დასავლეთში უკვე დაიწყო დისკუსია უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე - Politico

დასავლური წარმოების საბრძოლო ტანკების გადაცემაზე თანხმობის შემდეგ, უკრაინის მთავარი მიზანი დასავლური წარმოების სამხედრო თვითმფრინავების მიღებაა. საკითხზე დისკუსიები უკვე მიმდინარეობს. 

ინფორმაციას ამის შესახებ Politico დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის ცნობით, საკითხს ყველაზე დიდი ლობისტები ბალტიისპირა სახელმწიფოები არიან, თუმცა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებშიც მიიჩნევენ, რომ ტანკებზე კონსენსუსის მიღწევის შემდეგ, უკრაინის დახმარების საქმეში თანამედროვე თვითმფრინავების გადაცემა ლოგიკური და მოსალოდნელი ნაბიჯი იქნებოდა. 

გამოცემის წყაროების თქმით, თვითმფრინავებზე თანხმობის მიღწევა ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ტანკების შემთხვევაში - "დღეს ვაშინგტონში ამბობენ, რომ ამგვარი რამ გამორიცხულია და ეს წითელი ხაზია, მაგრამ გასულ ზაფხულს ეს წითელი ხაზი HIMARS იყო, შემდეგ კი ტანკები, მაგრამ ორივე შემთხვევაში ეს წითელი ხაზები შეიცვალა".

ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი ხაზს უსვამს დისკუსიების და გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მიუხედავად სირთულისა გარკვეული პერიოდის შემდეგ თვითმფრინავების მიწოდება არ იქნება ისეთივე წარმოუდგენელი როგორც დღეს მოჩანს. 

მოსალოდნელია, რომ სწორედ ავიაცია იქნება რამშტაინის ფორმატის მორიგი შეხვედრის ყურადღების ცენტრში, რომელიც თებერვალში გაიმართება.

კონტექსტი

გასულ კვირას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ განაცხადა, რომ ქვეყანას არ აქვს ტაბუ უკრაინისთვის F16-ის ტიპის თვითმფრინავების მიწოდებაზე. 

ევროპაში მიიჩნევენ, რომ დასავლეთი უკვე მივიდა იმ ნიშნულთან, რომლის პირობებშიც შეუძლია უკრაინას თანამედროვე შეიარაღება კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის რისკის გარეშე მიაწოდოს. 

გამოცემის წყაროები თანხმდებიან, რომ თვითმფრინავებამდე მოკავშიირებს ყველა სხვა ტიპის შეიარაღება უნდა ამოწურონ - მათ შორის, შორი რადიუსის დრონები და რაკეტები. 

ამ დროისთვის დასავლელი ლიდერები უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას გამორიცხავენ, თუმცა არის ნიშნები, რომ აშშ უკვე ამისთვის ემზადება. 

გასული წლის ზაფხულში აშშ-ს წარმომადგენელმა პალატამ უკრაინელი პილოტების წვრთნის 100 მილიონიანი პროგრამა დაამტკიცა. უკვე ოქტომბერში უკრაინული წყაროები იტყობინებოდნენ, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პილოტთა ჯგუფი უკვე შერჩეულია. 

 

მსგავსი სიახლეები