გაზი, მხოლოდ რუბლებში - რას ცვლის პუტინის განკარგულება ევროპული კომპანიებისთვის?

ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც „არამეგობრულ ქვეყნებისთვის“ (აშშ, ევროკავშირი, სხვები) რუსული გაზის უცხოურ ვალუტაში მიყიდვას კრძალავს.

განკარგულების მიხედვით, დასავლურ კომპანიებს, რომლებსაც რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა სურთ, რუსულ სახელმწიფო ბანკ გაზპრომბანკში სპეციალური ანგარიშის გახსნა მოუწევთ.

შესყიდვის ახალი სქემის თანახმად, კომპანიებმა გაზპრომბანკში გახსნილ ანგარიშზე უცხოური ვალუტა უნდა გადარიცხონ, რომლითაც გაზპრომბანკი „შემსყიდველი კომპანიის დავალებით“ მოსკოვის ბირჟაზე რუბლებს შეისყიდის.

ვალუტის გადაცვლის კურსს გაზპრომბანკი განსაზღვრავს.

ამის შემდეგ გაზის შემსყიდველი კომპანია გაზპრომბანკის შეძენილი რუბლებით ბუნებრივი აირის საფასურს გადაიხდის.

პუტინის განკარგულება ძალაში 1 აპრილიდან შედის.

თუ შემსყიდველები 1 აპრილის შემდეგ გაზის შესყიდვას რუბლში არ განახორციელებენ, რუსეთი ამას კონტრაქტის დარღვევად ჩათვლის და მიწოდებას შეაჩერებს, ნათქვამია განკარგულებაში.

დასავლური ქვეყნები პუტინის მოთხოვნას კონტრაქტის პირობების დარღვევად აღიქვამენ და რუსეთს ენერგომატარებლებით შანტაჟში ადანაშაულებენ.

"დიდი შვიდიანის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ [კრემლის მოთხოვნა] არსებული შეთანხმებების აშკარა და ცალმხრივი დარღვევაა", - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებაზე სულ უფრო მეტს საუბრობენ.

დღეს რუსეთი ევროკავშირის ბუნებრივი აირის მოთხოვნილების 40 პროცენტს აკმაყოფილებს. 

მსგავსი სიახლეები