აშშ უკრაინისთვის $6 მილიარდის სამხედრო კონტრაქტებს დააანონსებს - Politico

ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინისთვის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტის დაანონსებისთვის ემზადება, რომლის საერთო ღირებულება 6 მილიარდი დოლარი იქნება.

ამის შესახებ გამოცემა Politico წერს, ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

სამხედრო დახმარება, პროგრამა USAI (უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა) ეგიდით განხორციელდება, რაც, კერძო სამხედრო კომპანიებთან კონტრაქტების დადებასა და ახალი იარაღის წარმოებას გულისხმობს. გამოცემის თანახმად, სამხედრო დახმარების პაკეტს, პარასკევს, 26 აპრილს, პენტაგონის ხელმძღვანელი, ლოიდ ოსტინი, „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე გამოაცხადებს.

წყაროების მიხედვით, სამხედრო პაკეტი მოიცავს Patriots-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების და მისთვის განკუთვნილ რაკეტებს, საარტილერიო ჭურებს, HIMARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის რაკეტებს, დრონებს, დრონსაწინააღმდეგო შეიარაღებასა და უკრაინული ავიაგამანადგურებლებისთვის ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებს (რომელიც, შესაძლებელია, NASAMS-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვისაც იქნეს გამოყენებული).

გამოცემის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდეს.

კონტექსტი

ოთხშაბათს, 24 აპრილს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების კანონპროექტს მოეწერა ხელი, რომლის საერთო ღირებულება 61 მილიარდი დოლარია.

ხელმოწერიდან მალევე, ამავე დახმარების პაკეტის ფარგლებში, შტატებმა, 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გადაცემა დააანონსა, რომელიც უსწრაფესად, ევროპაში არსებული მარაგებიდან მოხდება.

რამდენიმე დღის წინ, ჯო ბაიდენის მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივნმა, დაადასტურა, რომ აშშ, უკრაინას, 300 კმ-ზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს ფარულად აწვდიდა. მისი განცხადებით, აღნიშნული ტიპის რაკეტების მიწოდება მომავალშიც გაგრძელდება.

 

მსგავსი სიახლეები