-

უკრაინაში რუსეთის აგრესიამ მსოფლიოში გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, სხვადასხვა ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ყოფილა, რომლის გაფართოებაც პუტინმა უკრაინაში ინტერვენციის დაწყების ერთ-ერთ საბაბად დაასახელა, თუმცა რუსეთის ლიდერმა აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი მიიღო.

უკრაინაში აგრესიის დაწყებიდან მალევე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რუსეთს  მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის “ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე” უწოდა.  

ნატომ რუსეთი “ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ” გამოაცხადა მისი წევრების მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ერთმანეთის მიყოლებით დადეს პირობა, რომ თავდაცვის ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდიან. ამასთანავე, ნატო მკვეთრად ზრდის სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას (40 000-დან 300 000-მდე) და უფრო და უფრო მეტი სამხედროს დისლოცირებას ახდენს აღმოსავლეთ ფლანგზე.

პუტინის რეჟიმის აგრესიულმა ქმედებებმა ნატოს იმ ქვეყნების გამოფხიზლებაც კი გამოიწვია, რომლებიც ტრადიციულად რუსეთის მიმართ დათმობის და ზომიერ პოლიტიკას უჭერდნენ მხარს და რუსეთის მიმართ აქტიური ქმედებების მომხრე არასოდეს ყოფილან.

რუსეთის ქმედებებს ფინეთისა და შვედეთის ნეიტრალიტეტის ცვლილება და ფინეთის ნატოში გაწევრება მოჰყვა. ალიანსს მალე შვედეთიც შეუერთდება.

საბოლოოდ, რუსეთმა ნატოს გავლენის შემცირების ნაცვლად, აღმოსავლეთით გაფართოებული, გადაიარაღებული და მის დამარცხებაზე კონცენტრირებული ალიანსი მიიღო.

მეტიც, უკრაინულ საზოგადოებაში მკვეთრად გაიზარდა ნატოში გაწევრების მომხრეთა რაოდენობა, რადგან კიდევ უფრო მეტმა უკრაინელმა გაიაზრა, რომ მშვიდობის და უსაფრთხოების სხვა გარანტია უბრალოდ არ არსებობს.

ვილნიუსის ისტორიული სამიტი

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ტრანსფორმაციის საუკეთესო გამოხატულება 2023 წლის 11-12 ივლისს ვილნიუსში ჩატარებული სამიტი იყო, რომელზეც ისტორიული გადაწყვეტილება გამოცხადდა.

ნატოს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის (MAP) გარეშე გახდება ალიანსის წევრი. ამავე სამიტზე შეუერთდა ფინეთი ნატოს.

სამიტის დაწყებამდე, საერთაშორისო მედიაში მთავარი საკითხი უკრაინის პოტენციური წევრობა იყო. საბოლოოდ, ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში ჩაიწერა: „ჩვენ უკრაინას ალიანსში გაწევრების მოწვევას გავუგზავნით, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება.”

ნატოს ვილნიუსის სამიტი

ალიანსი ასევე შეთანხმდა ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის მრავალწლიან პროგრამად ქცევაზე, რათა “დაეხმაროს უკრაინას საბჭოთა პერიოდის შეიარაღების და სტანდარტებიდან ნატოს სტანდარტებზე ტრანსფორმაციაში.”

ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში უკრაინა 48-ჯერ არის ნახსენები, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე, მადრიდის სამიტის დეკლარაციაში მხოლოდ 13-ჯერ ახსენეს.

ისტორიულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასე გამოეხმაურა: “პირველად ისტორიაში, არამხოლოდ ყველა მოკავშირე შეთანხმდა ამაზე, არამედ მკაფიო უმრავლესობა აქტიურად მოითხოვდა ამას.”

გარდა ამისა, ნატოს სამიტისას ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა სხვადასხვა ტიპის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოაცხადეს: აშშ-მ უკრაინას კასეტური ბომბები გადასცა, გერმანიამ - ტანკები და ჯავშანმანქანები, საფრანგეთმა - შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები, ბრიტანეთმა კი სატანკო ჭურვები და ჯავშანმანქანები. სამიტზე ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაიზრდება უკრაინასთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა.

ნატომ გაიმეორა მადრიდის სამიტის კომუნიკეს ჩანაწერი, რომ შეთანხმდნენ მიიღონ „მნიშვნელოვანი ზომები ნატოს შეკავებისა და თავდაცვითი პოზიციის შემდგომი გაძლიერებისთვის ყველა სფეროში, მათ შორის წინა ხაზის თავდაცვის გაძლიერება და ალიანსის მიერ ნებისმიერი მოკავშირის სწრაფად დახმარების უნარის გაძლიერება.”

სამიტზე ცალკე განხილვის თემა იყო ნატოს ურთიერთობა არაწევრ პარტნიორებთან. ვილნიუსში იმყოფებოდნენ იაპონიის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ლიდერები. ნატო კარგად აცნობიერებს ჩინეთის მზარდ საფრთხეს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს. თანამშრომლობის სფეროებია უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება, კიბერუსაფრთხოება და ტექნოლოგიების განვითარება.

საწყის ეტაპზე ნატო იაპონიაში თავისი ოფისის გახსნას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება საფრანგეთმა დაბლოკა. ემანუელ მაკრონის თქმით, ალიანსმა ჩრდილო-ატლანტიკურ რეგიონზე უნდა შეინარჩუნოს ფოკუსი. 

ვილნიუსის სამიტს ასევე ესწრებოდნენ საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები და ბოსნია-ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. კომუნიკეში აღინიშნა ბალკანეთში, საქართველოსა და მოლდოვაში დემოკრატიასა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული რეფორმების მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ გამოიხატა ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ნატოს სამხედრო წარმომადგენლობის ზრდა აღმოსავლეთით

აღმოსავლელი პარტნიორების დაცულობის გასაძლიერებლად ნატომ სამხედრო წარმომადგლეობის გაზრდა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, 2014 წელს დაიწყო.

2022 წლის თებერვლის შემდეგ კი ყველამ კარგად გაიაზრა, რომ უკრაინაში აგრესიით პუტინის აგრესიული ზრახვები არ მთავრდება და მისი იმპერიალისტური ხედვები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებსაც საფრთხის ქვეშ აყენებს. სწორედ ამიტომ, ნატომ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

ამჟამად აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს რვა მულტინაციონალური საბრძოლო ჯგუფია, რომელშიც ქვეყნები როტაციის პრინციპით მონაწილეობენ. ეს ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნების არმიების ტანდემით იქმნება. მაგალითად, ლატვიაში ნატოს საბრძოლო ჯგუფს კანადელები ხელმძღვანელობენ, ესტონეთში - ბრიტანელები. ესტონეთის საბრძოლო ჯგუფში საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ნაწილებიც არიან.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატოს სახელმწიფოებმა საბრძოლო ჯგუფების აღმოსავლეთში ყოფნის პერიოდი და მათი პირადი შემადგენლობა გაზარდეს. 

19 დეკემბერს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა და მისმა ლიეტუველმა კოლეგამ, არვიდას ანუსაუსკასმა, ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განთავსებისთვის "საგზაო რუკას" მოაწერეს ხელი.

პისტორიუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს "ბუნდესვერისთვის უცნობი ტერიტორიაა," რადგან გერმანიას მანამდე არ განუთავსებია ჯარები და ბაზები ქვეყნის გარეთ. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება "დაიცვან ერთმანეთი და ალიანსის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი." 

ბრიგადის ინფრასტრუქტურის აშენება რუდნინკაიში, ვილნიუსთან და რუკლაში, კაუნასთან იგეგმება. 2027 წლისთვის გერმანიის საბრძოლო ბრიგადა ლიეტუვაში სრულად საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს.

გერმანია უკვე ლიდერობს ლიეტუვაში დისლოცირებულ მრავალეროვნულ ჯგუფს - გერმანული ბატალიონი იქ სწორედ მის ფარგლებში იმყოფება.

ნატოს სპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ, აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებით ოთხ ქვეყანაში - ბულგარეთში, რუმინეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში - გადაწყდა ახალი საბრძოლო ჯგუფის შექმნა. ამჟამად რვა საბრძოლო ჯგუფში უკვე 10 000 სამხედროა, მაშინ როცა 2021 წელს მხოლოდ 5000 იყო. 

ამასთანავე, მიმდინარეობს როტაციის პრინციპით აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსება.

ცალკე საკითხია  დასავლური ქვეყნების გამანადგურებლების მიერ აღმოსავლეთის სახელმწიფოების ავიასივრცის დაცვა. მაგალითად, შავი ზღვის რეგიონში, რუმინეთის საჰაერო სივრცეს თურქული და გერმანული გამანადგურებლები იცავენ. ბალტიისპირეთში კი ბელგიური და ფრანგული ავიაცია მორიგეობს, რომელსაც მხარს პოლონური გამანადგურებლები უჭერენ.

იტალიამ პირობა დადო, რომ 2024 წლიდან პოლონეთში, მალბორკის ავიაბაზაზე ულტრათანამედროვე F-35-ის გამანადგურებლებს განათავსებს.

ბალტიისპირეთში ნატოს სამხედრო ძალების ზრდას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რათა ამ ქვეყნებმა ძლიერი პირველადი პასუხის გაცემა მოახერხონ. 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ამ საკითხზე განაცხადა, რომ ბალტიისპირეთი თითქმის რუსეთის ალყაშია, რადგან დასავლეთიდან კალინინგრადის ოლქი ესაზღვრება, რომელიც სამხედრო ბაზად არის ქცეული. ბელორუსსა და კალინინგრადს შორის არსებული სუვალკის კორიდორის ჩაკეტვამ შეიძლება ეს ქვეყნები ნატოს მოკავშირეებს მოწყვიტოს.

“ჩვენ ალიანსის ფრონტის ხაზზე ვართ. ჩვენ არ გაგვაჩნია სტრატეგიული სიღრმე და ვერ დავთმობთ ტერიტორიებს, სანამ საჭირო დახმარება მოვა.” - აღნიშნა მან.

სწორედ ამიტომ, ბალტიისპირეთის ქვეყნები განსაკუთრებით აქტიურად ლობირებენ სამხედროების რაოდენობის ზრდას აღმოსავლეთ ფლანგზე.

ამ მიმართულებით ნატოს გააქტიურების ყველაზე კარგი გამოხატულებაა მომავალ წელს დაგეგმილი ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები.

სამხედრო სწავლება Steadfast Defender გერმანიის, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიებზე 2024 წლის თებერვალ-მარტში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 50 სამხედრო ხომალდი და 41 000 ჯარისკაცი მიიღებს. ნატო დაეყრდნობა რეალურ სამყაროს გეოგრაფიულ მონაცემებს ჯარისკაცებისთვის უფრო რეალისტური სცენარების შესაქმნელად.

ალიანსი გეგმავს, რომ ამ მასშტაბის წვრთნები წელიწადში ორჯერ ჩაატაროს, რაც საფრთხეების მოსაგერიებლად მის მზაობას კიდევ უფრო გაზრდის.

თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2%-მდე ზრდა

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთ ევროპის დიდი სახელმწიფოები იმ მასშტაბის ომისთვის მზად არ იყვნენ, როგორიც რუსეთ-უკრაინის ომია.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, დასავლურმა სახელმწიფოებმა საკუთარი შეიარაღების მარაგებიდან აქტიურად დაიწყეს ჭურვების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, ტანკების, ჯავშანტექნიკისა და სხვა შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება. 

თითქმის ორწლიანმა ომმა კარგად გამოაჩინა, რომ დასავლეთ ევროპული ქვეყნების სამხედრო მარაგები ხანგრძლივი ომისთვის საკმარისი სრულებით არ იყო და ცივი ომის შემდეგ გაბატონებული მოსაზრება, რომ დიდი ომების ეპოქა დასრულდა და საბიუჯეტო თანხები სოციალური პროგრამებით კეთილდღეობის ზრდაზე უნდა დაიხარჯოს, არასწორი აღმოჩნდა.

ომის ამ ეტაპზე კარგად ჩანს, რომ რუსეთის აგრესიის მოგერიებისას განსაკუთრებით რთულია უკრაინის ჭურვებით, საჰაერო თავდაცვის რაკეტებით და შორს მსროლელი ფრთოსანი რაკეტებით მომარაგება. ამის მიზეზი კი ბოლო 30 წლის განმავლობაში მკვეთრად შემცირებული თავდაცვის ხარჯები და დახურული სამხედრო საწარმოებია.

ეს საკითხი წინა წლებში ბევრ ექსპერტსა თუ ანალიტიკოსს წამოუჭრია, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე ის ყველაზე მკაცრად აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააყენა. ის ხშირად აცხადებდა, რომ ამერიკა არაპროპორციულად ბევრს ხარჯავდა ნატოს სხვა ქვეყნების უსაფრთხოების დასაცავად და ამ ქვეყნებს მკვეთრად უნდა გაეზარდათ თავდაცვის ხარჯები.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის დაპირისპირებამ ამ საკითხზე პიკს 2019 წელს მიაღწია, როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ თუ გერმანია თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდიდა, ამერიკა მას სავაჭრო სანქციებს დაუწესებდა. იმავე გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ ნატოს თავდაცვის ხარჯების სარეკომენდაციო სამიზნე მაჩვენებელი - 2% “ძალიან დაბალია” და ის “4% უნდა იყოს.”

ამ მოსაზრების სისწორეში ახლა უკრაინის ომი გვარწმუნებს.

2%-იანი სამიზნე მაჩვენებელი 2006 წლის რიგის სამიტზე, ალიანსში აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა, ვიქტორია ნულანდმა შეიმუშავა. 2014 წლის უელსის სამიტზე, აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ჩაკ ჰეგელის ინიციატივით, სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ 10 წლის განმავლობაში ყველა წევრი 2%-მდე გაზრდიდა თავდაცვის ხარჯებს.

ეს ჩანაწერი, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩანაწერად დარჩა და ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა მას არ იცავდა, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე აქცენტი მკვეთრად გაზარდეს.

ამ მხრივ განსაკუთრებული მოვლენა გერმანიის პოლიტიკის ტრანსფორმაციაა. ცოტა ხნის წინ გერმანიის ბუნდესტაგმა 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც თავდაცვის ხარჯები 1.7 მილიარდი ევროთი იზრდება და 51.8 მილიარდი ხდება, რაც მაინც არ იქნება მშპ-ს 2%-მდე მიღწევისთვის თუმცა, ბიუჯეტის ეს მატება პოლიტიკის ტრანსფორმაციის მასშტაბს კარგად ვერ ასახავს.

ამის მთავარი დასტური 100 მილიარდი ევროს ღირებულების ფონდის შექმნის ინიციატივაა, რომლითაც გერმანიამ შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ინდუსტრიის მიმართულებით ინვესტიცია უნდა გაიზარდოს. ფონდის შექმნა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დააანონსა.

გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ ფონდიდან დაახლოებით 30 მილიარდი სამხედრო შესყიდვებზე დაიხარჯება. სწორედ ამ ფონდის თანხებით შეისყიდის გერმანია ულტრათანამედროვე, მეხუთე თაობის გამანადგურებელ F-35-ებს, ასევე მძიმე სატრანსპორტო შვეულმფრენებს და ინვესტიციას ჩადებს შეიარაღებული ძალების დიგიტალიზაციაში.

გერმანიას პირველი F-35-ები 2026 წელს უნდა მიეწოდოს, 2029 წელს კი მათი რაოდენობა 27 იქნება.

იგივე პროცესი განვითარდა საფრანგეთშიც. 2023 წლის იანვარში ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თავდაცვის მიმართულებით 400 მილიარდი ევრო დაიხარჯება. ინვესტიცია ძირითადად საბრძოლო მასალის მარაგების შევსებაზე და ახალი შეიარაღების შესყიდვაზე დაიხარჯება.

ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ულტრათანამედროვე, საშუალო მანძილის, ბირთვული იარაღის გადამტანი ჰიპერბგერითი საავიაციო რაკეტის შექმნა იქნება. გარდა ამისა, საფრანგეთი დიდ თანხებს ჩადებს შორ მანძილზე მოქმედი დრონების, საჰაერო თავდაცვის, შორ მანძილზე მოქმედი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარებაზე.

ამასთანვე, მაკრონმა პირობა დადო, რომ საფრანგეთის წლიური თავდაცვის ხარჯები 2030 წლისთვის 60 მილიარდი ევრო გახდება, რაც 2017 წლის 32 მილიარდთან შედარებით გაორმაგება იქნება.

ევროპის თავდაცვის სააგენტოს მიერ 2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2022 წელს ევროპული ქვეყნების თავდაცვის ხარჯებმა რეკორდულ 240 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით მეტია.

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 20-მა თავდაცვის ხარჯები უკვე გაზარდა, მათგან ექვსმა 10%-ზე მეტით: შვედეთი (+30.1%), ლუქსემბურგი (+27.9%), ლიეტუვა (+27.6%), ესპანეთი (+19.3%), ბელგია (+14.8%) და საბერძნეთი (+13.3%).

როგორ გააძლიერებს ალიანსს ფინეთისა და შვედეთის წევრობა

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უკრაინაში ომის დაწყება პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. ვრცელ გამოსვლაში მან სხვა საკითხებთან ერთად ნატოს გაფართოებასა და ალიანსის რუსეთის საზღვრებთან მიახლოების შედეგად შექმნილ საფრთხეებზე ისაუბრა.

“ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებით, რუსეთისთვის მდგომარეობა ყოველწლიურად უარესი და საშიში ხდება. უფრო მეტიც, ბოლო დღეებში ნატოს ხელმძღვანელობა უხეში იყო თავის განცხადებებში, რომ მათ უნდა დააჩქარონ და გააძლიერონ ძალისხმევა ალიანსის ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოების მიზნით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი თავიანთ პოზიციას ამკაცრებდნენ. ჩვენ არ შეგვიძლია უქმად დავრჩეთ და პასიურად დავაკვირდეთ ამ მოვლენებს. ეს ჩვენგან აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ქმედება იქნებოდა,” - აღნიშნა პუტინმა.

თუმცა რუსეთის მიერ წითელ ხაზად გამოცხადებული ნატოს გაფართოება ორი სკანდინავიური სახელმწიფოსთვის შემაკავებელი ფაქტორის ნაცვლად, მოტივატორი გახდა, რათა ალიანსს შეერთებოდნენ.

რუსეთის სასტიკმა აგრესიამ ამ ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის და შესაბამისად, პოლიტიკური აზრის ტრანსფორმაციაც გამოიწვია. მილიონობით უკრაინელი ლტოლვილის, დაბომბილი ქალაქებისა და რუსეთის არმიის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი ომის დანაშაულების ფონზე, შვედებმა და ფინელებმა კარგად გაიაზრეს, რომ ნეიტრალიტეტის ეპოქა დასრულდა და მათთვის უსაფრთხოების მყარი გარანტი მხოლოდ ნატოს მეხუთე მუხლი შეიძლება იყოს.

2022 წლის მაისში ფინეთმა და შვედეთმა ნატოში წევრობის განაცხადი ერთობლივად შეიტანეს და ორმა ნეიტრალურმა სახელმწიფომ დიდი ხნის განმავლობაში არჩეულ საგარეო პოლიტიკაზე უარი საბოლოოდ თქვა.

ფინეთი ალიანსს 2023 წლის აპრილში უკვე შეუერთდა და ნატოს 31-ე წევრი გახდა, შვედეთის განაცხადის დაკმაყოფილება კი ჯერ კიდევ ჭიანურდება უნგრეთისა და თურქეთის პოზიციების გამო.

სკანდინავიური სახელმწიფოების ნატოში შესვლა ბოლო პერიოდში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური მარცხია. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი "ყურადღებით დააკვირდება" რა ხდება ფინეთში და ნატოს გაფართოებას რუსეთის "უსაფრთხოებისა და ჩვენი ეროვნული ინტერესების დარღვევა" უწოდა.

ფინეთისა და რუსეთის საზღვარი 1340 კმ-ია და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის შემდეგ, ნატო-რუსეთის სახმელეთო საზღვარი გაორმაგდა.

ფინეთი და შვედეთი ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიების ბენეფიციარების გარდა, სერიოზული კონტრიბუტორებიც იქნებიან, რადგან ორივე სახელმწიფოს ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს.

შვედეთის სახმელეთო არმიის შემადგენლობა შედარებით მცირეა - 57 000. თუმცა შვედეთმა 2018 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახური აღადგინა და წვევამდელების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას გეგმავს. 

ფინეთს და შვედეთს ბალტიის ზღვაში თანამედროვე სამხედრო ფლოტი და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით დაცული სანაპიროები აქვთ. აღსანიშნავია, რომ შვედეთის ფლოტი არამხოლოდ ფლობს წყალქვეშა ნავებს, არამედ მისი მწარმოებელიც არის.

გარდა ამისა, გამოსარჩევია შვედეთის სამხედრო ინდუსტრიის მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის შეიარაღება: გამანადგურებლები (JAS 39 Gripen), ქვეითთა საბრძოლო მანქანები (CV90), კორვეტები (Visby-class), თვითმავალი ჰაუბიცები (Archer) და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები (NLAW, AT4, Carl-Gustaf M4).

5.5 მილიონიანი მოსახლეობის ფინეთს მაღალკვალიფიციური შეიარაღებული ძალები ჰყავს. ქვეყანა ყოველწლიურად მინიმუმ 21 000 წვევამდელს ამზადებს და არმიას 900 000 რეზერვისტით უმაგრებს ზურგს/

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ფინეთი აქტიურად ცდილობს საკუთარი შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და უკვე გააფორმა ხელშეკრულება 64 ცალი F-35-ის ტიპის მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლის შესყიდვაზე. ამასთანავე, ფინეთი კორეისგან 38 თვითმავალ ჰაუბიცა K9-ს შეიძენს, რომელიც ქვეყნის თავდაცვით პოტენციალს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

მსგავსი სიახლეები