ნეომი - ბინ სალმანის უდაბნოს ვარდი, რომელიც დაჭკნობისთვის არის განწირული

2021 წლის ოქტომბერში, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის - მოჰამედ ბინ სალმანის ინიციატივით, უდაბნოში მომავლის ქალაქის - ნეომის მშენებლობა დაიწყო.

ნეომი ორი არაბული სიტყვის "ახლის" და "მომავლის" შერწყმაა, თუმცა დიდი ალბათობით უფლისწულის ახალ ქალაქს მომავალი არ აქვს.

წინარე ისტორია: გეგმის მიხედვით, ნეომი საუდის არაბეთის პროგრესის სიმბოლო უნდა ყოფილიყო.

  • ბინ სალმანს სურს, სამეფოს ჩრდილოეთ-დასავლეთში, თაბუქის პროვინციაში, 26 500 კვადრატული მეტრის ფართობის ქალაქი აშენდეს. მასშტაბი გიგანტურია; მაგალითისთვის, ნეომი ფართობით 35-ჯერ აღემატება თბილისს.

  • გეგმის მიხედვით, ნეომში 9 მილიონი ადამიანი იცხოვრებს. 

  • ქალაქი რამდენიმე მსხვილი შენობისგან იქნება შემდგარი და მის მთავარ ღირსებას ე.წ. ხაზი წარმოადგენს - 170 კილომეტრის სიგრძის, 120–150 სართულიანი ცათამბჯენი.

  • გარდა ამისა, ნეომს ექნება საპორტო რაიონი ოქსაგონი, მთის კურორტი ტროენუ, რომლის ინფრასტრუქტურა სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს დააკმაყოფილებს, წითელი ზღვის სანაპიროს კურორტი სინდალა და სამი სასტუმროსგან შემდგარი ტურისტული კომპლექსი ლეია.

  • პროექტის ავტორების თქმით, ქალაქი სრულად ეკოლოგიური იქნება, მის ქუჩებში არ იქნება მანქანები, ხოლო მოსახლეობას ჩქაროსნული მატარებელი მოემსახურება, რომელიც ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მისვლას მხოლოდ 20 წუთს მოანდომებს.

  • გამოცემა Financial Times-ის მიხედვით, პროექტზე ათასობით არქიტექტორი, დიზაინერი და ინჟინერი მუშაობდა. გარდა ამისა, ბინ სალმანმა ქალაქის დაპროექტებაში რამდენიმე ჰოლივუდელიც ჩართო: კრისტოფერ ნოლანის "ბეტმენის" ტრილოგიის მხატვარი ნეითან ქროული, "გალაქტიკის მცველების" მხატვარი ოლივიე პრონი და "მე, ლეგენდის" ვიზუალური კონცეფციის შემქმნელი ჯეფ ჯულიანი.

კონტექსტი: ნეომის შესახებ საუბარი ბინ სალმანმა 2017 წელს დაიწყო. უდაბნოს ოაზისი ქვეყნის რევიზიონისტული გეგმის - Vision 2030-ის ნაწილია. გეგმის მთავარი მიზანია: შემცირდეს ნავთობზე დამოკიდებულება და გაუმჯობესდეს სახელმწიფოს იმიჯი.

  • ბინ სალმანი სამეფო ტახტის მემკვიდრედ გამოცხადების შემდეგ (2017 წლიდან) ცდილობს საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნოს იმაში, რომ საუდის არაბეთი პროგრესული სახელმწიფოა. შეიძლება ითქვას, რომ Vision 2030 მისი პირადი, მასშტაბური პიარი კამპანიაა.

  • წინამორბედებისგან განსხვავებით ბინ სალმანი მართლაც უფრო თანამედროვე შეხედულებების მქონე ადამიანია. მაგალითისთვის, გეგმის ფარგლებში გაუმჯობესდა ქალთა უფლებები: მათ მიეცათ მანქანის ტარების, მამაკაცის ნებართვის გარეშე სამსახურის დაწყების, სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების უფლება.

  • თუმცა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით საუდის არაბეთის მოდერნიზაცია ფასადურია.

  • Human Rights Watch-ის მონაცემებით სამეფომ მილიარდობით დოლარი დახარჯა სპორტისა და გართობის ინდუსტრიაზე, რათა საერთაშორისო საზოგადოებას ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევებიდან ყურადღება გადაეტანა.

ვითარების არსი: Powerpoint-ის ლამაზ სლაიდებზე ნაჩვენები ქალაქის აშენება იმაზე გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე პროექტის ავტორები ვარაუდობდნენ.

  • გეგმის მიხედვით ქალაქი ნაწილ-ნაწილ, 800-მეტრიანი მოდულებით უნდა აშენდეს. თუ გათვლებს დავუჯერებთ, თითოეული ასეთი მოდულის აღმართვას სჭირდება 3.5 მილიონი ტონა ფოლადი, 5.5 მილიონი კუბური მეტრი ბეტონი და 3.5 მილიონი ტონა არმატურა. აღმოჩნდა, რომ ამ რაოდენობის რესურსების შეძენა ფანტასტიკის სფეროა. მაგალითისთვის, ცათამბჯენის პირველი 16 კილომეტრის ასაშენებლად საჭიროა იმაზე მეტი ცემენტის შეძენა, ვიდრე მთლიანი საფრანგეთი ყოველწლიურად აწარმოებს.

  • მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა - მასალების ტრანსპორტირებაა. უახლოესი პორტი ნეომიდან 80 კილომეტრში მდებარეობს. ერთ-ერთი ინჟინრის თქმით, იმისთვის, რომ მშენებლობა არ შეჩერდეს, პორტმა 2030 წლამდე შეუჩერებლად 8 წამში ერთხელ მასალებით დატვირთული კონტეინერი უნდა მიიღოს.

  • ნეომის შემქმნელები მომავალ მოსახლეებს ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ქალაქს პირდებიან. რთული კლიმატური პირობების გარდა, მცენარეების ზრდას შეაფერხებს ჩრდილი, რომელიც 170-კილომეტრიან, 120–150 სართულიან შენობას ექნება.

  • ჩქაროსნული მატარებლის ეფექტურობაც ეჭვის ქვეშ დადგა, ვინაიდან პროექტის ავტორებმა არ გაითვალისწინეს გაჩერებები, ხალხის ჩასხდომისა და გადმოსხდომის დრო. აღმოჩნდა, რომ ხსენებული 20 წუთი უბრალოდ სიგრძისა და სიჩქარის შეფარდებით მიღებული დროა.

  • არასტანდარტული დაგეგმარების გამო გართულდა ისეთი მარტივი კომუნიკაციების გამართვა, როგორებიც არის ფოსტა, სამაშველო სამსახური, კანალიზაცია და ნაგვის უტილიზაცია.

სტრიქონებს შორის: უფლისწულის ახირებას რეპრესიების გარეშე არ ჩაუვლია.

  • მშენებლობის გამო გადასახლება მოუწიათ ადგილობრივი ტომის, ჰუვეიტატის წარმომადგენლებს.

  • სხვადასხვა წყაროების მიხედვით, დააპატიმრეს 150-მდე ტომის წევრი, რომლებმაც მშობლიური ადგილების დატოვებაზე უარი განაცხადეს.

  • ერთ-ერთი ტომელი, რომელმაც საკუთარი ოჯახის გამოსახლების ვიდეო გაავრცელა, საუდის არაბეთის სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

  • 2022 წელს პროექტის კრიტიკის გამო დააკავეს სალმა ალ-შეჰადი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ლიდსის უნივერსიტეტში სწავლობდა და სამშობლოში დასასვენებლად იყო ჩამოსული. ქალს 14-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შემდეგ ალ-შეჰადს 2024 წელს 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო 2025 წლის თებერვალში ის გაათავისუფლეს.

  • რა თქმა უნდა, მშენებლობის წინააღმდეგი იყო ბინ სალმანის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი - დისიდენტი-ჟურნალისტი ჯამალ ჰაშოგი, რომელიც, აშშ-ს დაზვერვის მასალების მიხედვით, 2018 წელს, თურქეთში, საუდის არაბეთის საელჩოში, მხეცურად მოკლეს.

  • CIA მკვლელობის ორგანიზატორად ბინ სალმანს მიიჩნევს; მიუხედავად ამისა, 2025 წლის 18 ნოემბერს პრინცი თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე იმყოფებოდა და ხაშოგის სიკვდილს "დიდი შეცდომა" უწოდა.

  • ხაშოგის სიკვდილის შემდეგ პროექტი არაერთმა დასავლეთიდან მოწვეულმა სპეციალისტმა დატოვა. გარდა ამისა, უცხოელი ინვესტორების ნაწილმა ნეომის დაფინანსებაზე უარი თქვა.

ზემოთხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, მომავლის ქალაქს ვერასდროს ვიხილავთ. რაც შეეხება პროექტის ავტორს, ის ნეომის გარეშეც შეეცდება დაამტკიცოს, რომ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია. შეგახსენებთ, რომ 2030 წელს ერ-რიადში მსოფლიო გამოფენა გაიმართება, ხოლო 2034 წელს სამეფო ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები