წინა თვესთან შედარებით სექტემბერში რუსეთის წინსვლის ტემპი უკრაინაში განახევრდა

მიმდინარე წლის აგვისტოსთან შედარებით გასული სექტემბრის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო არმიის წინსვლის ტემპი უკრაინაში პრაქტიკულად განახევრებულია.
ვითარების არსი: ამის შესახებ უკრაინის გენერალურ შტაბთან დაახლოებული OSINT პროექტის Deep State-ის მონაცემების ანალიზი მეტყველებს.
- ჯამურად სექტემბერში რუსეთის არმიამ უკრაინაში 225 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, ხოლო აგვისტოში იგივე მაჩვენებელი 460 კვადრატულ კილომეტრს უახლოვდებოდა.
- თავის მხრივ საყურადღებოა ივლისთან და ივნისთან შედარებით საოკუპაციო არმიის წინსვლის ტემპი აგვისტოშიც შემცირებული იყო.
ჩაშლილად: Deep State-ის მონაცემებით, ჯამურად სექტემბერში რუსეთის არმიის მიერ დაკავებული ტერიტორიის მოცულობა ქვეყნის მთელი ფართობის 0.04%-ს უტოლდება - ხოლო ჯამურად ოკუპირებული ტერიტორიების მოცულობა ქვეყნის მთლიანი ფართობის 19.04%-ს შეადგენს.
- ანალიტიკოსების შეფასებით ყველაზე მეტი (მთელი მაჩვენებლის 53%) ტერიტორია რუსეთის არმიამ დნეპროპეტროვსკის ოლქში დაიკავა.
- "ნოვოპავლივკას მიმართულება ყველაზე პრობლემური მონაკვეთია, სადაც დაკარგული ტერიტორიის მოცულობა ბევრად აღემატება ფრონტის სხვა მიმართულებებს. ხოლო ფრონტის ამ მონაკვეთზე მომქედ სამხედრო ნაწილებში ცოტა ხნის წინ განხორციელებული საკადრო ცვლილებები არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს"- ნათქვამია Deep State-ის ანალიზში.
კონტექსტი: სამხედრო ექსპერტების შეფასებით რუსეთის არმიის წინსვლის განგრძობადი შემცირება მეტყველებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ვითარების სტაბილიზაცია ბევრ მონაკვეთზე.
- ექსპერტების შეფასებით, მცირე ქვეითი ჯგუფებით წინსვლის ტაქტიკა არ აღმოჩნდა საკმარისი ოპერატიული უპირატესობის მოსაპოვებლად და ფრონტზე დიდი გარღვევის შანსი სულ უფრო მცირდება.
- ამასთანავე, საყურადღებოა, რომ საოკუპაციო არმია ინარჩუნებს წინსვლის შედარებით მაღალ ტემპს დნეპროპეტროვსკის ოლქში, ასევე ლიმანისა და კუპიანსკის მიმართულებით.
სიღრმისეულად: წინა წელთან შედარებით, რუსეთის არმიაში დეზერტირების რაოდენობა გაორმაგებულია