რეგიონში დაყოვნების პრეტექსტი მოსპო.
- "ყარაბაღში მიღწეული გამარჯვებით შთაგონებული ბაქო მოსკოვთან თანაბარ ურთიერთობებზე გადაწყობას შეეცადა რითიც ეჭვქვეშ დააყენა კრემლში გაბატონებული შეხედულება, რომ სამხრეთ კავკასია მისი ექსკლუზიური გავლენის ზონაა"- ამბობს გამოცემასთან საუბარში კარნეგის ფონდის ექსპერტი, ზაურ შირიევი.
- გასულ თვეებში ასევე მკაფიო გახდა, რომ ბაქო ეწინააღმდეგება ნახიჩევანთან დამაკავშირებელი კორიდორის FSB-ს მიერ გაკონტროლების იდეას - "რუსული სპეცსამსახურების ნაცვლად აზერბაიჯანში დამოუკიდებელი საერთაშორისო უწყების კონტროლზე საუბრობენ, შესაძლო ამერიკული ჩართულობით."
- რეგიონში შეცვლილი დინამიკისა და ძალთა ბალანსის დასტურად ავტორებს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო კვირებში განვითარებული პოლიტიკური სკანდალი მოჰყავთ - "სკანდალი ბოლო ლურსმანი აღმოჩნდა კორიდორში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის განთავსების ინიციატივის კუბოში."
- ავტორების ცნობით, ბაქოსა და მოსკოვს შორის უთანხმოებაში სიმწვავის დონე შესაძლოა შემცირდეს, "მაგრამ დაძაბულობა აღმავალ რეგიონულ სახელმწიფოსა და ყოფილ იმპერიულ მეტროპოლიას შორის არსად წავა."
- ავტორების შეფასებით, თურქეთისა და ისრაელის მიერ შეიარაღებული აზერბაიჯანი ამჟამინდელი რუსეთისთვის ძლიერი მეტოქეა, ამიტომაც რეგიონში გავლენის დაბრუნების საუკეთესო შანსი შესაძლოა კვლავ სომხეთი აღმოჩნდეს, რომელიც იმპორტის თვალსაზრისით კვლავ დამოკიდებულია რუსეთზე და კრემლი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სამხედრო ბაზას მის ტერიტორიაზე.
- "თუმცა ის რაც რუსეთს სომხეთში აკლია, ეს სახალხო მხარდაჭერაა. ასეთი ღია ღალატის შემდეგ ძალიან ცოტა სომეხი მიიჩნევს ვლადიმირ პუტინს მოკავშირედ"- წერენ ავტორები და მიუთითებენ, რომ ყარაბაღის "დაკარგვით" გამოწვეული ტკვილის მიუხედავად, ქვეყანა გათავისუფლდა კონფლიქტისგან, რომლის გამოც 1990-იანი წლების შემდეგ რეგიონულ იზოლაციაში აღმოჩნდა და მოიშორა მოსკოვთან დაკავშირებული ყარაბაღული კლანი, რომელმაც პრაქტიკულად "ტყვედ ჰყავდა აყვანილი შიდა პოლიტიკა."
- "სომხეთი დე-ფაქტო მოსკოვის კოლონია იყო, რომელსაც ის თურქეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობში გამცვლელ მონეტად განიხილავდა"- ამბობს გამოცემასთან საუბარში სომეხი ანალიტიკოსი, მიხაილ ზოლიანი.
Сontext: ავტორების შეფასებით, ომის ცხელი ფაზის დასრულების შემდეგ ფაშინიანი ცდილობს ევროკავშირს და თურქეთს დაუახლოვდეს - "სომხეთში რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა თურქეთის წინააღმდეგ ერთადერთ დამცველად, ახლა კი მთავარ საფრთხედ სწორედ რუსეთი განიხილება."
- თურქეთთან 1993 წლის შემდეგ ჩაკეტილი საზღვრის გახსნა ავტორების შეფასებით, გაამყარებს სამხრეთ კავკასიაში თურქეთის როგორც რეგიონის დომინანტური სახელმწიფოსა და სტაბილურობის გარანტის როლს, თუმცა ანკარა არ აპირებს ასეთი ნაბიჯის გადადგმას ბაქოს თანხმობის გარეშე.
- სამშვიდობო შეთანხმების კუთხით მთავარ პრობლემად ავტორები აზერბაიჯანის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს ასახელებენ - ბაქო ერევანს თხოვს რეფერენდუმის ჩატარებას და კონსტიტუციიდან ყარაბაღზე პრეტენზიის შემცველი მუხლების ამოღებას, ასევე შეუზღუდავ წვდომას ნახიჩევანის ექსკალვზე.
- "კერძო საუბრებში ილჰამ ალიევი აღიარებს, რომ ფაშინიანის სომხეთი საუკეთესო პარტნიორია მშვიდობისთვის, თუმცა საჯაროდ კვლავ ხისტ რიტორიკას ინარჩუნებს. არააუციულებელი წნეხის პროეცირებით აზერბაიჯანი მასზე ბევრად პატარა სომხეთის დესტაბილიზაციის რისკს ქმნის, მით უფრო სომხეთში იგივე მიზნები აქვს რუსეთსაც"- წერენ ავტორები.
- მათი შეფასებით, რუსეთი აქტიურად ცდილობს "თავიდან მოიშოროს" ფაშინიანი და ამის შანსი შესაძლოა მომდევნო წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიეცეს.
- "კრემლს სომხეთში ქართული სცენარის განმეორების იმედი აქვს, რომელშიც მოსკოვთან დაახლოებულმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა და საპატრიარქომ შეაჩერეს საქართველოს სვლა დასავლური ტრაექტორიით და ქვეყანა რუსეთის გავლენის ორბიტაზე დააბრუნეს'- წერენ ავტორები.
- "შესაძლებლობების ღია ფანჯარა ვიწროვდება, შანსის ხელიდან გაშვებამ შესაძლოა რეგიონი საშიშ გეოპოლიტიკური გაურკვევლობაში გადაიყვანოს"- წერენ ავტორები.