ზელენსკიმ "ენერგოატომის" საქმეზე, ორ უკრაინელ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა
13 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება დაუწესდეს სანქციები ბიზნესმენებს ტიმურ მინდიჩს და ოლექსანდრ ცუკერმანს.
ვითარების არსი: პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებული საბუთის მიხედვით, მინდიჩს და ცუკერმანს, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან, ეკრძალებათ უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა და საქმიანობა, მათ აქტივებსა და საკუთრებას 3 წლით ყადაღა დაედო. გარდა ამისა, ბიზნესმენებს ჩამოერთვათ ყველა სახელმწიფო ჯილდო.
- ბიზნესმენების სახელები მსხვილ კორუფციულ საქმეში ფიგურირებს.
- უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) გამოძიების თანახმად, ბიზნესმენებმა თაღლითური სქემის მეშვეობით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ატომური ენერგიის კომპანია, "ენერგოატომი" 200 მილიარდი გრივნით დააზარალეს.
- "15-თვიანი სამუშაო და აუდიოჩანაწერების ათასობით საათი. დოკუმენტირებული გვაქვს მაღალი დონის დამნაშავეთა ჯგუფის ქმედებები. ჯგუფის წევრებმა მსხვილი კორუფციული სქემა შეიმუშავეს, რომელის მეშვეობით სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ "ენერგოატომს" ძარცვავდნენ". - წერია НАБУ-ს განცხადებაში.
ჩაშლილად: "ენერგოატომის" სკანდალის ფონზე თანამდებობები დატოვეს იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრებმა.
- იუსტიციის მინისტრი ჰერმან ჰალუშენკო, რომელიც 2025 წლამდე ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა. გადაყენებამდე ცოტა ხნით ადრე, НАБУ-ს წარმომადგენლებმა ჰალუშენკოს სახლი გაჩხრიკეს.
- ენერგეტიკის მინისტრი სვიტლანა ჰრინჩუკი თანამდებობიდან თავად გადადგა.
- 18 ნოემბერს უკრაინის უმაღლეს რადაში ჰალუშენკოს და ჰრინჩუკის თანამდებობიდან ოფიციალურად გათავისუფლების საკითხზე კენჭისყრა შედგება.
ინტრიგა: ტიმურ მინდიჩი წლების განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარი იყო. მათ ერთად დააფუძნეს სტუდია "Квартал-95".