გთავაზობთ ფიონა ჰილის ინტერვიუს, რომელიც გამოქვეყნებულია გამოცემა Le Monde-ის მიერ. ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, ფიონა ჰილი პრეზიდენტის თანაშემწის პოზიციას იკავებდა ევროპისა და რუსეთის საკითხებში. საუბარი ეხება ამერიკელების მიერ შედგენილ 28 პუნქტიან გეგმას, რომელსაც კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა კიევსა და ევროპაში.
როგორ შეაფასებდით ტრამპის ადმინისტრაციის ახალ დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მედიაციის მიმართულებით?
ცხადია, რომ ეს არის ღალატი. ეს არის უკრაინის ღალატი და იმ ნდობის, რომელიც მას ამერიკის მიმართ ჰქონდა. ამასთანავე, ეს არის ევროპის და კოლექტიური ევროპული უსაფრთხოების კონცეფციის ღალატი. ეს ბოლო მცდელობა განხორციელდა უკრაინელებისა და ევროპელების ზურგს უკან, ხოლო დრო შერჩეულია იმგვარად, რომ მაქსიმალური სისუსტის მომენტი იქნას გამოყენებული — იმ არსებული კორუფციული ბრალდებების ფონზე, რომლებიც ზელენსკის გარემოცვის წარმომადგენლებს ეხება. მაგრამ ამას თან ერთვის მცდარი წარმოდგენა, თითქოს უკრაინა ბრძოლაში უკიდურესად მძიმე სიტუაციაშია და ერთადერთი გამოსავალი კაპიტულაციაა.
საქმეები უკრაინისთვის კარგად არ მიდის, მაგრამ არც რუსეთისთვის. ორივე მხარე ამ საშინელ ომშია ჩარჩენილი. პუტინს გადაწყვეტილი აქვს ომი ნებისმიერ ფასად მოიგოს და თუ ეს ბრძოლის ველზე არ გამოვა, მაშინ სხვა გზით შეეცდება, რასაც ახლა ვხედავთ ჩვენ: ინფორმაციული ომის მოგება და აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი რწმუნებულის, სტივ უიტკოფის გულის მოგება, რათა მიიღოს ის, რაც სურს. ტრამპმა ამ შეთანხმების მიღწევისთვის მადლიერების დღე (Thanksgiving) განსაზღვრა ბოლო ვადად. მას სურს, რომ ომი წლის ბოლომდე დასრულდეს, ხოლო მადლიერების დღე მისთვის სიმბოლურია. მაგრამ ვის ადარდებს მადლიერების დღემდე ევროპაში?
რას იტყვით თავად გეგმაზე?
გეგმაში წარმოდგენილი ზოგიერთი პუნქტი აქამდეც განხილულა. არსებობს გარკვეული დათმობები, რომლებიც რუსეთმა უნდა გააკეთოს. ასევე აშკარაა, რომ უკრაინელები კონსტრუქციულ მიდგომას იჩენენ. თუმცა იმ ფორმით, როგორც ეს შეთანხმება იქნა წარმოდგენილი, ის უფრო პოლონეთის ისტორიულ დანაწილებას ჰგავს — საიდუმლო დიპლომატიის კლასიკურ სტილში, როდესაც დიდი ძალები იღებენ გადაწყვეტილებას და შემდეგ მას მცირე ქვეყანას თავს ახვევენ.
მე რომ კიევში ვყოფილიყავი, აღარ მექმნებოდა რწმენა, რომ ამერიკა ახლა ჩემს ინტერესებს დაიცავდა. ეს დილემა ყველა ევროპელი და NATO-ს წევრი ქვეყნისთვის დგას. რამდენად ძლიერია ახლა ამერიკის გარანტია მოკავშირეების დასაცავად?
დოკუმენტში არის სიურეალისტური ჩანაწერი: „რუსეთსა და NATO-ს შორის გაიმართება დიალოგი, რომელსაც აშშ-ს მედიაციით გაიმართება." ეს ნიშნავს, რომ აშშ საკუთარ თავს NATO-ს ნაწილად აღარ განიხილავს. სწორედ ამას ამოწმებდა პუტინი — აშშ-ის ერთგულებას NATO-ს მიმართ და მის მზადყოფნას დაიცვას ევროპა.
თეთრი სახლი ცდილობს უკრაინის კაპიტულაციას რუსეთის მოთხოვნების შესრულებით, რათა ომი დასრულდეს — ყოველგვარი სრულყოფილი გათვლის გარეშე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ნიშნებიც არ ჩანს, არის თუ არა პუტინი მზად, რომ შეაჩეროს საკუთარი სამხედრო ეკონომიკა. იგი გააგრძელებს ზეწოლას როგორც უკრაინაზე, ასევე მის მეზობლებზე — ყველა არსებული სამხედრო ბერკეტით და ახალი მოთხოვნებით, მათ შორის შეთანხმების შემდეგ, რუსეთთან ვაჭრობის აღდგენაზე.
როგორ შეაფასებდით დონეცკის რეგიონიდან უკრაინის შესაძლო გამოსვლას და ბუფერული ზონის შექმნას რუსეთის სუვერენიტეტის ქვეშ?
ეს კლასიკური მიდგომაა, შეგრძნება მაქვს, რომ რომ 19-ე საუკუნეში დავბრუნდი. შეგიძლიათ ერთი ბუფერული ზონა მაინც დაასახელოთ, რომელმაც კონფლიქტის ძირეული მიზეზები გადაჭრა? ეს ფორმულა, გზაა უფრო მეტი არასტაბილურობისკენ. გავიხსენოთ იალტის კონფერენცია, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას, აღმოსავლეთ ევროპა საბჭოთა კავშირს ჩააბარეს, რადგან არავის სურდა ომის გაგრძელება. ეს არის იალტის „მარ-ა-ლაგოს ვერსია“ (ტრამპის სახლი ფლორიდაში).
აშშ ევროპის მიმართ რუსეთის უზარმაზარ გავლენას აღრმავებს — თითქოს აცხადებს, რომ ისევ დიდი ძალების გავლენის სფეროების სისტემას უბრუნდება და ამას ღიად აღიარებს. მაგრამ დაფიქრებულა ტრამპი ამ ნაბიჯის გრძელვადიან შედეგებზე? ის ვასალებად აქცევს არა მხოლოდ უკრაინელებს, არამედ მთლიანად ევროპას.
აშშ აცხადებს, რომ სურს სისხლისღვრის შეწყვეტა…
არავის სურს ამ ომის გაგრძელება — პირველ რიგში უკრაინელებს, ალბათ ოდნავ ნაკლებად რუს ხალხს, და ყველას, ვინც ამ საზარელ ფრონტზე იბრძვის. მაგრამ თავსმოხვეული მშვიდობა არაფერს წყვეტს — მხოლოდ დამატებით გართულებებს ქმნის, როგორც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სასტიკ აღქმული მშვიდობა, რომელიც გერმანიამ უსამართლოდ ჩათვალა.
ჩვენ ვხედავთ იმას, რისი მოწმეებიც დიდი ხანია ვართ: ტრამპი მოლაპარაკებებში რუსეთის მხარესაა. ის უფრო თანამგრძნობია რუსეთის ხედვის მიმართ, რადგან თვლის, რომ რუსეთი დიდი ძალაა, ხოლო უკრაინა — არა. რუსეთი ცდილობს დამარცხებათა სერიიდან დიდი გამარჯვება შექმნას. მაგრამ რა ელის რუსეთის არმიის ზომას? რა იქნება რუსეთის დემობილიზაციისა და დემილიტარიზაციის გრძელვადიან პერსპექტივაში?
რა უნდა თქვან და გააკეთონ ევროპის მთავარმა ლიდერებმა?
ისინი ძალიან მკაცრები უნდა იყვნენ. მათ თავადაც აქვთ ბერკეტები. ამერიკა ამჟამად უკრაინას მხოლოდ იარაღს აძლევს. რა უფლება აქვს ტრამპს გადაწყვიტოს მთელი ევროპის ბედი? კითხვა ევროპელებისთვის, იაპონიისთვის, სამხრეთ კორეისთვის და თუნდაც ტაივანისთვის შემდეგია - შეუძლიათ თუ არა აშშ-ს ნდობა? ზელენსკიმ ამაზე ისაუბრა. თუ გსურთ ღირსებისა და პატივის შენარჩუნება, შეძლებთ კი აშშ-ს მოკავშირედ მიჩნევას?
პუტინი ცდილობს, ტრამპმა ევროპაში ერთიანი მოქმედება შეაჩეროს. სამწუხაროდ, როგორც აშშ-მ, ისე რუსეთმა ევროპული ქვეყნები და მათი ინსტიტუტები უკვე დააზიანეს ტარიფებით, პროპაგანდითა და უხეში პოლიტიკური ჩარევით.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკის რეპუტაცია ემყარებოდა ალიანსებს, შესაძლებლობებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრუქტურებს და თავად ამ მაგალითის ძალას. ეს ყველაფერი შესაძლოა წყალში ჩაიყაროს, თუ ამერიკა ამ გეგმის ყველასთვის თავზე მოხვევას, მადლიერების დღისთვის შეეცდება.