ამერიკის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში რუსეთი "მწვავე საფრთხედ" არის მოხსენიებული

აშშ-ის ახალ თავდაცვის სტრატეგიაში რუსეთს უკრაინაში შეჭრის ფონზე, "მწვავე საფრთხე" ეწოდა. დოკუმენტის ახალი ვერსია პენტაგონის ვებგვერდზე 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

"ბოლოდროინდელი მოვლენები ხაზს უსვამს რუსეთის მიერ მომდინარე მწვავე საფრთხეს. მეზობლების დამოუკიდებლობისადმი ზიზღის გამო, რუსეთის მთავრობა ცდილობს ძალის გამოყენებას საზღვრების შესაცვლელად და იმპერიალისტური რეჟიმის აღსადგენად", - ნათქვამია დოკუმენტში.

"ჩინეთისგან განსხვავებით, რუსეთს არ შეუძლია სისტემატურად დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ რუსული აგრესია არის პირდაპირი და მწვავე საფრთხე ჩვენი ინტერესებისა და ღირებულებებისთვის", - თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.

რუსეთიდან მომდინარე რისკებს შორის დოკუმენტში ჩამოთვლილია ბირთვული საფრთხე როგორც თავად შეერთებული შტატებისთვის, ასევე მისი მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის, შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტების საფრთხე, კიბერ და საინფორმაციო საფრთხეები და ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის საფრთხე.

ახალ სტრატეგიაში ერთადერთ კონკურენტად ჩინეთი დასახელდა

აშშ-ს ახალ თავდაცვის სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ჩინეთი არის "ერთადერთი კონკურენტი, რომელსაც აქვს როგორც განზრახვა, ასევე მზარდი უნარი, სისტემატიურად დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს ყველა ფრონტზე, სამხედრო, ეკონომიკურად, ტექნოლოგიურად, დიპლომატიურად".

ჩინეთს დოკუმენტში "ყველაზე სერიოზულ გამოწვევას აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის" და "სტრატეგიულ კონკურენტს" უწოდებენ.  

გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთის "ბირთვული პოტენციალის მოდერნიზაციასა და გაფართოებაზე".

"ჩინეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს აშშ-ს უსაფრთხოების ალიანსებს და პარტნიორობას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და გამოიყენოს მისი მზარდი შესაძლებლობები, მათ შორის ეკონომიკური გავლენა და მზარდი სამხედრო ძალა, რათა აიძულოს მეზობლები და დაემუქროს მათ ინტერესებს", - ნათქვამია სტრატეგიაში.

მსგავსი სიახლეები