-

31 წლის წინ, 1995 წლის 20 მარტს ტოკიოში შემზარავი ტერორისტული თავდასხმა მოხდა.

იაპონიის დედაქალაქის მეტროპოლიტენის ორ გაჩერებაზე ტერორისტებმა მომწამვლელი გაზი ზარინი გაუშვეს.

ტერაქტის შედეგად დაიღუპა 12 (სხვა მონაცემებით 13) და დაშავდა 5000-ზე მეტი (ზოგიერთი მონაცემებით 6500) ადამიანი.

მალევე გაირკვა, რომ თავდასხმის უკან რელიგიური სექტა "აუმ შინრიკიო" დგას. გთავაზობთ ისტორიას სექტის წარმოშობის, მისი ლიდერისა და დანაშაულების ისტორიას.

(შეუმდგარი) ექიმი, ლიდერი, (თაღლითი) მეწარმე

ტიცუო მაცუმოტო 1955 წელს, პროვინციულ ქალაქ იაცუშიროში დაიბადა. ის 9-დან მე-7 შვილი იყო, მამამისი ტატამების დამზადების ოსტატი იყო და მრავალშვილიან ოჯახს ძლივს არჩენდა. 

მაცუმოტოს დაბადებიდანვე ჰქონდა მხედველობის პრობლემები, რაც არავისთვის იყო გასაკვირი, ვინაიდან ქალაქთან ახლოს ტყვის მწარმოებელი ქარხანა ნარჩენებით მდინარეს აბინძურებდა და არა ერთ ოჯახში ჩნდებოდნენ მძიმედ დასნებოვნებული ბავშვი. მომავალი ლიდერი ცალი თვალით უსინათლო იყო, ხოლო მეორეზე გლაუკომა ჰქონდა, ის თითქმის ვერაფერს ხედავდა.

მშობლებმა შვილი უსინათლოთა ინტერნატს მიაბარეს. მცირე მხედველობითაც მაცუმოტომ მალე მოიპოვა ავტორიტეტი სრულიად უსინათლო ბავშვებში. თანატოლებთან შედარებით მაღალი და ძლიერი მალევე გახდა სკოლის მთავარი ხულიგანი, თანასკოლელებს ართმევდა საჭმელს, ზოგჯერ ფულს, ავალებდა სხვადასხვა საქმეს. მისი კლასელები იხსენებენ, რომ უკვე მაღალ კლასებში ჰქონდა წართმევით და მოპარვით დაგროვებული, თავისი ასაკისთვის შთამბეჭდავი ფული.

სკოლის დასრულების შემდეგ, მაცუმოტოს ძალიან სურდა გამხდარიყო ექიმი. მან სცადა ჩაბარება პრესტიჟულ კუმამოტოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, თუმცა გამოცდები ვერ დაძლია.

ახალგაზრდა მაცუმოტომ ძმის ხალხური მედიცინის აფთიაქში მუშაობა დაიწყო. აქ მას პირველად შეექმნა პრობლემები კანონთან, ახალგაზრდა ყალბი წამლების გაყიდვაში ამხილეს და 200 000 იენის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

სკოლაში მარტივი ფულის შოვნას მიჩვეული მაცუმოტო სულ ცდილობდა სწრაფი და ნახევრად ან სულაც არალეგალური გზით გამდიდრებას. წარუმატებელი თაღლითობების შემდეგ ის რელიგიით დაინტერესდა. იმ დროს იაპონიაში ახალი რელიგიების ბუმი იყო და ახალგაზრდა თავად გახდა ერთ-ერთი სექტის, აგონ-შიუს წევრი. აქ შეძენილი ცოდნა მას მომავალში საკუთარი სექტის ჩამოყალიბებაში დაეხმარა. მაცუმოტო აქაც ყალბ წამლებს ყიდიდა, გამოაშკარავების შემდეგ ის ორგანიზაციიდან გარიცხეს.

აგონ-შიუს დატოვების შემდეგ მომავალმა ტერორისტმა საკუთარი რელიგიის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. მაცუმოტოს მტკიცებით ის იყო ჰიმალაის მთებში, სადაც მედიაციის დროს განადგურების ღმერთი შივა გამოეცხადა და მას ახალი რელიგიის შექმნა უბრძანა, ამის შემდეგ მაცუმოტო სახელს იცვლის - შოკო ასაჰარა, რაც თარგმანში "გაბრწყინებულ მინდორს" ნიშნავს. 

ასაჰარა 1989 წელს არეგისტრირებს ორგანიზაციას, რომელშიც თავდაპირველად 6 წევრი ერთიანდება. სექტის სახელია არუმ შინრიკიო ანუ ჭეშმარიტების სწავლება. 

არუმ შინრიკიო

ასაჰარა სწრაფი ტემპებით იწყებს სექტის გაფართოებას. ახალ რელიგიაში ის ერთპიროვნული ლიდერია, ის საკუთარ თავს ღვთის შვილად, ქრისტედ, უწმინდეს პაპად, ქვეყნის გადამრჩენლად მოიხსენიებს. ასევე ამტკიცებს, რომ აქვს ზებუნებრივი ძალები.

სექტის ლიდერი აქტიურად იყენებს პიარს, იბეჭდება მისი მოძღვრებების ბუკლეტები და წიგნები, ახალგაზრდა სეგმენტისთვის კი მანგები. ასაჰარა ტელევიზიების შოუების ხშირი სტუმარია. 

მისი მოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მეორედ მოსვლა. ასაჰარას თქმით, სამყაროში მოხდება მესამე მსოფლიო ომი, რომელიც ატომური აპოკალიფსით დასრულდება, მისი მიმდევრები ამ ომს გადაურჩებიან. აპოკალიფსის თარიღად 1999 წელი სახელდება.

სექტის ერთ-ერთი მთავარი ფსიქოლოგიური მექანიზმი იყო სისპეტაკის ბინალური ცნება. სპეტაკი და წმინდანი იყო მხოლოდ ასაჰარა, დანარჩენი წევრები კი ცოდვილებად და უწმინდურებად ითვლებოდნენ. სექტის ახალი წევრი მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხდებოდა. ხანგრძლივ იზოლაციასა და შიშში ცხოვრების შემდეგ ადამიანი ტყდებოდა, მისი ცხოვრებისეული მიზანი კი ლიდერისთვის თავის განწირვა ხდებოდა. გარდა ამისა, სექტაში მოხვედრილი ადამიანები დროთა განმავლობაში მთელს საკუთარ ქონებას ორგანიზაციას წირავდნენ, ამგვარად აუმ შინრიკიოს ბიუჯეტი შთამბეჭდავ თანხას წარმოადგენდა, ფულის ნაწილი ისევ პიარზე იხარჯებოდა, რომლის წყალობითაც სექტის მრევლი ფართოვდებოდა. სექტის ქონება 1.5 მილიარდი დოლარად იყო შეფასებული.

სექტა მალევე გავიდა იაპონიის გარეთ. საინტერესოა, რომ ყველაზე მეტი მიმდევარი ახალ რელიგიას რუსეთში გამოუჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ასაჰარას 40 000-მდე მიმდევარი იყო რეგისტრირებული. რუსულ ორგანიზაციას საკუთარი რადიოსადგურიც კი ჰქონდა. გარდა ამისა, ასაჰარა არაერთხელ ეწვია მოსკოვს და მრევლთან შეხვედრა ჩაატარა. 

მრევლის შემცირება და პირველი მკვლელობები

1990-იანი წლების დადგომასთან ერთად იკლო რელიგიური მოძრაობების პოპულარობამ და სექტის მრევლმა კლება იწყო. აღარ ჭრიდა სატელევიზიო გამოსვლები, ბუკლეტები და აქამდე კარგად ნაცადი პიარ სვლები. სექტის შიგნით გაიზარდა დაძაბულობა, მრევლის რამდენიმე წევრს ორგანიზაციის დატოვება მოუნდა, რასაც შიდა რეპრესიები და ყოველდღიური პროცედურების გამკაცრება მოჰყვა.

პირველი რამდენიმე ადამიანი სექტაში გაწევრიანებისთვის აუცილებელი არაადამიანური რიტუალების შესრულების დროს დაიღუპა. ამ სიკვდილების შემდეგ ასაჰარამ სიმშვიდე შეინარჩუნა და სექტის წევრებს განუცხადა, რომ შემდეგ ცხოვრებაში დაღუპულები აუცილებლად მიაღწევდნენ სულიერ სიმშვიდეს.

დროთა განმავლობაში სექტაში შეიცვალა ნარატივი. აქამდე ასაჰარა ყველას გადარჩენას ცდილობდა, შემდეგ კი დოქტრინაში შემოვიდა ნარატივი "ჩვენ და სხვები", სადაც "ჩვენ" იყვნენ სექტის წევრები, რომლებიც აპოკალიფსს გადაურჩებოდნენ, ხოლო "ისინი" იყო სამყაროს დანარჩენი მოსახლეობა, რომელის სიცოცხლეს პრაქტიკულად არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. 

დოქტრინის ცვლილებას შიდა რიგებში უკმაყოფილება მოჰყვა. გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც აღარ ეთანხმებოდნენ ასაჰარას ნარატივს და სექტის დატოვების მცდელობა ჰქონდათ. სხვადასხვა მონაცემებით სექტის შიგნით 30-დან 80-მდე ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ მხოლოდ შემდეგ გახდა ცნობილი, უშუალოდ მკვლელობების შესახებ ცნობა ორგანიზაციიდან გარეთ არ გადიოდა.

1989 წელს ორგანიზაციის წინააღმდეგ ღიად გაილაშქრა ადვოკატმა ცუცუმი საკამოტომ, მისი კლიენტი სექტაში გაწევრიანებული ერთ-ერთი ახალგაზრდის დედა იყო. საკამოტოს "სექტების გამანადგურებლის" რეპუტაცია ჰქონდა, მან რელიგიური ორგანიზაციების წინააღმდეგ შეტანილი რამდენიმე გახმაურებული სარჩელი მოიგო. 

სექტასთან მებრძოლი ადვოკატი ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად საკუთარ სახლში აუმ შინრიკიოს წევრებმა მოკლეს. მოკლულთა გვამები რამდენიმე ლითონის კასრში გაანაწილეს და იაპონიის სხვადასხვა ქალაქებში დამალეს. პოლიციამ საქმე გაუჩინარების მუხლით აღძრა. შემზარავი მკვლელობის შესახებ ცნობილი მხოლოდ 1995 წელს გახდა ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ სექტის წინააღმდეგ არანაირი პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობდა, პოლიციამ ასაჰარა და მისი მიმდევრები სამიზნეში ამოიღო. თუმცა იაპონიაში მოქმედი რელიგიური თავისუფლების კანონი სამართალდამცავების მუშაობას ძლიერ ზღუდავდა, მათ ორგანიზაციაში ჩხრეკის ჩასატარებლად ხელშესახები მტკიცებულებები სჭირდებოდათ.

1990 წელს ასაჰარამ ხელისუფლებაში მოსვლა გადაწყვიტა და ადგილობრივ არჩევნებში იყარა კენჭი. დიდი მოლოდინის მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით მისმა პარტიამ მხოლოდ 10 000 ხმა მოიპოვა.

არჩევნებში მარცხმა დიდი დარტყმა მიაყენა ასაჰარას თავმოყვარეობას. ამის შემდეგ ასაჰარას მოძღვრებაში აპოკალიფსის დადგომის თარიღმა 1999-დან ჯერ 1998, შემდეგ კი 1995 წლამდე გადამოიწია.

სექტა მართლმსაჯულებას 1994 წელსაც, მაცუმოტოში მომხდარი მოწამლვის შემდეგაც დაუსხლტა. რელიგიური ორგანიზაცია მაცუმოტოში მიწების ყიდვას ცდილობდა, რაზეც სასამართლოსგან უარი მიიღო. ასაჰურამ პრობლემას მარტივი გადაჭრა მოუფიქრა, მან მოსამართლეების მომწამვლელი გაზით დახოცვის ბრძანება გასცა. ეს იყო ერთგვარი რეპეტიცია ტოკიოს მეტროს ტერაქტისთვის. საბოლოოდ სამივე მოსამართლე გადარჩა, თუმცა გაზით დაიღუპა 8 ადამიანი. პოლიციამ მკვლელობაში ადგილობრივი მაცხოვრებელი დაადანაშაულა და გამოძიება არასწორი მიმართულებით წავიდა. ბრალდებულის წინააღმდეგ პროცესი რამდენიმე თვე გრძელდებოდა, აუმ შინრიკიოზე ეჭვი კი არავის მიუტანია.

1995 წლის 28 თებერვალს სექტის წევრებმა ნოტარიუსი კიოში კარია გაიტაცეს. გატაცება არაერთი მოწმის თვალწინ მოხდა. კარიას და სექტის წევრი იყო, რომელსაც რელიგიური ორგანიზაციის დატოვება უნდოდა. ნოტარიუსი წამებით მოკლეს, მისი სხეული ღუმელში დაწვეს, ხოლო ნარჩენები ქიმიური ნივთიერებებით გაანადგურეს.

კარიას გატაცება სამართალდამცავებისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, გამოძიებამ მრავალწლიანი შრომის შემდეგ, როგორც იქნა ხელჩასაჭიდი მტკიცებულებები მოიპოვა. დაიგეგმა შეიარაღებული შტურმი ორგანიზაციაზე, შტურმი 1995 წლის 22 მარტს უნდა შემდგარიყო, მაგრამ...

ტერაქტი

1995 წლის 20 მარტს, ორშაბათ დილას, პიკის საათში, იაპონიის დედაქალაქი ისტორიაში ყველაზე საშინელი შიდა ტერორისტული აქტის სამიზნე გახდა. აუმ შინრიკიოს წევრებმა ტოკიოს მეტროს ხუთ სხვადასხვა მატარებელში, რომლებიც ქალაქის სამთავრობო ცენტრისკენ მიემართებოდნენ, მომწამვლელი გაზი — სარინი გაუშვეს. ტერორისტებს მომწამვლელი ნივთიერება გაზეთებით შეფუთული პლასტიკური პაკეტებით გადაჰქონდათ, რომლებიც მატარებლის ვაგონებში ქოლგების წვეტიანი ბოლოებით გახვრიტეს.

სარინი, რომელიც ნაცისტურ გერმანიაში შექმნილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებაა, სწრაფად აორთქლდა და ვაგონებში მყოფი მგზავრების მასობრივი მოწამვლა გამოიწვია. თვითმხილველები იხსენებდნენ, რომ მატარებლებში მყოფ ადამიანებს უეცრად სუნთქვა შეეკრათ, დაეწყოთ ძლიერი ხველა და მხედველობის დაბინდვა. სადგურებზე პანიკა დაიწყო: ასობით ადამიანი პლატფორმებზე ეცემოდა, სხვები კი სისხლდენითა და კრუნჩხვებით ამოდიოდნენ ზედაპირზე სუფთა ჰაერის საძიებლად. მეტროსადგურები რამდენიმე წუთში საომარი მოქმედებების ზონას დაემსგავსა, სადაც მოქალაქეები ერთმანეთის გადარჩენას სპეცეკიპირების გარეშე ცდილობდნენ.

ტერაქტს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 5 500-ზე მეტმა პირმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. ბევრ მათგანს მხედველობისა და ნერვული სისტემის პრობლემები მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდასხმის მიზანი იაპონიის ხელისუფლების პარალიზება და პოლიციის იმ მასშტაბური რეიდის ჩაშლა იყო, რომელიც სექტის შტაბ-ბინაში რამდენიმე დღეში იგეგმებოდა.

დაპატიმრება, სასამართლო, ასაჰარას სიკვდილი

ტერაქტიდან ორი დღის შემდეგ, იაპონიის პოლიციამ სექტის შტაბ-ბინებსა და ლაბორატორიებზე მასშტაბური იერიში მიიტანა. სპეცოპერაციაში ათასობით სამართალდამცავი მონაწილეობდა, რომლებსაც ქიმიური თავდაცვის ეკიპირება ემოსათ.

თავად ასაჰარა, ორი თვის განმავლობაში იმალებოდა. იგი 16 მაისს, სოფელ კამიკუიშიკიში მდებარე სექტის მთავარ ნაგებობაში, ორ კედელს შორის მოწყობილ ვიწრო სამალავში იპოვეს. ასაჰარასთან ერთად დააკავეს სექტის ათეულობით მაღალჩინოსანი, რომლებსაც ბრალი მასობრივ მკვლელობებში, ტერორიზმსა და იარაღის უკანონო წარმოებაში დასდეს.

აუმ შინრიკიოს ლიდერების სასამართლო პროცესი იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და რთული აღმოჩნდა. შოკო ასაჰარას ბრალი ედებოდა 27 ადამიანის მკვლელობაში, რაც მოიცავდა როგორც მეტროს ტერაქტს, ისე მაცუმოტოს თავდასხმასა და საკამატოს ოჯახის ამოხოცვას. სასამართლო განხილვები წლების განმავლობაში ჭიანურდებოდა, რადგან ასაჰარა ხშირად უარს ამბობდა ჩვენების მიცემაზე ან შეურაცხადად აჩვენებდა თავს.

2004 წელს შოკო ასაჰარას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, განაჩენი ძალაში 2006 წელს შევიდა, თუმცა მისი აღსრულება კიდევ 12 წლით გადაიდო, სანამ სექტის სხვა წევრების წინააღმდეგ მიმდინარე ყველა სასამართლო პროცესი არ დასრულდა.

2018 წლის 6 ივლისს, იაპონიის იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურად გამოაცხადა შოკო ასაჰარასა და სექტის კიდევ 6 წამყვანი ლიდერის სიკვდილით დასჯის შესახებ. განაჩენი ჩამოხრჩობით, ტოკიოსა და ოსაკას ციხეებში შესრულდა. დასჯილთა შორის იყვნენ ის პირები, რომლებმაც უშუალოდ დაგეგმეს და განახორციელეს ქიმიური თავდასხმები. იმავე წლის 26 ივლისს, სექტის კიდევ 6 წევრი დასაჯეს სიკვდილით, რითაც წერტილი დაესვა მე-20 საუკუნის იაპონიის ისტორიაში ყველაზე თავზეხელაღებული სექტის ისტორიას.

მსგავსი სიახლეები