ორბანის ვეტოს მიუხედავად ბრიუსელი უკრაინისა და მოლდოვის გაწევრების პროცესს იწყებს

ვიქტორ ორბანის ვეტოს მიუხედევად ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვის გაწევრების პროცესს დაიწყებს - ახალი მექანიზმი საშუალებას მისცემს ევროკომისიას გვერდი აუაროს უნგრეთის ვეტოს და დაიწყოს ტექნიკური სამუშაოები.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Financial TImes ავრცელებს.
- პროცესის დასაჩქარებლად კომისია მის მიერვე დადგენილი წესების შეცვლას გეგმავს, რომლის მიხედვითაც აქამდე მოლაპარაკებების ახალი თავის გასახსნელად საჭირო იყო ბლოკის თითოეული წევრის თანხმობა.
- სავარაუდოა, რომ სწორედ ეს იქნება ევროკავშირის ლიდერების ერთ-ერთი მთავარი თემა 2 ოქტომბერს, კოპენჰაგენში გასამართ შეხვედრაზე, რომელსაც 3 ოქტომბრიდან უკრაინისა და მოლდოვის წარმომადგენლებიც შეურთდებიან.
სტრიქონებს შორის: უკრაინის ვიცე-პრემიერი, ტარას კაჩკა გაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ შეძლებენ ბუდაპეშტის გადარწმუნებას დათანხმდეს მოლაპარაკებების ოფიციალურად გახსნას.
- "მაგრამ ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ მივიღეთ წინადადება ევროკავშირის ცალკეული ინსტიტუტებისგან და წევრი სახელმწიფოებისგან წინ წავიწიოთ ტექნიკური სამუშაოს კუთხით"- ამბობს კაჩკა.
- თეორიულად ეს საშუალებას მისცემს კიევსა და კიშინიოს წინ წაიწიონ სხვადასხვა რეფორმის, სარეგულაციო შესაბამისობისა და ინსტიტუციური მზაობის კუთხით, ხოლო როცა უნგრეთი ვეტოზე უარს იტყვის პროცესები მნიშვნელოვნად აჩქარდება.
კონტექსტი: გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ გეგმას თავისი რისკები აქვს, მათ შორის მოლაპარაკებების ახალი თავის ოფიციალური თანხმობის გარეშე დაწყებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს რეფორმების მაღალ ტემპს, თუმცა ამის ალტერნატივა რეფორმების სრული შეჩერებაა.
- "ჩვენ რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რაღაც უნდა გავაკეთოთ, იმედგაცრუების დონე უკრაინაში მზარდია და არამხოლოდ უნგრეთზე, არამედ ყველა ჩვენგანის მიმართულებით"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ევროპელი მაღალჩინოსანი.
- უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის გაწევრიანების განაცხადა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების პირველ დღეებში წარადგინეს - ორივე ქვეყანამ გასულ წელს ფორმალურად გახსნა მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, თუმცა ამ დროიდან მოყოლებუილი პროგრესი ვიქტორ ორბანის გამო სრულად შეჩერებულია.