კრემლი გერმანიის რადიკალი მემარცხენე და მემარჯვენე ძალების შეერთებას გეგმავს

გასული წლის შემოდგომაზე კრემლი გერმანიის ულტრა-მემარჯვენე და ულტრა-მემარცხენე პარტიების გაერთიანებას გეგმავდა. კრემლის გეგმა მიზნად უკრაინის დახმარების შემცირებას ისახავდა მიზნად. 

ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის სადაზვერვო უწყებების მიერ აღმოჩენილ საიდუმლო დოკუმენტებში, რომელსაც Washington Post გაეცნო

გაზეთს მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ ეს არის პირველი მყარი მტკიცებულება, რომელიც კრემლის მიერ გერმანულ პოლიტიკაში პირდაპირ ჩარევაზე მეტყველებს. 

2022 წლის 9 სექტემბრით თადარიღებულ ერთ-ერთ საიდუმლო დოკუმენტში ნათქვამია, რომ კრემლის მიზანი გერმანიაში რადიკალი მემარცხენე და მემარჯვენე პარტიებისგან ახალი პოლიტიკური კოალიციის შექმნაა, რომელსაც გენერალურ არჩევნებში გამარჯვების შანსი ექნება. 

კრემლის კიდევ ერთ მიზანს ულტრა-მემარჯვენე პარტია AfD-ს გაძლიერება და პოპულარობის ზრდა წარმოადგენს. მეტიც, კრემლმა მოამზადა განახლებული AfD-ს პოლიტიკური მანიფესტის ე.წ. შავი ვერსია. კრემლის პოლიტ-ტექნოლოგების მიერ შედგენილ მანიფესტში, განხილულია იდეა, რომ AfD "გერმანული ეროვნული ერთობის პარტიად ჩამოყალიბდეს." ამავე მანიფესტის მიხედვით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უკანონოდ და გერმანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ უნდა გამოცხადდეს. პარტიამ უნდა დაიწყოს სანქციების გაუქმების საკითხის აქტიური ადვოკატირება. 

"არაადეკვატურმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგების განჭვრეტა, გერმანია რუსეთთან კონფლიქტში ჩაითრიეს. რუსეთთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის და გერმანელი ხალხის ბუნებრივი მოკავშირეა",- ნათქვამია დოკუმენტში. 

დოკუმენტებიდან ცნობილი ხდება, რომ ულტრა-მემარცხენე Die linke-ის და ულტრა-მემარჯვენე AfD-ს გაერთიანება განიხილებოდა რუსი პოლიტ-ტექნოლოგებისა და გერმანელი ჩინოვნიკების შეხვედრაზე. 

ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის 13 ივლისს კრემლის შიდა პოლიტიკური ბლოკის კურატორმა, სერგეი კირიენკომ შეკრიბა რუსი სპეციალისტები და ამიერიდან კრემლის ფოკუსში სწორედ გერმანია იქნებოდა. კირიენკოს აზრით, ევროპაში უკრაინის დახმარების ჩამოსაშლელად გერმანიას საკვანძო მნიშვნელობა აქვს. 

კრემლთან გამართული შეხვედრებიდან მალევე AfD-ს დეპუტატებმა ბუნდესტაგში დაიწყეს Die linke-ის ერთ-ერთი ლიდერის, სარა ვაგენკნეხტის მხარდაჭერა. იყო შემთხვევები როდესაც AfD-ს მიერ ორგანიზებულ აქციებზე ვაგენკნეხტის სახელს სკანდირებდნენ და მოუწოდებნენ მას AfD-ში გადმოსვლისკენ. 

გაზეთის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ ჯერჯერობით რთული სათქმელია არსებობდა თუ არა პირდაპირი კომუნიკაცია კრემლსა და სარა ვაგენკნეხტს შორის, თუმცა დადგენილია, რომ კრემლის აქტიური კავშირი ჰქონდა პოლიტიკოსის ყოფილ ქმართან, რომელიც კვლავ რჩება მის პოლიტიკურ პარტნიორად. დადგენილია ისიც, რომ კრემლი ამ იდეებს განიხილავდა AfD-ს რამდენიმე დეპუტატთან.  

AfD-ს დეპუტატებმა, ვაგენკნეხტის ყოფილმა ქმარმა და თავად ვაგენკნეხტმაც თავი მოიყარეს 2023 წლის 25 თებერვალს ბერლინში გამართულ საპროტესტო მიტინგზე, რომლის მთავარი მოთხოვნაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა იყო. 

კონტექსტი

ე.წ. ანტი-საომარ მოძრაობებზე გავლენის მოხდენის და მათით მანიპილურება ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან რუსული სპეცსამსახურების ნაცადი მეთოდია. 

გასულ კვირებში საინფორმაციო სააგენტო Reuters წერდა, რომ პრო-რუსული მოძრაობის რამდენიმე ლიდერი მაღალი ალბათობით პირდაპირ დაკავშირებულია ГРУ-სთან. 

წლების განმავლობაში ევროპაში გავლენის ქსელის აწყობას კრემლი ულტრა-მემარჯვენე ძალებზე დაყრდნობით ცდილობდა. CNN-ის ინფორმაციით, 2014 წლიდან მოყოლებული კრემლმა ევროპელი პოლიტიკოსების მოსყიდვის მიზნით 300 მილიონი დოლარი დახარჯა. 

მსგავსი სიახლეები