ირანელი მაღალჩინოსანი: ომის დროს რუსეთი ისრაელს სადაზვერვო მონაცემებს აწვდიდა

ირანის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საბჭოს წევრმა სეიედ მოჰამად სადრმა განაცხადა, რომ ივნისში ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიანი კონფლიქტის დროს, რუსეთი ისრაელს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების ადგილმდებარეობის შესახებ სადაზვერვო მონაცემებს აწვდიდა.

State Of Play: Synergyir-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მოსკოვთან სტრატეგიული კავშირი უსარგებლოა: "რუსეთმა მხოლოდ განაცხადა, რომ გმობდა ისრაელის თავდასხმას ირანზე, მაგრამ ფაქტობრივად დაეხმარა მას."

  • მან ასევე მოიყვანა მოსკოვის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის მაგალითი: "იგივე თურქეთი ნატოს წევრია. რა არის ნატო? ის რუსეთის წინააღმდეგია. რუსეთი დათანხმდა თურქეთისთვის S-400-ის მიყიდვას. ეს საერთოდ არ არის სტრატეგიული პარტნიორობა, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით."
  • ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ "რუსეთის ნდობა არ შეიძლება."

Big Picture: მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ირანის დახმარება ისრაელთან კონფლიქტში, თეირანის ოფიციალურ მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა არ უპასუხა კითხვას, იყო თუ არა მზად რუსეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების, მაგალითად, S-300-ის ან S-400-ის კომპლექსების მიწოდებისთვის.

  • 2025 წლის 13-24 ივნისს, ისრაელსა და ირანს შორის 12 დღიანი ომი მიმდინარეობდა. მოულოდნელი ავიადარტყმებით, ისრაელმა ომის პირველივე დღეს გაანადგურდა ირანის საჰაერო თავდაცვის უდიდესი ნაწილი, ასევე 10-ზე მეტი ბირთვული მეცნიერი და ათობით გენერალი.
  • ირანმა საპასუხო დარტყმები მიაყენა ისრაელის ქალაქებსა და სამხედრო ობიექტებს რაკეტებისა და დრონების გამოყენებით. ირანმა ომის დროს 550-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და 1000-ზე მეტი კამიკაძე დრონი გაუშვა. ირანის მოკავშირე ჰუსიტებმა იემენიდან ასევე გაისროლეს რამდენიმე რაკეტა ისრაელის მიმართულებით.
  • ომის ბოლო ეტაპზე, საბრძოლო მოქმედებებში აშშ პირდაპირ ჩაერთო და ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.

მსგავსი სიახლეები