-

 

2021 წლის 30 ნოემბერს ფრანგმა მწერალმა, პუბლიცისტმა და ცნობილმა ტელეკომენტატორმა ერიკ ზემურმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ოფიციალურად განაცხადა, რომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

მიმართვისას ზემური მაგიდასთან ზის და ძველებურ მიკროფონში საუბრობს, რამაც ბევრს ემიგრაციაში მყოფი შარლ დე გოლის ასოციაცია გაუჩინა. ეს ესთეტიკა მას შემთხვევით არ შეურჩევია - გოლიზმი, ბონაპარტიზმთან ერთად, მისი იდეოლოგიის ქვაკუთხედია.

ულტრამემარჯვენე, ანტი-მიგრაციული განწყობების ზემური, საფრანგეთში ძალიან დიდი ცნობადობით სარგებლობს. წლების განმავლობაში, იგი სხვადასხვა გამოცემებთან და ტელევიზიებთან თანამშრომლობდა.

ამავდროულად, იგი არის ავტორი წიგნებისა, რომლის თემატიკაც საფრანგეთის დაცემას, ძველი დიდების დაკარგვასა და თანამედროვე დღისწესრიგის კრიტიკას მოიცავს, და დიდი ტირაჟით, უსწრაფესად იყიდება.

არაფრანგული სახელების აკრძალვა, საფრანგეთის ნატოდან გამოყვანა და კიდევ ბევრი სხვა  რეზონანსული განცხადება, რომელიც ზემურს უკავშირდება, მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, მის მიმართ ინტერესს იწვევს. მისმა პოლიტიკაში შესვლამ, შესაძლოა, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს.

 

ბერბერი ებრაელი ალჟირიდან

ერიკ ზემური 1958 წელს, პარიზის გარეუბანში, მონტრეუიში დაიბადა. მისი მშობლები ალჟირული წარმოშობის ბერბერი ებრაელები იყვნენ, რომლებიც საფრანგეთში ალჟირის ომის შემდეგ ჩავიდნენ. ემიგრაციის შემდეგ მისმა ბებიებმა და ბაბუებმა ალჟირული სახელები ფრანგულით შეიცვალეს. ლიაუ და მესუკა ზემურები ჯასტინი და რაშელი გახდნენ, დედის მხრიდან მისი ბებია ურიდა კი - კლერი. 

ერიკის მამა, როჟე ზემური, სამედიცინო კომპანიის დირექტორი იყო, ხოლო დედამისი, დიასახლისი. მამის ხშირ არყოფნაში, ზემური დედამ და ბებიამ აღზარდეს. მოგვიანებით, ის გაიხსენებს და იტყვის, რომ სწორედმათ ასწავლეს, როგორ ყოფილიყო კაცი.”

1979 წელს ზემურმა პარიზში, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი დაამთავრა, რის შემდეგაც მან ორჯერ წარუმატებლად სცადა საფრანგეთის ეროვნული ადმინისტრირების სკოლაში (ÉNA) ჩაბარება. საუბარია ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელზე, სადაც არაერთი ცნობილი ფრანგი საჯარო მოხელე, მათ შორის ემანუელ მაკრონიც სწავლობდა.

ტრადიციულ იუდაისტურ ოჯახში აღზრდილი ზემური ივრითზეც საუბრობს და როგორც თავად ამბობს, 2013 წელს, მამის გარდაცვალებამდე, სინაგოგაშიც ხშირად დადიოდა. თუმცა, ის მორწმუნე ებრაელი არ არის. პუბლიცისტი თავის რელიგიურობაზე საუბრისას ამბობს: “მტკიცე რწმენა არ მაქვს. ყოველთვის არის კონფლიქტი ჩემს ბავშვობასა და დასავლურ, ფრანგულ რაციონალურობას შორის, რომელიც უფრო აგნოსტიკურია.” 

 

ფრანგული სუიციდი 

ფრანგ პოლიტიკოსებსა და საჯარო პერსონებში ზემური იმით გამოირჩევა, რომ არასდროს ჯდებოდა პოლიტკორექტულობის ჩარჩოებში და მიუხედავად იმისა, რომ თავად ჟურნალისტად და კომენტატორად მუშაობდა, ხშირად უპირისპირდებოდა მედიას.

ზემურს მედიაში ულტრამემარჯვენე კომენტატორად მოიხსენიებენ, თუმცა ის თავს გოლისტად და ბონაპარტისტად მიიჩნევს. მისი იდეოლოგიური მრწამსი და ხედვები, ყველაზე კარგად მის წიგნებსა და გამოსვლებში ჩანს.

ერიკ ზემური დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ საფრანგეთის, როგორც ერი-სახელმწიფოს დაცემა 1970-იან წლებში დაიწყო, როდესაც ქვეყანაში მიგრანტების რიცხვი გაიზარდა და ფემინიზმმა და მემარცხენე პოლიტიკამ ტრადიციული ღირებულებების ეროზია გამოიწვია.

ზემურის პოლიტიკურ მანიფესტად, 2014 წელს გამოცემული წიგნი - ‘ფრანგული სუიციდიშეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიცბესტსელერიგახდა.

შინაარსის თვალსაზრისით, ეს წიგნი 79 მოკლედ თავად იყოფა და საფრანგეთის უახლეს ისტორიაზე ავტორის მოსაზრებებია გადმოცემული. ამოსავალი წერტილი 1970 წლის 9 ნოემბერია - დღე, როდესაც შარლ დე გოლი გარდაიცვალა და შესაბამისად, საფრანგეთისდაცემაცშეუქცევადი გახდა. ამით, ზემური, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის სიახლოვეს დე გოლის ფიგურასთან [რასაც ხშირად აკეთებს] და მკაცრად აკრიტიკებს 1968 წლის სტუდენტურ გამოსვლებს.

ამ ხაზის განვითარებად შეგვიძლია შევაფასოთ მისი უაღრესად კრიტიკული, ბევრისთვის შეურაცხმყოფელი და სიძულვილის გამაღვივებელი მოსაზრებები აბორტის ლეგალიზებაზე, სექსუალურ რევოლუციაზე, ჰომოსექსუალთა უფლებებზე, ევროკავშირზე, პრივატიზაციასა და ამერიკული სამომხმარებლო კაპიტალიზმის უარყოფით ზეგავლენაზე. ეს საკითხები, მისი პოლიტიკური კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებებია, ამიტომ მეტ ყურადღებას იმსახურებს.

თუმცა, სანამ მათ განხილვაზე გადავალთ, უნდა ითქვას, რომ  ‘ფრანგული სუიციდისკანდალური ერთი თავის გამო გახდა. ზემური, რომელიც თავად ებრაელია, წერს, რომ ნაცისტებთან კოლაბორაციაში მყოფივიშის რეჟიმის” ხელმძღვანელი, მარშალი ფილიპ პეტენი და მისი მთავრობა, მეორე მსოფლიო ომის დროს, ფრანგი ებრაელების გადარჩენას ცდილობდნენ.

რეალურად, ისტორიული ცნობებით, ვიშის მთავრობამ (განმარტება) ნაცისტებს 72 ათასი ებრაელი გადასცა, რომელთა დიდ უმრავლესობასაც, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

თუკიფრანგულ სუიციდსმის პოლიტიკურ მანიფესტად მივიჩნევთ, შეიძლება იმის თქმაც, რომ სწორედ აქ მოყვანილ საკითხებზე საუბრობდა იგი მედიიდან, მრავალი წლის განმავლობაშიც, სანამ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ჩაებმებოდა.

ამ პერიოდში ზემურის წინააღმდეგ არაერთი საჩივარი თუ მუქარა ყოფილა. მისი სკანდალური გამოსვლებისთვის ზემური სასამართლომ დამნაშავედ ორჯერ ცნო. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ, 2009 წელს, ფიგარომ მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა, რადგანაც Canal+-ის ეთერში ზემურმა რასისტული განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ტრეფიკინგში ჩართულ პირები, შავკანიანები და არაბები იყვნენ.  

2009 წელს, ფრანგმა რეპერმა იუსუფამ სიმღერა ჩაწერა, სადაც ამბობდა, რომფულს მიიღებდა ის, ვინც ნაბიჭვარ ზემურს გააჩუმებდა.” ამის პასუხად, ერიკ ზემურმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რის შემდეგაც, მომღერალმა საკუთარი სიმღერიდან ეს ნაწილი ამოიღო.

 

ემიგრაცია

ზემურის დისკურსში ცენტრალური საკითხი მიგრაციის შეჩერებასა და .დიდი ჩანაცვლებისკონსპირაციულ თეორიას უჭირავს, რომლის მიხედვითაც, ფრანგების არაევროპელი ხალხით ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს, რაც უახლოეს მომავალში დემოგრაფიულ კატასტროფას გამოიწვევს.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ზემურის სამიზნე მხოლოდ არალეგალური ემიგრაცია არ არის. ის ზოგადად, ემიგრანტების მიღების წინააღმდეგია - მათ შორის ლეგალური გზითაც:

 “მათი [ემიგრანტების] შემოსვლა უნდა შევაჩეროთ. მე მხოლოდ არალეგალებზე არ ვსაუბრობ, მე ვფიქრობ, ლეგალური მიგრაციაც უნდა შეჩერდეს. მიმდინარეობს მოსახლეობის ჩანაცვლების პროცესი, რადგან იმდენად ბევრი მიგრანტია, რომ მათი ასიმილაცია ვერ მოხდება. ეს გარდაუვალია.”

საკუთარი სიტყვების გასამყარებლად, ზემურს კოსოვო მოჰყავს, სადაც, მისი თქმით, მე-20 საუკუნის დასაწყისში სერბები მოსახლეობის 90%- შეადგენდნენ, მუსლიმები კი 10%-, ხოლო 90 წლის შემდეგ, პროპორცია ზუსტად საპირისპიროდ შეიცვალა.

“დიდი ჩანაცვლების” თეორიის ავტორი - რაზეც ერიკ ზემური აქტიურად საუბრობს - ფრანგი მწერალი რენო კამიუა. მისი კონსპირაციული ვერსიის თანახმად, მიზანმიმართულად მიმდინარეობს თეთრკანიანი ფრანგებისა და ზოგადად, ევროპელების ჩანაცვლება აფრიკელი და ახლო აღმოსავლელი შავკანიანებით, რომლებიც მუსლიმები არიან.

იგი ასევე მიიჩნევს, რომსაფრანგეთსადაფრანგშიკონკრეტული, ფიზიკური ხასიათისრეალობაიგულისხმება და არა სამართლებრივი დეფინიცია. 75 წლის კონსპიროლოგ მწერალი თვლის, რომჩანაცვლებისსახით, ფრანგების წინააღმდეგ გენოციდი მიმდინარეობს, რასაც ერიკ ზემურიც იზიარებს.

 

ისლამი

ისლამი და საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმები კიდევ ერთი საკითხია, რაზეც ერიკ ზემურს რადიკალური მოსაზრებები გააჩნია და ამას მხოლოდ საემიგრაციო პრობლემის კონტექსტში არ განიხილავს.

მისი აზრით, ტრადიციული ფრანგული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი წესს-ჩვეულებებისთვის, ისლამი იმდენად შეუსაბამოა, რომ  საფრანგეთში მისი ადაპტირება ვერასდროს მოხდება და ის მუდმივად კონფლიქტის საბაბი იქნება.

ისლამი შეუთავსებელია რესპუბლიკურ წყობასთან და საფრანგეთთან. ყურანში წერია, რომ აუცილებელია ებრაელების და ქრისტიანების დახოცვა. თავად მუჰამედსაც, რომელიც ყველა მუსლიმისთვის სრულყოფილი და მისაბაძი ადამიანია, ბევრი ჰყავს დახოცილი”, - ამბობს ერიკ ზემური

იგი განუწყვეტლივ იმეორებს, რომ საფრანგეთის სხვადასხვა ადგილებში, მუსლიმი მოსახლეობა მკვეთრად აღემატებაძირძველიფრანგების რაოდენობას, რასაც წეს-ჩვეულებების ცვლილება დაშაირათით ცხოვრებამოჰყვება.

ამ საკითხზე საუბრისას, ზემური ხშირად თამაშობს ემოციებზე, ხატავს ბნელ მომავალს და აკეთებს ისეთ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, სულ მალექვეყანაში, მასპინძლები სტუმრები გახდებიან და პირიქით.

რამდენიმე თვის წინ მან განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ნაპოლეონის დროინდელი კანონის აღდგენას აპირებს, რომლის მიხედვითაც, ფრანგი ბავშვებისთვის ქრისტიანი წმინდანებისა და ანტიკური ისტორიის პერიოდის სახელის დარქმევა იქნება შესაძლებელი. ამ ინიციატივის მიზანია, რომ შეიზღუდოსმუსლიმური სახელებისდარქმევის შესაძლებლობა.

წინა თაობის ემიგრანტებმა შეიცვალეს საკუთარი სახელები. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ახალმა ემიგრანტებმა იმავეზე უარი თქვან. მაბრაზებს ის ფაქტი, რომ სამი თაობის შემდეგაც, ადამიანები [ემიგრანტები] საკუთარ შვილს მუჰამედს ეძახიან.

ზემურის ამ სკანდალურ განცხადებას, მალიში დაბადებული ფრანგი პოლიციელი, აბდულაი კანტე გამოეხმაურა, რომელმაც მას, 2015 წელს ისლამისტი ტერორისტების მიერ მოკლული პოლიციელი, აჰმედ მერბე გაახსენა და ჰკითხა, ეტყოდა თუ არა მას იგივეს.

შეიძლება ითქვას, რომ ერიკ ზემურისთვის ისლამი ცენტრალური საკითხია, რაზეც მრავალი კუთხიდან, ხშირად უსაფუძვლოდ (მაგალითად დანაშაულის მატების კონტექსტში, რადგანაც საფრანგეთის სახელმწიფო დანაშაულის ჩაშლას რელიგიური და ეთნიკური ნიშნით არ აკეთებს), ძალიან აქტიურად საუბრობს.

მას ხშირად აკრიტიკებენ ისლამოფობიის ნორმალიზებისთვის და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებით, მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებაში სდებენ ბრალს.

მისი მხარდამჭერები კი თვლიან, რომ ზემურიშიშველ სიმართლესამბობს, რაც მედიიდან არ ისმის, მაგრამუბრალოფრანგებისთვის ეს ყველაფერი რეალობაა.

 

ფემინიზმი და სექსუალური უმცირესობების დიქტატი

ფემინიზმი და სექსუალური უმცირესობების უფლებები ის საკითხებია, რასაც ზემურის გამოსვლებში ხშირად მოკრავთ ყურს.

ჟურნალისტად და პოლიტიკურ კომენტატორად მუშაობის პერიოდში, იგი ხშირად საუბრობდა ფრანგული საზოგადოებისფემინიზაციაზე”, რაზეც მას წიგნიც აქვს დაწერილი სათაურით - “პირველი სქესი” (სათაურში კარგად ჩანს კონტრასტი, რომელიც სიმონ დე ბოუვუარის ცნობილი წიგნის - “მეორე სქესისმიმართ იკვეთება).

ზემური ამ წიგნში რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის პატრიარქალური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც ტრადიციული ფრანგული საზოგადოების ჩამოშლად აქვს წარმოდგენილი და რასაც მძიმე სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება.

მისი შეფასებით, ფემინური მამაკაცები და მასკულინური ქალები - რაც ბოლო ათწლეულების ტალღაა - კულტურული ზეგავლენის შედეგია და ბუნებრივი არ არის. იგი ხშირად იყენებსმეორე დედისცნებას, რომლითაც თანამედროვე მამებს ახასიათებს, რაც, მისი აზრით, საზოგადოების ფემინიზაციის შედეგია.

ჟენევაში მატარებელში ვიჯექი, სადაც ჩემ გვერდით წყვილი იჯდა. საკუთარ მკლავებში მოთავსებულ ბავშვს მამა ართობდა, ზრუნავდა და რაღაცებს უყვებოდა. ხოლო დედას, სამი საათის განმავლობაში, წიგნიდან თავი არ ამოუყვია, ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მაშინ, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ეს ხალხი ზუსტად იმას განასახიერებს, რაზეც მე ვწერ”, - განაცხადა ერიკ ზემურმა საკუთარ წიგნზე საუბრის დროს.

მის სამყაროში მამაკაცი დომინანტი და მონადირეა, შესაბამისად, ძალაუფლებაც მხოლოდ მათ ხელში უნდა იყოს, რადგანაც ქალები ისტორიულადრეგენტებიარიან და ძალაუფლების გამოხატვა არ შეუძლიათ.

ზემური ღიად აკრიტიკებს აბორტის უფლებასაც, რომელსაცკოლექტიური სუიციდიუწოდა. ამის გამო მან კიდევ უფრო გაამყარა საზოგადოების ნაწილის მოსაზრება, რომ ზემური მიზოგინი, ქალთა უფლებების მტერი და პროვოკატორია.

მის რიტორიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სექსუალური უმცირესობების უფლებებსაც, რომელსაც კრიტიკულად უყურებს და მემარცხენეების ხელში არსებულ პოლიტიკურ ინსტრუმენტად აფასებს.

ზემურის თქმით, იგი იზიარებს და პატივს სცემს უფლებას, რომლის მიხედვითაც ყველას აქვს უფლება, საკუთარი სექსუალური იდენტობა თავისუფლად განსაზღვროს, მაგრამ მტერიაგეი ლობიზმის”, რომლის წყალობითაც მცირე ჯგუფები სახელმწიფოს საკუთარ დღის წესრიგს ახვევენ თავს.

ამის მაგალითად, იგი ხშირად სკოლებს იშველიებს, სადაც ბავშვებიშეშლილიგენდერის სპეციალისტების მსხვერპლები არიან და ეგალეტარისტულ ექსპერიმენტში იმყოფებიან, რამაც ცოდნასა და დამსახურებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სისტემა ჩაანაცვლა.

ის მძვინვარე ოპონენტი იყო ერთნაირ სქესიანთა ქორწილის, რომელიც 2013 წელს, სოციალისტურმა მთავრობამ დააკანონა. ასევე, მხარს არ უჭერდა კანონს, რომლის მიხედვითაც ლესბოსელი წყვილისთვის განაყოფიერების უფლება დასაშვები იქნებოდა. ეს კანონი საფრანგეთის პარლამენტმა 2020 წელს დაამტკიცა.

ამმ საკითხებზე კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმის დროს, იგი ხშირად მედიასაც უჩივის და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს, არანაირი საფუძველი არ აქვს და ეს მხოლოდ შავი პიარის ნაწილია.

მტრებს ჩემი პოლიტიკური სიკვდილი სურთ, ჟურნალისტებს - სოციალური, ჯიჰადისტებს კი საერთოდაც ჩემი სიკვდილი”,- განაცხადა ზემურმა თავის პირველ წინასაარჩევნო შეხვედრაზე.

 

ეკონომიკური ხედვები

ერიკ ზემურის დისკურსში ყველაზე ნაკლები დრო ეკონომიკას და სოციალურ პოლიტიკას ეთმობა.

რთულია მისი დიფერენცირება კლასიკურ მემარჯვენედ ან მემარცხენედ, რადგანაც იგი ორივე ჯგუფის მესიჯებს აერთიანებს და სხვა საკითხების მსგავსად, ეკონომიკასაც გლობალიზმისა და ეროვნული სახელმწიფოს დაპირისპირების ჭრილში უყურებს

ძირითად მესიჯებს რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ იგი ხშირად საუბრობს ინდუსტრიალიზაციაზე, ბიზნესისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე, დიდი ბიზნესის საფრანგეთში დაბრუნებაზე. ასევე, მხარს უჭერს პროტექციონიზმს, ექსპორტ-იმპორტის დაბალანსებასა და მცირე ბიზნესის წახალისებას.

ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ პროვოკატორად მონათლული საპრეზიდენტო კანდიდატი, ეკონომიკურ საკითხებსაც ხშირად მიგრაციის პრიზმიდან უყურებს და საფრანგეთის მოდელად იაპონიას განიხილავს.

არსებობს ზემურლენდი და ეს არის იაპონია. იაპონიამ 40 წლის განმავლობაში უარი თქვა იმიგრაციაზე. შედეგად - მათ აქვთ 3%-იანი უმუშევრობა, ბრწყინვალე პროდუქტიულობა, აბსოლუტური უსაფრთხოება - ციხეებში უამრავი თავისუფალი ადგილია და რობოტიზებული ეკონომიკა. ანუ, ყველაფერი ის, რაც ჩვენ გვაკლია”, - თქვა ზემურმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

მისგან  ხშირად გაიგებთ, რომ საფრანგეთის ბიუჯეტიდან ზედმეტად დიდი თანხები იხარჯება უცხოელების და იმიგრანტების სოციალურ ბენეფიტებზე. ამის დამამტკიცებლად კი ზემურს “‘საოჯახო დახმარების ფონდიმოჰყავს, რომლის 42%-იც უცხოელებზე იხარჯება.

ერიკ ზემური უცხოელებისთვის უფასო ჯანდაცვის დაფინანსების შეწყვეტას უჭერს მხარს, რაზეც ბიუჯეტიდან მილიარდ ევროზე მეტი იხარჯება. გარდა ამისა, ის პროტექციონიზმის მომხრეა და ევროკავშირის დატოვების ერთ-ერთ არგუმენტად, ერთიანი ევროპული ბაზრიდან გამოსვლას მიიჩნევს.

ზემური ზოგიერთი გადასახადის შემცირებასაც ემხრობა. ის თვლის, რომ 2000 ევრომდე შემოსავლის ადამიანებს, ძირითადი სოციალური კონტრიბუცია (GSC) 9%-დან 2.5%-მდე უნდა შეუმცირდეთ. ასევე, ის აცხადებს, რომ უცხოელებისთვის ყველანაირი სოციალური ბენეფიტის შეწყვეტით, საფრანგეთის ბიუჯეტში 20 მილიარდი ევრო დაიზოგება.

 

საფრანგეთს უკანასკნელი სიტყვა ჯერ არ უთქვამს

მსოფლიოში გავრცელებული ტენდენციაა, რომ პოლიტიკოსები საარჩევნო კამპანიის დაწყების წინ, წიგნებს აქვეყნებენ, სადაც მათი ხედვები და იდეები არის გაერთიანებული, რაც სხვადასხვა ადგილებში პრეზენტაციის ჩატარებასა და არაფორმალურად, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების საშუალებას იძლევა.

შორს რომ არ წავიდეთ, პრეზიდენტად არჩევამდე, ანალოგიურ ხერხს მიმართა ემანუელ მაკრონმაც, რომელმაც წიგნირევოლუცია წინდაწერა.

ცხადია, ეს შესაძლებლობა ხელიდან არც ერიკ ზემურმა გაუშვა, რომელმაც 2021 წელის 15 სექტემბერს ახალი წიგნი - “საფრანგეთს უკანასკნელი სიტყვა ჯერ არ უთქვამს” - გამოაქვეყნა. წიგნში მისი სტატიები და მოსაზრებებია გაერთიანებული. ამავდროულად, წიგნის სათაური, მისი საარჩევნო კამპანიის სლოგანიც გახდა.

წიგნის ერთ-ერთი მთავარი თემა იმიგრაცია და ისლამური რადიკალიზმის კრიტიკაა. ზემური წერს, რომ პარიზის ჩრდილოეთში, ერთ-ერთი უბანი სენა-სენ-დენი, სადაც ბევრი მუსლიმი ცხოვრობს  “ალაჰის მმართველობის ქვეშ მყოფი უცხოური ანკლავიგახდა, რამაც მედიისა და პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ წიგნის დასაწყისში ზემური იხსენებს მარინ ლე პენთან დაახლოებულ პირთან შეხვედრას, რომელმაც მასეროვნული ფრონტისლიდერის სათქმელი მოახსენა.

მისი პროგნოზით, ზემური 3%-ზე მეტის აღებას ვერ შეძლებს, რითაც მარინ ლე პენს პირველ ადგილზე გასვლაში ხელს შეუშლის, ეს კი არსებული საზოგადოებრივი კვლევების მონაცემებით, რეალობას არ შეესაბამება, რადგანაც ზემურს გაცილებით მეტი ადამიანი უჭერს მხარს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ორი ულტრამემარჯვენე კანდიდატი ერთმანეთს ღიად აკრიტიკებს. ზემური ამბობს, რომ ლე პენმა უკვე რამდენიმე არჩევნები წააგო და მისი მეორე ტურში გასვლა, მაკრონისთვის გარანტირებული მეორე ვადის მიცემას ნიშნავს.

მე ვფიქრობ ფრანგები ამას ხედავენ და ეს მანაც იცის, რომ ლე პენისთვის ხმის მიცემა, ნიშნავს მაკრონის მხარდაჭერას. მაკრონს სწორედ ეს უნდა, რომ მეორე ტურში მას [ლე პენს] დაუპირისპირდეს და იოლად დაამარცხოს.

ამ კონტექსტში, საინტერესოა მარინ ლე პენის მამის, ჟან-მარი ლე პენის მოსაზრება, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ხმა ერიკ ზემურს მისცეს, თუკი მაკრონთან ბრძოლაში, მეტი შანსი ექნება.

ერიკ ზემურს მისი რადიკალური, ხშირად პროვოკაციული განცხადებების გამო - ახალი წიგნის საპრეზენტაციო ტურნეში, რომელიც რეალურად საარჩევნო კამპანიას წარმოადგენდა - ყურადღება არ აკლდა. საფრანგეთის ყველა ქალაქში, მის შეკრებებს ულტრამემარცხენე და ანტი-რასისტი აქტივისტები ხვდებონდნენ, რაც ხშირად ორი მხარის ფიზიკური დაპირისპირებითაც სრულდებოდა.

 

ვიცით ზემურის დაპირებებზე?

ზემური მოსახლეობას ჰპირდება, რომ საფრანგეთში დაბადების შემთხვევაში, ყველა ბავშვი ქვეყნის მოქალაქეობას ვერ მიიღებს.

პარალელურად, მას აქვს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ოჯახის წევრობის ნიშნით მოქალაქეობის მინიჭება აიკრძალება.

მისი ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური დაპირება, საფრანგეთის ციხეებში მყოფი არაფრანგი მსჯავრდებულების ქვეყნიდან გაძევებაა.

ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს შენგენის ზონიდან გამოსვლა და საზღვრებზე სამხედროების კონტროლის დაწესებაც სურს.

გარდა ამისა, საპრეზიდენტო კანდიდატი ღიად აცხადებს, რომ საპენსიო ასაკი 64 წლამდე უნდა გაიზარდოს.

განსაკუთრებით საინტერესოა ერიკ ზემურის ხედვები საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით. იგი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას, ჩინეთთან ფრთხილი პოლიტიკის გატარება სურს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებისგანდამოუკიდებლობადა დისტანცირება აქვს გეგმაში. ამ ყველაფერს ზემური ბალანსის პოლიტიკას ეძახის, რაც, მისი აზრით, უალტერნატივოა.

ევროკავშირთან მიმართებით, ერიკ ზემურის ხედვები ბოლომდე ნათელი არ არის. იგი პირდაპირ არ ამბობს, რომ საფრანგეთმა გაერთიანება უნდა დატოვოს, მაგრამ წინააღმდეგობაში მოდის არაერთ ძირითად საკითხთან, რაც ევროკავშირის მიერ არის განსაზღვრული.

მაგალითისთვის, ზემური უპირობოდ აკრიტიკებს ეკონომიკურ პოლიტიკას და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების დაბლოკვას აპირებს. მას ასევე შენგენის ზონიდან გამოსვლა და საზღვრებზე სამხედროების კონტროლის დაწესებაც სურს. ასევე, ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ, რომლის შესრულებასაც არ აპირებს.

ზემური უფრო ცხადია ნატოს მიმართ, რომელსაც მოძველებულ და დისფუნქციურ გაერთიანებად მიიჩნევს, და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთის ნატოს ერთიანი სარდლობიდან გამოყვანას აპირებს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ნატოს სარდლობიდან გამოსვლის გამოცდილება საფრანგეთს უკვე აქვს, რაც 1966 წელს, შარლ დე გოლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

 

ზემურის შანსები

უკანასკნელი საზოგადოებრივი აზრის კვლევით, 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებს შორის პირველ ადგილზე ემანუელ მაკრონია 26%-ით, მას რესპუბლიკელი ვალერი პეკრესი მოსდევს - 17%, მარინ ლე პენი - 16% და ერიკ ზემური ხმების 13%-ით მეოთხე ადგილზეა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზემურს, პეკრესსა და ლე პენს შორის სხვაობა ძალიან მცირეა.

საპრეზიდენტო მარათონში ზემურის ჩართვამ, ფრანგულ პოლიტიკაში 2017 წლიდან ჩამოყალიბებული წესრიგი დაანგრია. ბოლო 5 წლის განმავლობაში, მაკრონის მთავარ ოპონენტად მარინ ლე პენი ითვლებოდა, მაგრამ ახალი, ძლიერი ულტრამემარჯვენე კანდიდატის შემოსვლამ, ლე პენის მეორე ტურში გასვლის პერსპექტივებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა.

ერიკ ზემური ელექტორატის ნაწილს პირველ რიგში მარინ ლე პენს ართმევს, რამაც მეორე ტურში მაკრონის ვიზავის პროგნოზირება გაართულა. აქამდე ყველა მიიჩნევდა, რომ დაპირისპირება კვლავ მოქმედ პრეზიდენტსა და მარინ ლე პენს შორის გაიმართობდა, მაგრამ ახლა შანსები ერიკ ზემურსა და რესპუბლიკელების კანდიდატს - ვალერი პეკრესს გააჩნიათ, რომელიც ბოლო პერიოდის კვლევებში, მეორე ადგილზე ხშირად გვევლინება.

დღევანდელი გადმოსახედიდან, სამი შესაძლო ვარიანტი იკვეთება:

1) ზემურის მიერ ხმების წართმევის მიუხედავად, მეორე ტურში მარინ ლე პენის გასვლა, რაც მაკრონის გარდაუვალ გამარჯვებას ნიშნავს. ასე მოხდა 2002 წელს ჟაკ შირაკისა და მარინ ლე პენის, ხოლო 2017 წელს მოქმედი პრეზიდენტისა და მარინ ლე პენის დაპირისპირების დროს, როდესაც საზოგადოება რადიკალური კანდიდატის წინააღმდეგ გაერთიანდება;

2) მარინ ლე პენის ნაცვლად, მეორე ტურში ერიკ ზემურის გასვლა, რაც თავისთავად სიურპრიზი და წარმატება იქნება, თანაც იმ პირობებში, როდესაც ზემური არცერთ პარტიას არ წარმოადგენს. თუმცა, საბოლოო შედეგების თვალსაზრისით, სავარაუდოდ, იგივე შედეგის დაფიქსირებაა მოსალოდნელი, რაც მარინ ლე პენის შემთხვევაში მოხდება.

3) მესამე და ყველაზე საინტერესო სცენარი შესაძლოა,რესპუბლიკური პარტიისქალი კანდიდატის, ვალერი პეკრესის მეორე ტურში გასვლა იყოს, რისთვისაც ერიკ ზემურის მიერ, მარინ ლე პენისთვის ხმების წართმევა, აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლა მეტ ინტრიგას შეიძენს, რადგანაცრესპუბლიკური პარტიისბოლო პერიოდის  რადიკალიზაციისა და სკანდალების მიუხედავად, ვალერი პეკრესი განსხვავებული რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსად აღიქმება, რაც ყველა vs ულტრამემარჯვენე კანდიდატის მატრიცას არღვევს.

ცხადია, ამ სამი ვარიანტიდან მაკრონისთვის ყველაზე კომფორტული ოპონენტები ზემური და ლე პენი იქნებიან, რადგან საზოგადოების უმრავლესობის თვალში ისინი ზედმეტად რადიკალ, ნაციონალისტ და ბევრისთვის ფაშისტ პოლიტიკოსებად მიიჩნევიან.

პროგნოზების გაკეთება ყოველთვის უმადური საქმეა, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ერიკ ზემურის პოლიტიკაში გამოჩენამ, საპრეზიდენტო არჩევნებს მეტი ინტრიგა შესძინა.

ერთი რამის თქმა ნამდვილად შეიძლება: შედეგის მიუხედავად, ბევრისთვის იგი პროვოკატორ პოლემისტად, ხოლო ნაწილისთვისსიმართლის მთქმელადამიანად დარჩება.

 

ავტორები: ზაზა აბაშიძე; გიორგი ლოლაძე

 

მსგავსი სიახლეები