ქრისტიან ტობირა საფრანგეთის საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა

 

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ქრისტიან ტობირამ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ტობირამ 500 არჩეული თანამდებობის პირის ხელმოწერის შეგროვება ვერ შეძლო, რაც არჩევნებში კენჭისყრის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს.

ხელმოწერების წარდგენის ვადა 4 მარტს იწურება.

ყოფილ მინისტრს მხოლოდ 181 ხელმოწერა ჰქონდა შეგროვებული.

ტობირამ იანვრის ბოლოს გამართულ „სახალხო პრაიმერში“ გაიმარჯვა. ონლაინ-გამოკითხვის მიზანი, რომელშიც მონაწილეობა ნახევარ მილიონამდე ამომრჩეველმა მიიღო, მემარცხენე ბანაკის ერთიანი კანდიდატის გამოვლენა იყო.

2002 წელს ტობირა საფრანგეთში პირველი შავკანიანი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართება.

500-500 ხელმოწერა უკვე შეაგროვეს ულტრამემარჯვენე ფლანგის კანდიდატებმა მარინ ლე პენმა და ერიკ ზემურმა.

2 მარტს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, რომელიც საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტმა (IFOP) გამოაქვეყნა, 28 %-ით კვლავ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ლიდერობს.

მეორე ადგილს 17 %-ით ეროვნული გაერთიანების ლიდერი მარინ ლე პენი იკავებს, რომელსაც 13.5 პროცენტით რესპუბლიკელი ვალერი პეკრესი მოსდევს.

მსგავსი სიახლეები