6-9 ივნისს გამართულ არჩევნებში, ევროკავშირის მოქალაქეებმა, ევროპარლამენტის წევრები აირჩიეს.
2024 წლის არჩევნები, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრების, უკრაინასა და ღაზაში ომების, მიგრანტების ნაკადების ზრდის და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ულტრამემარჯვენე პარტიების აღმასვლის ფონზე ჩატარდა.
ამ კონტექსტში, ძალიან საინტერესოა, როგორ შეხვდა არჩევნებს ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი - “ევროპის სახალხო პარტია,” რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა და წარმომადგენლობა 9 დეპუტატით გაიუმჯობესა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო - 720 წევრიან პარლამენტში, ისინი 185 დეპუტატით იქნებიან წარმოდგენილნი.
ამ პარტიის მიმართ ინტერესს, ჩვენს კონტექსტში, არამხოლოდ ევროკავშირზე მისი უზარმაზარი გავლენა, არამედ ქართულ პოლიტიკურ ძალებთან მისი კავშირიც განაპირობებს. “ევროპის სახალხო პარტიის” ასოცირებული წევრია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და დამკვირვებელი წევრი -“ევროპული საქართველო.”
თუმცა, ცხადია სტატიაში არა საქართველოზე, არამედ ევროკავშირის მომავალზე, ამ პარტიის პოლიტიკურ ხედვებზე, ლიდერებზე და ევროკავშირის პერსპექტივაზე ვისაუბრებთ, რადგან სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას ექნება გადამწვეტი გავლენა ევროკავშირზე შემდეგი წლების განმავლობაში.
EPP - ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი
“ევროპის სახალხო პარტია” ევროკავშირის მემარჯვენე-ცენტრისტული და ზომიერად კონსერვატორული ძალების გაერთიანებაა, რომელსაც სხვადასხვა ფორმით არსებობის, დიდი ისტორია გააჩნია.
EPP 1976 წელს დაფუნძდა. ინიციატორები, ბელგიის მაშინდელი პრემიერი ლეო ტინდემანსი და მოგვიანებით, ამავე ქვეყნის პრემიერი, ვილფრედ მარტენსი იყვნენ.
ამ გაერთიანების წინამორბედი - “ევროპელი ქრისტიან დემოკრატების” ჯგუფი, ევროპარლამენტში, ასევე, ყველაზე დიდი ფრაქციით იყო წარმოდგენილი. თუმცა, ევროკავშირის გაფართოება, ამ ჯგუფისთვის გამოწვევას წარმოადგენდა, რადგან პოზიციების შესანარჩუნებლად, ახალ წევრ ქვეყნებში პარტნიორების პოვნა იყო საჭირო.
სწორედ ამიტომ, პარტიამ გადაწყვიტა მისი იდეოლოგიური დიაპაზონი გაეფართოვებინა და ისეთი ძალებიც მიეღო, რომლებიც მკაფიოდ კონსერვატორული ფლანგის წარმომადგენლებად არ განიხილებოდნენ. ასე დაიწყო EPP-ში ლიბერალურ-კონსერვატორული პარტიების მიღება, რამაც ეს პოლიტიკური ჯგუფი, უფრო ცენტრისტული გახდა.
1990-იან წლებში, ევროპაში, ცალკე პოლიტიკურ ჯგუფად არსებობდა “ევროპელი დემოკრატები,” რომლის წევრებიც, ბრიტანეთისა და დანიის კონსერვატორული პარტიები იყვნენ, მაგრამ ამ ჯგუფმა გაფართოება და საკმარისი რაოდენობის წევრების შენარჩუნება ვერ შეძლო, რის შემდეგაც EPP-ს შეუერთდა.
“ევროპის სახალხო პარტია” 1999 წლის ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფია. ამჟამად, ამ პარტიის წარმოამდგენლები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
ასევე, EPP-ს წევრები არიან ევროპის ყველაზე დიდი მემარჯვენე ცენტრისტული პარტიები: გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, საფრანგეთის რესპუბლიკური პარტია, ბელგიური CD&V, რუმინული ეროვნული-ლიბერალური პარტია, საბერძნეთის “ახალი დემოკრატიის პარტია,” იტალიური Forza Italia, ესპანეთის “სახალხო პარტია,” პოლონური “სამოქალაქო პლატფორმა” და ასე შემდეგ.
ფონ დერ ლაიენის პრეზიდენტობის 5 წელი
2019 წელს, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტი EPP-ს, სოციალისტებისა და ლიბერალების მხარდაჭერით გახდა.
ამ თანამდებობაზე, ის უფრო როგორც ტექნოკრატი ლიდერი მოქმედებდა, ვიდრე ყველაზე დიდი მემარჯვენე გაერთიანების წარმომადგენელი. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ მას ძალიან ეკლექტური საპარლამენტო უმრავლესობა ჰქონდა და ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღებას, ევროპული საბჭოს ყველა წევრის თანხმობაც სჭირდება, რაც თავისთავად გულისხმობს კომპრომისებზე წასვლის აუცილებლობას.
მისი ლიდერობის ხუთ წელიწადში, ევროკავშირმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: გატარდა მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემის პროცედურების რეფორმა, გამკაცრდა სასჯელი ტრეფიკინგის ორგანიზატორებისთვის, გაფორმდა შეთანხმებები ეგვიპტესთან, ტუნისთან და მავრიტანიასთან, რათა ადგილზე მოხდეს მიგრანტების შეკავება და ევროკავშირმა გადაწყვიტა მნიშვნელოვანი ინვესტიცია განეხორციელებინა თავდაცვის ინდუსტრიაში.
2019 წლის 16 ივლისს, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
ამავდროულად, ფონ დერ ლაიენი იყო პანდემიისას 100 მილიარდიანი სამუშაო ადგილების შენარჩუნების სქემის ინიციატორი, რომელსაც აქტიურად უჭერდნენ მხარს მემარცხენეები. მისი ლიდერობისას გამოქვეყნდა ევროკავშირის პირველი LGBTIQ სტრატეგია, “ევროპის მწვანე შეთანხმება”, რომელიც ბლოკს 2050 წლისთვის კლიმატურად ნეიტრალურად აქცევს. მეტიც, ფონ დერ ლაიენი მინიმალური ხელფასის ზრდასაც ლობირდებდა.
ამიტომაც, მისი ცალსახად რომელიმე იდეოლოგიაში მოქცევა, ძალიან რთულია. ის გადაწყვეტილებებს ვითარების შესაბამისად, რთულ სტრუქტურაში იღებს, სადაც ყოველი ნაბიჯის გადადგმას, მრავალი ინსტიტუტისა და მხარის ჩართულობა სჭირდება.
2019 წელთან შედარებით, ევროპა კარდინალურად შეიცვალა. საერთაშორისო კონფლიქტებისა და მიგრანტების რაოდენობის მკვეთრი ზრდის ფონზე, ევროპულ ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრი მარჯვნივ გადაიხარა, რაც ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამ ფონზე, ყველაზე დიდი მემარჯვენე გაერთიანება “ევროპის სახალხო პარტია” ცდილობს საზოგადოებრივ აზრზე ადეკვატურად ადაპტირდეს.
ფონ დერ ლაიენს ცენტრისტი ტექნოკრატის იმიჯი აქვს და ევროკომისიის პრეზიდენტად, მის მეორედ დასახელებას შიდა წინააღმდეგობაც ახლდა თან.
EPP-ს კონგრესზე, ფრანგმა “რესპუბლიკელებმა” საჯარო წერილი გამოაქვეყნეს, სადაც მისი ნომინირება გააპროტესტეს და ფონ დერ ლაიენი “ტექნოკრატიული გადახრისთვის, ეკონომიკური ზრდის საწინააღმდეგო პოლიტიკისთვის და მასობრივი მიგრაციის კონტროლში წარუმატებლობისთვის” გააკრიტიკეს.
აქვე ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ 2019 წელს, სწორად საფრანგეთის ლიდერი იყო ერთ-ერთი, ვინც “ევროპის სახალხო პარტიის” მოქმედ პრეზიდენტს, მანფრედ ვებერს, მხარი არ დაუჭირა ევროკომისიის პრეზიდენტობაზე, რის შემდეგაც, კანდიდატად ურსულა ფონ დერ ლაიენი დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ ემანუელ მაკრონი, წელსაც სხვა კანდიდატების ლობირებაში იყო შემჩნეული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფონ დერ ლაიენის კანდიდატურაზე თანხმობა არ განაცხადოს.
ევროპის სახალხო პარტიის მანიფესტი - 2024
2024 წლის მარტში “ევროპის სახალხო პარტიამ” წინასაარჩევნო მანიფესტი წარადგინა, რომელიც სხვადასხვა საკითხზე, პარტიის ხედვას მოიცავს: კონკურენცია, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უცხო ძალების ჩარევა, გარემოს დაცვა, მიგრაცია და ასე შემდეგ.
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის საგარეო პოლიტიკური დაპირებები და უკრაინის მიმართ პოლიტიკაა.
“ევროპის სახალხო პარტია” მანიფესტში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რჩება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ერთგულად და მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერად. ამასთანავე, პარტია აცხადებს, რომ გააგრძელებს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც მოითხოვს უკრაინის გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველყოფას და ქვეყნის მოდერნიზაციასა და რეკონსტრუქციას.
გარდა ამისა, პარტია პირობას დებს, რომ კიდევ უფრო გაამკაცრებს რუსეთის მიმართ სანქციების რეჟიმს, რადგან აცნობიერებს, რომ ევროკავშირის უსაფრთხოება პირდაპირ არის დაკავშირებული უკრაინის დაცვასთან.
“ევროკავშირი მზად უნდა იყოს, რომ გაფართოვდეს.” - მანიფესტის ეს პასაჟი კარგად ასახავს EPP-ს მზაობას, კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში, ევროკავშირში ახალი წევრების მიღებას მხარი დაუჭიროს. “ყველა კანდიდატი ქვეყანა ასევე უნდა იყოს მზად წევრობისთვის. ჩვენ უნდა გადავდგათ შუალედური ნაბიჯები და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რათა კანდიდატები საუკეთესო პირობებით შემოგვიერთდნენ.”
ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა, რომ ახალ ევროკომისიაში თავდაცვის ინდუსტრიის კომისრის თანამდებობა გაჩნდება. მედია წერს, რომ ამ პოზიციაზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი მოიაზრება, რასაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები განსაკუთრებით დადებითად უყურებენ.
წინასაარჩევნო კამპანიაში, თავდაცვა EPP-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. იტალიაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვიზიტისას ფონ დერ ლაიენმა განაცხადა: “ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია ევროპულ თავდაცვაში, ინვესტირებული მილიარდები ასევე შექმნის ძალიან კარგ სამუშაო ადგილებს.”
ევროპის თავდაცვის ინდუსტრია ეროვნული მთავრობების მიერ არის კონტროლირებული, რაც ერთობილივი გადაწყვეტილებების მიღებას ართულებს და უკრაინისთვის იარაღი მიწოდების ტემპიც დამაკმაყოფილებელი არ არის.
პარტიის მანიფესტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის თავდაცვის ერთიან ბაზართან დაკავშირებით გადაწყვეტილებები, ასევე სანქციების დაწესება, მსოფლიოში ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ, აღარ უნდა მოითხოვდეს ევროკავშირის ყველა ლიდერის თანხმობას.
ევროკავშირის კრიტიკული გადაწყვეტილებები, მათ შორის უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ბოლო თვეების განმავლობაში გაჭიანურდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვეტოს გამო. EPP-ს სურს, რომ კონსენსუსის წესი, კვალიფიციური უმრავლესობით შეიცვალოს, რათა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, უფრო სწრაფად იყოს შესაძლებელი.
2024 წლის არჩევნებზე, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მიგრაცია იყო. ევროპის უმსხვილესი პარტიის მანიფესტში, მიგრაცია 18-ჯერ არის ნახსენები.
უკანონო მიგრაცია 2024 წლის არჩევნების ერთ-ერთი მთავარი საკითხია
გასულ წელს ევროკავშირში თავშესაბრის მთხოვნელთა რაოდენობა 18%-ით გაიზარდა და მიგრაცია გადაწყვეტილების მიღებისას მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.
ამ პრობლემაზე საპასუხოდ EPP-ს სურს, ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს მნიშვნელოვნად გაძლიერება. პარტიის მიზანია, რომ Frontex-ის თანამშრომლების რაოდენობა გასამმაგდეს, გაიზარდოს მისი უფლებამოსილებები და ბიუჯეტი.
ცოტა ხნის წინ, იტალიამ მიაღწია შეთანხმებას ალბანეთთან, რომლის ფარგლებშიც, თავშესაფრის მთხოვნელები ალბანეთში იქნებიან, სანამ მათი აპლიკაცია დაკმაყოფილდება და იტალიაში ცხოვრების უფლებას მიიღებენ. შეთანხმება, ფონ დერ ლაიენმაც საჯაროდ შეაქო.
მანიფესტი ასევე მხარს უჭერს შემდგომ შეთანხმებებს ისეთ სახელმწიფოებთან, საიდანაც მიგრანტები ევროპისკენ მოდიან ან ტრანზიტისთვის იყნებენ. ეს სახელმწიფოები ევროკავშირისგან ფულად დახმარებას აიღებენ, რათა მიგრანტების ნაკადები შეაკავონ.
კოალიცია ულტრამემარჯვენეებთან?
2023 წელს ევროკავშირის გარე საზღვრებზე უკანონო საზღვრის გადაკვეთის რაოდენობამ დაახლოებით 380 ათასს მიაღწია, რაც 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2022 წელთან შედარებით ევროკავშირში უკანონო მიგრანტების ნაკადები 17%-ით გაიზარდა. ამ ფონზე, ევროკავშირის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი არამხოლოდ პრაქტიკულ გამოსავალს ეძებს, არამედ სურს შემდგომ ევროპარლამენტში მიგრაციაზე მკაცრი პოზიციების მქონე პარტნიორებიც ჰყავდეს.
სწორედ ამიტომ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რამდენიმეჯერ გამოთქვა სურვილი მის საპარლამენტო კოალციაში ჯორჯა მელონის პარტია “იტალიის ძმები” იხილოს, რომელმა იტალიაში ევროპარლამენტის არჩევნები მოიგო.
ამის პირველი მიზეზი ევროპაში საზოგადოებრივი აზრის უფრო მარჯვნივ გადახრა და ზოგადად, ევროპული ულტრამემარჯვენე პარტიების მხარდაჭერის ზრდაა, რაც EPP-ს მხარდაჭერის შემცირების საფრთხეს ქმნის. მეორე მიზეზი კი პრაგმატული გათვლაა, რომ ევროპარლამენტის უმრავლესობაში კონსერვატორულ და ნაციოანლისტურ იდეებთან უფრო ახლოს მყოფი ძალები იყვნენ და არა მხოლოდ ლიბერალები ან სოციალისტები, რადგან სწორედ ეს პარტიები დაეხმარებიან “ევროპის სახალხო პარტიას” ამ პრობლემასთან გასამკლავებლად უფრო მკაცრი ზომების მიღებაში.
EPP-ს ლიდერი იტალიის პრემიერს პოტენციურ პარტნიორად მოიაზრებს
თუმცა, მელონისა და ფონ დერ ლაიენის პარტნიორობა ცხადი არ არის და ბევრი წინაღობა აქვს. პირველ რიგში, პარტნიორობას ხელს EPP-ს ახლანდელი პარტნიორების, მემარცხენე-ცენტრისტებისა და ლიბერალების პოზიცია უქმნის, რომლებიც კატეგორიულად გამორიცხავენ ულტრა-მემარჯვენე, ანტი-მიგრაციული განწყობების პარტიებთან თანამშრომლობას.
მეორე წინაღობა კი უბრალოდ მათემატიკაა. იტალიაში, ევროპარლამენტოს არჩევნებზე პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, მელონის პარტიამ 24 მანდატი მოიპოვა. მელონის პოლიტიკური ჯგუფის, “ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების” კოალიციაში სრულად შესვლის შემთხვევაშიც კი, EPP-ს აუცილებლად დასჭირდება სოციალისტების უმრვლესობაში შემოყვანა საკმარისი ხმების მისაღებად.
თუმცა, როგორც ანალიტიკოსები წერენ, ურსულა ფონ დერ ლაიენს შესაძლოა სულ სხვა გათვლა აქვს. მეორე ვადით ევროკომისიის პრეზიდენტად მის არჩევას სერიოზული შიდა წინააღმდეგობა მოჰყვება, როგორც “ევროპის სახალხო პარტიაში”, ასევე ევროპელ სოციალისტებსა და ლიბერალებში. მომავალ პარლამენტში 720 ევროპარლამენტარი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიის პრეზიდენტად ასარჩევად მას 361 დეპუტატის ხმა დასჭირდება. სწორედ ამიტომ, მელონის მიმართ მისი ხანგრძლივი საჯარო შეთავაზებები, შესაძლოა უმრავლესობის გარანტიის მიღების მცდელობა იყოს. რადგან, თუკი მას, სამი უდიდესი ჯგუფის დეპუტაცია სრულად მხარს არ დაუჭერს, შესაძლოა მას ხმების ეს დეფიციტი, მელონის “იტალიის ძმებმა” შეუვსოს.
მელონი და ფონ დერ ლაიენი კი სიტუაციურ მოკავშირეებად შეიძლება იქცნენ და ამ მხარდაჭერით, იტალიის პრემიერმა საკუთარი ქვეყნისთვის ევროკავშირისგან სერიოზული დათმობები მიიღოს. თუმცა, მელონი ულტრამემარჯვენე ლიდერებისთვისაც მიმზიდველი პარტნიორია. ცოტა ხნის წინ, ლიდერმა მარინ ლე პენმა იტალიის პრემიერ-მინისტრს შესთავაზა, რომ გაერთიანდნენ და მემარჯვენე სუპერჯგუფი შექმნან, რომელიც მეორე უმსხვილესი პარტიული ბლოკი იქნება ევროპარლამენტში.
რამდენად შედგება მელონის და მემარჯვენე-ცენტრისტებს შორის პარტნიორობა და როგორ შეცვლის ეს ევროკავშირის პოლიტიკას, ამას არჩევნების შემდეგ გავიგებთ.
შედეგები
2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე პირველი ადგილი "ევროპის სახალხო პარტიამ" დაიკავა, ხოლო მეორეზე "სოციალ-დემოკრატები" გავიდნენ.
არსებული შედეგების პირობებში, მანდატები ასე გადანაწილდა: ევროპის სახალხო პარტია - 185 მანდატი, სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი - 137 მანდატი, ლიბერალური “განახლებული ევროპა” - 79 მანდატი, ულტრამემარჯვენე “ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები” - 73 მანდატი, ულტრამემარჯვენე, ევროსკეპტიკური გაერთიანება “იდენტობა და დემოკრატია” - 58 მანდატი, “მწვანეები / თავისუფალი ევროპის ალიანსი” - 52 მანდატი და მემარცხენეების გაერთიანება - 36 მანდატი.
ის პარტიები, რომლებიც არცერთი პოლიტიკური ჯგუფის წევრები არ არიან, ჯამში 100 ევროპარლამენტარით იქნებიან წარმოდგენილი.
ამ შედეგების თანახმად, “ევროპის სახალხო პარტია,” ლიბერალური “განახლებული ევროპა” და “სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი” ჯამში 401 მანდატს იღებენ, რაც უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად, სრულიად საკმარისი რაოდენობაა, თუმცა განსხვავებული იდეოლოგიის პარტიებს შორის, მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება.
2024 წლის არჩევნებზე EPP-ის წარმატება ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში და საბერძნეთში მისი წევრი პარტიების გამარჯვებამ განაპირობა.