ტრამპის გარემოცვამ არაფერი იცოდა უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერებაზე - Politico

სახელმწიფო დეპარტამენტისა ხელმძღვანელობა და პრეზიდენტ ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრები არ იყვნენ წინასწარ ინფორმირებულები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების გადაწყვეტილების შესახებ - საუბარია იმ თანამდებობების პირებზე, რომლებიც როგორც წესი კარგად ინფორმირებულები არიან ასეთ საკითხებზე.

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით POLITICO ავრცელებს - გადაწყვეტილების შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულები შეერთებული შტატების ევროპელი მოკავშირეებიც. 

  • "მოულოდნელმა ნაბიჯმა გააძლიერა შფოთვა და ფრუსტრაცია, მათ შორის ყველაზე გავლენიან რესპუბლიკელებს შორის - მათ მიაჩნიათ, რომ პენტაგონის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს გაუმართლებლად დიდი გავლენა ჰქონდა გადაწყვეტილებაზე"- ნათქვამია მასალაში. 

  • სამხედრო დახმარების დაპაუზების გადაწყვეტილება პენტაგონის პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ელბრიდჯ კოლბიმ ამერიკული არსენალებისა და მარაგების მდგომარეობის შესწავლის შემდეგ მიიღო - უწყებაში დაასკვნეს, რომ გარკვეულ შეიარაღების მარაგები საშიშად დაბალ მაჩვენებელს მიუახლოვდა. 

  • მიუხედავად ამისა, ტრამპის გარემოცვაში უკმაყოფილოები არიან კოლბის გადაწყვეტილებით, რადგანაც საკითხი ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებთან კონსულტაციისა და მათი ინფორმირების გარეშე მიიღეს. 

  • "მე ვფიქრობ გადაწყვეტილება პენტაგონის პოლიტიკური სამმართველოს დირექტორმა, კოლბიმ მიიღო, ამასთან ერთად ჩვენ პრაქტიკულად არ გვყავს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. არ ვარ დარწმუნებული, რომ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული იყო სახელმწიფო მდივანი რუბიო, თეთრ სახლში ამ საკითხზე განხეთქილებაა"- ამბობს გამოცემასთან საუბარში რესპუბლიკელი კონგრესმენი, მაიკლ მაკკოლი. 

Big Picture: კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან ფიცპატრიკმა თეთრი სახლისა და პენტაგონისგან გადაწყვეტილების შესახებ კონგრესში საგანგებო ბრიფინგის ჩანიშვნა მოითხოვა. 

  • წყაროების ცნობით, გადაწყვეტილება არ იყო კოორდინირებული სახელმწიფო დეპარტამენტთან და შეერთებული შტატების საელჩოსთან კიევში, მის შესახებ არაფერი იცოდა პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კიტ კელოგმაც. 

  • სხვა შეიარაღებასთან ერთად შეჩერდა მათ შორის, იმ საბრძოლო მასალის მიწოდებაც, რომელიც უკვე პოლონეთშია დასაწყობებული. 

Break It Down: მედიაში გავრცელებულ ცნობებს არაკოორდინირებული გადაწყვეტილების შესახებ "მტკნარი სიცრუე" უწოდეს თეთრ სახლში და განაცხადეს, რომ პრეზიდენტი და პენტაგონის მაღალჩინოსნები რეგულარულად მსჯელობენ რესურსების გადანაწილებაზე, რათა მათი ალოკაცია შესაბამისობაში იყოს "ამერიკა უპირველესყოვლისა" დღის წესრიგთან. 

  • გადაწყვეტილებაში მისი როლის შესახებ დასმულ კითხვებს ჯერჯერობით არ პასუხობს თავად კოლბი - თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ კოლბის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "პენტაგონი აგრძელებს სხვადასხვა ეფექტური ვარიანტების შეთავაზებას პრეზიდენტისთვის, უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად.

  • კოლბის თქმით, ეს არის "განხეთქილების ჩვენების მცდელობა, რომელიც არ არსებობს."

  • ერთ-ერთი წყარო გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ ეპიზოდი ასახავს კოლბის მზარდ გავლენას - "კოლბის კარგად ესმის მსგავსი დოკუმენტების მოძრაობის ტრაექტორია ბიუროკრატიულ ლაბირინთებში."
  • ინფორმირებული წყაროების ცნობით, კოლბის გავლენა განსაკუთრებით გაიზარდა უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს რეფორმის ფონზე, რომლის შედეგადაც ერთდროს ძლევამოსილი საბჭოს ზომა პრაქტიკულად განახევრებულია. 
  • კონგრესის თავდაცვის კომიტეტის წევრის, რესპუბლიკელი მაიკ როჯერსის თქმით, არც მისი კომიტეტი იყო ინფორმირებული გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა მისი თქმით, ეს უბრალოდ "დროებითი პაუზაა" და მეტი არაფერი - "ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მდგომარეობაში ჩვენი საწყობები, განსაკუთრებით ბოლო კვირებში ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ."

Сontext: გამოცემის წყაროების ცნობით, პაუზის ფონზე უკვე მიმდინარეობს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის მოსამზადებელი ეტაპი და პრეზიდენტები საკითხს უახლოეს საათებში განიხილავენ. 

 

მსგავსი სიახლეები