ირანთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე ტულსი გაბარდის მოსმენა სენატში გადაიდო

შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოსმენა სენატის დაზვერვის კომიტეტში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოებების ფონზე გადაიდო - მარტში სენატში გამოსვლისას ტულსი გაბარდი ამბობდა, რომ ირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის აჩქარების ნიშნები არ არსებობს.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს - ოფიციალურ მიზეზად წყაროები სენატისა და ეროვნული დაზვერვის დირექტორის გადატვირთულ გრაფიკს ასახელებენ.
- გაბარდის სენატში დაბარებას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს - კანონმდებლების თქმით, ისინი არ არიან საკმარისად ინფორმირებულები ისრაელსა და ირანს შორის განვითარებულ მოვლენებზე და ასევე შეერთებული შტატების პოტენციური მონაწილეობის შესახებ.
- "ღირებულება, ხანგრძლივობა, ჩვენი ჯარის წინაშე არსებული რისკები - ეს საბაზისო ცოდნა გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია"- ამბობს გამოცემასთან საუბარში დაზვერვის კომიტეტის წევრი, დემოკრატი, კრის კუნსი.
Big Picture: გაბარდის გუნდის ცნობით, მოსმენა ორპარტიული თანხმობის საფუძველზე გადაიდო და პირველი ხელსაყრელი შესაძლებლობისთანავე გაიმართება.
- ამასთანავე წყაროები მიუთითებენ, რომ გაბარდს უწყვეტი კომუნიკაცია აქვს კოლეგებთან თეთრ სახლში.
- მოსმენა ტულსი გაბარდსა და დონალდ ტრამპის ურთიერთობაში მზარდი, საჯარო დაძაბულობის ფონზე გადაიდო.
Сontext: Politico-ს ცნობით, გასულ დღეებში გაბარდის გუნდი აქტიურად ცდილობდა პრეზიდენტის დარწმუნებას, რომ არ შეერთებოდა ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ. მსგავსი გზავნილი გააჟღერა ტულსი გაბარდმა საჯაროდ თავისი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოთი.
- წყაროების ცნობით, ამერიკელი პრეზიდენტი გაღიზიანებული დარჩა გაბარდის ქცევით - "უმჯობესი იქნება, თუ ტულსი თავის საქმეზე იქნება ფოკუსირებული, პრეზიდენტის აზრით, ის არც თუ ეფექტურად ასრულებს თავის ფუნქციას"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.