1939 წელს, ფინეთში საბჭოთა არმიის შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, ლენინგრადის ცეკას მდივანმა და სტალინის პირადმა მეგობარმა ანდრეი ჟდანოვმა, კომპოზიტორ შოსტაკოვიჩს საზეიმო მარშის დაწერა სთხოვა.
სიუიტა შოსტაკოვიჩს 2 დეკემბრამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა დადგენილ დედლაინს ერთი დღით გადააცილა. სწორედ ამ მუსიკალური აკომპანემენტის თანხლებით უნდა ჩაევლო გამარჯვებულ წითელ არმიას ჰელსინკის ქუჩებში - ომში სწრაფი გამარჯვების შემდეგ.
1939 წლის ომი რუსეთისთვის წარუმატებლად განვითარდა და დასრულდა - წითელმა არმიამ ჰელსინკის ქუჩებში ვერ გაიარა და შოსტაკოვიჩის ნაწარმოებიც დავიწყებას მიეცა - ფინური სიუიტაც პირველად 2001 წელს შესრულდა.
დაახლოებით მსგავსი ბედი ეწია რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს პროპაგანდისტულ მედია რესურსზე, რია ნოვოსტის საიტზე გამოქვეყნებულ წინასწარ დაწერილ სტატიას, რომელსაც უკრაინის სწრაფი დამარცხების შესახებ უნდა ემცნო. ავტორი, კრემლის შედარებით ნაკლებად ცნობილი პროპაგანდისტი, პიოტრ აკოპოვია.
შოსტაკოვიჩისა და აკოპოვის ნამუშევრებში ხარისხის ცალსახა დისპროპორციის მიუხედავად, საინტერესოა მსგავსი გარემოებები - კერძოდ, აკოპოვის წინასწარ დაწერილ სტატიას დღის სინათლე უკრაინის სწრაფი დამარცხების შემდეგ უნდა ეხილა. როგორც ჩანს, კრემლში ამ სწრაფ გამარჯვებას 26 თებერვლისთვის ელოდნენ და დილის საათებში აკოპოვის სტატიაც გამოქვეყნდა.
უკრაინაში ჩავარდნილი ბლიცკრიგის ფონზე, სტატია მალევე წაშალეს, თუმცა ამ დროისთვის დასავლურ პრესაში უკვე ამ სტატიის შინაარსზე მსჯელობდნენ.
აკოპოვის სტატია პრაქტიკულად აერთიანებს ყველა იმ ძირითად და მნიშვნელოვან პროპაგანდისტულ თეზისს, რის გავრცელებასაც კრემლი წლების განმავლობაში ცდილობდა. ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამუშევარი რუსეთის პროპაგანდის ბოლო 8 წლის მუშაობის შემაჯამებელი თავია.
"ჩვენს თვალწინ ახალი მსოფლიო იბადება. რუსეთის სამხედრო ოპერაციამ უკრაინაში ახალი ეპოქა დაიწყო", - სწორედ ამ სიტყვებით იხსნება სტატია.
აკოპოვის თქმით, რუსეთი უკრაინის დაპყრობით თავისი ერთიანობის აღდგენის პროცესს ასრულებს, უკრაინისთვის გამოცხადებულ ომს კი ავტორი "თითქმის ძმათამკვლელ" ომს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ტრაგიკულია, რადგანაც როგორც უკრაინელი, ასევე, რუსი ჯარისკაცები ერთი ერის შვილები არიან, ხოლო განსხვავებები პირობითია.
ეს ერთიერთში იმეორებს ვლადიმირ პუტინის 5 ათას სიტყვიანი სტატიის მთავარ თეზისს, რომლის მიხედვითაც უკრაინელები და რუსები ერთი ხალხი არიან.
"ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად, აღარ იარსებებს უკრაინა როგორც ანტი-რუსეთი. რუსული სამყაროს თავმოყრით, ველიკოროსების, ბელორუსებისა და მალოროსების გაერთიანებით, საბოლოოდ ერთიანდება რუსი ერიც. ამით რუსეთი აღიდგენს თავის ისტორიულ სიმართლეს."
აშკარაა, რომ აკოპოვის ეს თეზისი კიდევ ერთი რუსი შოვინისტის და ერთ დროს გავლენიან იდეოლოგად მიჩნეული ალექსანდრ დუგინისა და მისი თანამოძმე ე.წ. ევრაზისტების თეზისებია.
ეს თეზისები პრაქტიკულად სახელმწიფო პოლიტიკის რანგში ავიდა 2014-2015 წლებში. მითურ მალოროსებსა და თუ ნოვოროსებზე ხშირად უსაუბრია თავად პუტინსაც.
ავტორის თქმით, რუსეთის ხელისუფლება ვერ იტყოდა უარს "ამ ისტორიულ მისიაზე", წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნებოდა არამხოლოდ წინაპართა ხსოვნის ღალატი, არამედ მომავალი თაობების წყევლის მიზეზიც - რუსული მიწის დაყოფის დაშვებისთვის.
"წვეთი გადაჭარბების გარეშე, ვლადიმირ პუტინმა თავის თავზე აიღო ისტორიული პასუხისმგებლობა და უკრაინული საკითხის გადაწყვეტა არ გადაეცა მომავალი თაობებისთვის"- წერს აკოპოვი.
ავტორის აზრით, "უკრაინული საკითხის" გადაუჭრელობა რუსეთს არ მისცემდა განვითარების საშუალებას და მთავარი პრობლემა იქნებოდა.
აკოპოვის აზრით, "უკრაინისგან ანტი-რუსულ წარმონაქმნად და დასავლეთის ფორპოსტად ქცევა მეორეხარისხოვანი პრობლემა იქნებოდა. მისი აზრით, მთავარი ისაა, რომ ამ შემთხვევაში რუსეთს კვლავ დატანჯავდა გაყოფილი ერის, ეროვნული დამცირების კომპლექსი".
ავტორი ამბობს, რომ უკრაინის "გაშვებით" რუსეთი უარს იტყოდა საკუთარ ისტორიაზე:
"რუსეთი ძლივს შეეგუა ორ სახელმწიფოდ გაყოფას და ახლა უნდა შეგუებოდა ორ ერად გაყოფასაც."
აკოპოვის აზრით, მომდევნო ათწლეულებში უკრაინელების შემოტრიალება უფრო გართულდებოდა.
აქ პროპაგანდისტი კიდევ ერთხელ სიტყვა-სიტყვით იმეორებს ვლადიმირ პუტინის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც უკრაინაში დასავლეთის გამაგრების შემთხვევაში რუსეთს ომი არა უკრაინასთან, არამედ ნატოსთან მოუწევდა.
"ამჟამად ეს პრობლემა აღარ არის, უკრაინა დაუბრუნდა რუსეთს", - წერს აკოპოვი. იგი კიდევ ერთხელ იმეორებს კრემლის ოფიციალურ ხაზს და ამბობს, რუსეთის ინტერესებში არ შედის უკრაინის ოკუპაცია, არამედ საუბარია მისი სახელმწიფოებრიობის გადაწყობაზე, იმგვარად, რომ "უკრაინა დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ მდგომარეობას, როგორც რუსული სამყაროს ნაწილი."
ავტორს არ აქვს ცალსახა პასუხი თუ რა ფორმით მოხდება უკრაინის ინკორპორირება რუსულ სამყაროში, ОДКБ-ს თუ ევრაზიული კავშირის ფორმატში, მაგრამ მთავარი ის არის, რომ "დასრულებულია რუსი ერის გახლეჩის პერიოდი."
ამ მონაკვეთში აკოპოვი კიდევ უფრო ღრმად ავითარებს კრემლის ოფიციალური პირების ნარატივს იმის შესახებ, რომ რუსეთმა უნდა აღიდგინოს ისტორიული სიმრთელე, რაც ამ შემთხვევაში ბელარუსის, უკრაინისა და რუსეთის ერთ "გეოპოლიტიკურ სუბიექტად" გარდაქმნას ნიშნავს.
ამასთანავე, მისი აზრით, ევროპაში არავის უნდა ჰქონოდა ილუზია, რომ "მოსკოვი უარს იტყოდა კიევზე."
ავტორი ამბობს, რომ თავად ევროპის გაერთიანება "რუსი ხალხის კეთილი ნების გამო გახდა შესაძლებელი" და ამის შემდეგ ევროპელების მხრიდან რუსეთისგან შემდგომი დათმობების მოლოდინი "გეოპოლიტიკური უვიცობის გამოხატულება იყო."
ავტორის მტკიცებით, დასავლეთი ცდილობს რუსეთი დასაჯოს იმის გამო, რომ "ის ბრუნდება და მან არ მისცა კოლექტიურ დასავლეთს აღმოსავლეთით გაფართოების საშუალება", - ეს თეზისი პირდაპირ იმეორებს რუსეთის მთავარ მოთხოვნას დასავლეთის მიმართ - ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
"ჯერ კიდევ 15 წლის წინ, პუტინის მიუნხენური სიტყვის შემდეგ, ყრუსაც კი ესმოდა - რუსეთი ბრუნდება", - წერს აკოპოვი.
ავტორი სცილდება უკრაინის თემატიკას და რამდენიმე კომენტარს გვთავაზობს გეოპოლიტიკაზეც.
აკოპოვის აზრით, ევროპაში შეცდომით ფიქრობენ, რომ რუსეთისთვის დასავლეთთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:
"დიდი ხანია ასე აღარ არის - მსოფლიო შეიცვალა და ეს განსაკუთრებით კარგად იციან ანგლო-საქსებმა, რომლებიც ევროპას მართავენ."
ანგლო-საქსებისა და ებრაელების პარანორმალური გავლენების შესახებ საუბარი რუსეთის დეზინფორმაციული მანქანის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, რომელსაც ხშირად აჟღერებენ ოფიციალური პირებიც.
აკოპოვის აზრით, დასავლური ზეწოლა რუსეთის ქცევას ვერ შეცვლის და პირიქით, საზიანო იქნება ევროპისთვის. აქ იგი იმეორებს საყვარელ რუსულ პროპაგანდისტულ თეზისს ევროპის არარსებულ სუვერენიტეტზე და იმაზე, რომ ყველაფერს სინამდვილეში ანგლო-საქსები მართავენ - "ისინი ითრევენ ევროპას ჩვენთან დაპირისპირებაში."
ავტორის მტკიცებით, "კოლექტიური დასავლეთის გლობალური დომინაციის 500 წელი უკვე დასრულებულია, მაგრამ მან არსებობა შესაძლოა სხვადასხვა ფორმით გააგრძელოს."
აკოპოვის აზრით, "რუსეთის მიერ უკრაინული საკითხის გადაწყვეტით, საბოლოოდ დასრულდა ერთპოლუსიანი და საბოლოოდ შედგა მრავალპოსუანი მსოფლიო:
"უკრაინაში ჩატარებული ოპერაცია ვერავის გააერთიანებს რუსეთის წინააღმდეგ, თავად დასავლეთის გარდა."
სტატიის ამ ნაწილში აკოპოვის ტერმინოლოგია ნაცისტური გერმანიის ოფიციალურ ტერმინოლოგიას ემსგავსება, რომლის მიხედვითაც, ნაცისტები გერმანელთა ისტორიულ საარსებო სივრცეს [Lebensraum] იბრუნებდნენ - "რუსეთი იბრუნებს თავის ისტორიულ სივრცეებს და თავის ადგილს მსოფლიოში."
ავტორის თქმით, უკვე არავინ მიიჩნევს, რომ მსოფლიო წესრიგს დასავლეთი განაგებს:
"რუსეთმა არამხოლოდ გამოიწვია დასავლეთი, არამედ აჩვენა, რომ დასავლეთის გლობალური ბატონობა შეგვიძლია სრულად და საბოლოოდ დამთავრებულად მივიჩნიოთ."
როგორც აღვნიშნეთ, ამ სტატიამ მართლაც თავი მოუყარა კრემლისტურ პროპაგანდას 2000-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე, თუმცა ერთადერთი, რაც ამ სტატიის ავტორმა ვერ გათვალა, უკრაინის სუბიექტობა, უკრაინელი ხალხის ნება და მათი მზაობაა ბრძოლისთვის - როგორც ჩანს, ზუსტად ეს ვერ გათვალეს კრემლშიც.