პუტინი უკრაინის ნეიტრალიტეტს და დონბასს ითხოვს, 'დათმობა' სამხრეთ ფრონტის გაყინვაა

ომის შესაჩერებლად ვლადიმირ პუტინი უკრაინის ნეიტრალიტეტს და დონბასიდან ჯარების გაყვანას ითხოვს, ასევე უკრაინამ უარი უნდა თქვას ქვეყანაში უცხოური ჯარების განთავსებაზე, "დათმობის" სახით ვლადიმირ პუტინი მზად არის გაყინოს ფრონტის ხაზი ქვეყნის სამხრეთში. 

State Of Play: ამის შესახებ ვითარებაში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს - სწორედ ეს მოთხოვნები წარუდგინა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ პრეზიდენტს, ალასკაში გამართულ სამიტზე. 

  • წყაროების ცნობით, ერთადერთი "კომპრომისი" პუტინის მხრიდან არის, რომ ის მზად არის ზაპორიჟიასა და ხერსონში ფრონტის ხაზი გაყინოს, ისიც იმ შემთხვევაში თუ უკრაინა დონეცკის ოლქიდან თავისი ჯარების გაყვანას დათანხმდება. 

  • პუტინი მზად არის უკრაინას ხარკივის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და მიკოლაივის ოლქის ოკუპირებული მცირე ტერიტორიები გადასცეს. 

  • რაც შეეხება მოთხოვნებს კრემლი კვლავ ითხოვს უკრაინის მხრიდან ნეიტრალიტეტის გამოცხადეს, ასევე ნატოს მხრიდან დაპირებას, რომ ალიანსი აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება და ასევე უკრაინაში უცხოური სამშვიდობო ძალების განლაგებაზე აკრძალვას. 

  • გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტი ითხოვს უკრაინის არმიის რიცხოვნებასა და შეიარაღების ტიპებზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას. 

Big Picture: ვოლოდიმირ ზელენსკის მრავალჯერ გამორიცხა რუსეთისთვის დამატებითი ტერიტორიების დათმობის შესაძლებლობა და განაცხადა, რომ ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებები ფრონტის არსებულ ხაზებს უნდა დაეყრდნოს. 

  • საოკუპაციო არმია ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებს, აქედან ლუჰანსკის ოლქის 99%-ს, დონეცკის ოლქის 76%-ს, ზაპორიჟიის ოლქის 73%-ს, ხერსონის ოლქის 70%-ს. 

  • რაც შეეხება იმ ოლქებს, რომელთა ოკუპირებული ნაწილის დაბრუნებაზეც პუტინი თანახმაა ყველაზე მეტ ტერიტორიას (4%-ს) რუსეთის არმია ხარკივის ოლქში აკონტროლებს, სუმის, მიკოლაივისა, დნეპროპეტროვსკის ოლქებში საოკუპაციო არმიის კონტროლქვეშ ოლქის ტერიტორიის 1%-ზე ნაკლებია. 

Сontext: ინდოეთის საგარე საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ არაორაზროვნად მიანიშნა, რომ უახლოეს მომავალში პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შეუძლებელია - მისი თქმით, გადასაჭრელია "ზელენსკის ლეგიტიმურობის საკითხი." 

  • დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება უკვე დაწყებულია - თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ შეთანხმება 18 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრის ფარგლებში შედგა. 

  • ასევე თითქმის ერთი კვირაა რუსეთის უარყოფს, რომ თანახმაა უკრაინისთვის ნატოს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელსაც ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების თქმით, პუტინი ალასკაში დათანხმდა. 

 

მსგავსი სიახლეები