ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტს $753 მილიარდამდე ზრდის

პრეზიდენტმა ბაიდენმა შემდეგი ფისკალური წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტი 753 მილიარდი დოლარით განსაზღვრა. ამჟამად აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტი 715 მილიარდს შეადგენს.

ბიუჯეტის მაჩვენებელი პარასკევს გამოქვეყნდა და დეტალებში უცნობია, თუ რა მიმართულებით დაიხარჯება აღნიშნული თანხა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტში “პრიორიტეტია ჩინეთის საფრთხესთან დაპირისპირება.”

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბიუჯეტი ხელს შეუწყობს თავდაცვის დეპარტამენტის ობიექტებზე კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედების შესწავლას და შემსუბუქების მცდელობებს.

თავდაცვის ბიუჯეტის ასეთი ზრდა ბოლომდე ვერ ასახავს ინფლაციის დონესაც კი და სავარაუდოდ, კონგრესის რესპუბლიკელების კრიტიკის ობიექტი გახდება. ისინი ბაიდენს ბიუჯეტის 3-5%-ით ზრდისკენ მოუწოდებდნენ. მათი აზრით, მინიმუმ ამ რაოდენობით უნდა გაიზარდოს ბიუჯეტი, რათა შესაბამისად დაფინანსდეს ჩინეთთან და რუსეთთან კონკურენციაში მყოფი არმია.

ბიუჯეტის აღნიშნული პროექტით იმედგაცრუებულია დემოკრატიული პარტიის პროგრესისტული ფრთა, რომელიც ბაიდენს თავდაცვის ხარჯების მინიმუმ 10%-ით შემცირებისკენ მოუწოდებდა.

 

 

მსგავსი სიახლეები