"ენერგოატომის" საქმეზე უკრაინის ყოფილი ვიცეპრემიერი დააკავეს
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ, დააპატიმრა ყოფილი ვიცეპრემიერი ოლექსი ჩერნიშოვი.
ვითარების არსი: ჩერნიშოვი უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ოპერატორ "ენერგოატომის" კორუფციის საქმეზეა დაკავებული.
- სასამართლომ ჩერნიშოვს 60-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას საგამოძიებო იზოლატორის დატოვება მსხვილი გირაოს გადახდის შემთხვევაში შეუძლია, რომელიც 51.6 მილიონ გრივნას (დაახლოებით 1 მილიონი ევრო) შეადგენს.
- გამოძიების ვერსიის თანახმად, "ენერგოატომის" კორუფციული სქემის მონაწილეები ჩერნიშოვს ფულს გასათეთრებლად აძლევდნენ. სქემის მონაწილეები ჩერნიშოვს მოიხსენიებდნენ ზედმეტსახელით "ჩე გევარა".
- სასამართლოში ჩერნიშოვმა ყველა ბრალდება უარყო. ყოფილმა ვიცეპრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გირაოს ვერ გადაიხდის.
წინარე ისტორია: ოლექსი ჩერნიშოვი ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ის ვიცეპრემიერის პოსტს 2024-2025 წლებში იკავებდა, სხვადასხვა დროს იყო თემებისა და ტერიტორიების მინისტრი, ხელმძღვანელობდა "ნაფტოგაზს", ასევე მეთაურობდა კიევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციას.
ფართო ხედით: 10 ნოემბერს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) ჩხრეკა ჩაატარა იუსტიციის მინისტრის, ჰერმან ჰალუშენკოს, ასევე ბიზნესმენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი ხნის მეგობრის, ტიმურ მინდიჩის სახლებში.
- НАБУ-ს გამოძიების თანახმად, მინდიჩმა და მისმა თანამზრახველებმა შავი ფულის სახით 200 მილიარდ გრივნამდე მიიღეს. თაღლითობაში ეჭვმიტანილები მსხვილ სახელმწიფო კომპანია "ენერგოატომის" კონტრაქტებით იპარავდნენ ფულს.
- "საქმე გვაქვს "ენერგოატომის" კონტრაგენტებისგან სისტემატიურად ფულის გამოძალვასთან. კერძოდ, კონტრაგენტებს "ენერგოატომისთვის" კონტრაქტების ღირებულების 10-15%-ის გადახდა უწევდათ.
- 12 ნოემბრის დილას ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა იუსტიციის მინისტრი ჰერმან ჰალუშენკო, რომელიც 2025 წლამდე ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
- გარდა ამისა, 12 ნოემბერს დააკავეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველი იჰორ მირონიუკი.
- იმავე პერიოდში უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი სვიტლანა ჰრინჩუკი თანამდებობიდან გადადგა.
- "ენერგოატომის" საქმე ომის დაწყებიდან ყველაზე მსხვილი კორუფციული სკანდალია.