უკრაინამ რუსეთის ნავთობბაზებზე საჰაერო იერიში მიიტანა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) დრონებმა, რუსეთში, სმოლენსკის ოლქში, ორ ნავთობბაზაზე იერიში მიიტანა.

ამის შესახებ, გამოცემა “უკრაინსკაია პრავდას” СБУ-ს თანამშრომელი უყვება.

წყაროს მიხედვით, 24 აპრილს, ღამით, კომპანია „როსნეფტის“ მარაგებისა და გადატუმბვის ინფრასტრუქტურებზე მიტანილ იერიშს აფეთქებები მოჰყვა, რამაც ბაზებზე ხანძარი გამოიწვია.

აღნიშნულ ბაზებზე 26 ათასი ტონა საწვავი ინახებოდა. აფეთქების შემდეგ კი, მასშტაბური ხანძარი დაიწყო, რის გამოც, აუცილებელი გახდა პერსონალის ევაკუაცია.

ნავთობბაზების დაზიანებას ადასტურებს სმოლენსკის გუბერნატორი, ვასილი ანოხინი. მისი განცხადებით, სრულიად შესაძლებელია, რომ ბაზებზე მასშტაბური ხანძრის გაჩენა, მოწინააღმდეგის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგი იყოს.

სმოლენსკის გუბერნატორმა, ვასილი ანოხინმა, ენერგეტიკულ კომპლექსზე მიტანილ საჰაერო იერიშზე რამდენიმე დღის წინაც განაცხადა.

კონტექსტი

უკრაინა, თვეების განმავლობაში, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა ნავთობბაზაზე საჰაერო იერიშებს ახორციელებს. უკრაინული სპეცსამსახურებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს - "რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად სისტემატურად ვახორციელებთ წინასწარ დაგეგმილ თავდასხმებს სტრატეგიულ ობიექტებზე. ჩვენი ამოცანაა - მტერს შევუმციროთ ნავთობის წარმოება, რომლის რეალიზებიდან მიღებულ სახსრებს ჩვენი წინააღმდეგ ომში იყენებენ".

Deep State-ის მიერ გამოქვეყნებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 3 აპრილის მდგომარეობით, უკრაინული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაზიანებულია სულ მცირე 6 ნავთობგადამამუშავებელი ქახანა.

გამომცემლობა Reuters-ის მიხედვით, თავდასხმების შედეგად რუსეთის ნავთობწარმოების სიმძლავრე დაახლოებით 11-14%-ით შემცირდა.

 

 

მსგავსი სიახლეები